30 აგვისტოს, თბილისის მერიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა: „სამ წელიწადში დახარჯულია 235 მილიონი თბილისის მერიის თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. აქედან 137 მილიონი არის ხელფასები, პრემიები და დანამატები“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
თბილისის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის გამოყოფილმა თანხამ 76.3 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 8 მლნ ლარით ნაკლებია.
გამოყოფილი თანხებიდან 2015 წელს შრომის ანაზღაურების მუხლმა 42.3 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს მერიისა და მერიაზე დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლების ხელფასებზე გამოყოფილი თანხები 7 მლნ ლარით გაიზარდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონით კი 4 მილიონიანი შემცირებაა დაგეგმილი.
ჯამურად, 3 წლის განმავლობაში თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის გამოყოფილმა თანხამ 237 მლნ ლარი უნდა შეადგინოს. აქედან შრომის ანაზღაურების მუხლი 137 მლნ ლარს უტოლდება.
ცალკე აღებულ კეთილდღეობის ხარჯზე მსჯელობა მისი რეალური სიდიდის შესაფასებლად არ გამოდგება. ამისთვის საჭიროა თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოებისთვის გამოყოფილი თანხები თბილისის შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯებთან მიმართებით განვიხილოთ.
2015-2017 წლებში ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯის ბიუჯეტთან მიმართების ყველაზე მაღალი ნიშნული 2016 წელს დაფიქსირდა 11.5%-ის სახით. 2015 წლის მაჩვენებელმა 9% შეადგინა, ხოლო 2017 წლის პროგნოზის შესაბამისად, აღნიშნული ხარჯის მაჩვენებელი 10.6% იქნება, რაც გასული წლის მონაცემს ჩამოუვარდება და პოზიტიური ტენდენციის მანიშნებელია.
გრაფიკი 1: თბილისის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯების სტატისტიკა წყარო: ქ. თბილსის მერია თბილისის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებისთვის გამოყოფილი თანხები 2017 წელს ქალაქის მერიასთან დაკავშირებული სამსახურებისთვის გამოსაყოფი დაფინანსების კლებით შემცირდება. დაფინანსება შემცირებულია გამგეობებისთვის, სსიპ-ებისთვის, გამონაკლისია მხოლოდ უშუალოდ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაცია, იურიდიული საქალაქო სამსახური და კულტურის საქალაქო სამსახური. მათი დაფინანსება, შესაბამისად, 108, 200 და 30 ათასი ლარით გაიზრდება. ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორი იყო აღნიშნული ხარჯები თბილისის წინა ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ღია წყაროებში ხელმისაწვდომი არ არის. ამდენად, ჩვენ თბილისის მერიას შესაბამისი წერილით მივმართავთ და ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატიას განვაახლებთ.
დასკვნა თბილისის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებისთვის 2017 წელს 76.3 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 45.1 მლნ მერიასა და მასთან დაქვემდებარებულ სამსახურებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. ჯამურად, ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებისთვის 237 მლნ ლარი გამოიყო, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე 137 მლნ ლარი დაიხარჯა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაალ უდუმაშვილის განცხადება არის სიმართლე.
თეგები: