რეზიუმე: „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ევროპამ შხამიანი ქათმის კვერცხებით ნახევარი მსოფლიო მოწამლა. თუმცა, მედიასაშუალება ფაქტებს აზვიადებს და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ივლისში, ევროკავშირში ქათმის კვერცხებში მწერების საწინააღმდეგო ნივთიერების კვალი მართლაც აღმოაჩინეს, რასაც საკმაოდ დიდი სკანდალი მოყვა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, განადგურდა კვერცხის მარაგი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაბინძურებული კვერცხი შეიძლება მომხდარიყო. „საქართველო და მსოფლიო“, რომელიც მრავალჯერაა შემჩნეული ანტიდასავლურ პროპაგანდაში, ამჯერადაც აშკარაა, რომ მოწამლული კვერცხების შესახებ ამბავს განზრახ წარმოგვიდგენს გაზვიადებულად და, რაც მთავარია, სათაურით ავრცელებს სიცრუეს ადამიანების მოწამვლის შესახებ.
ანალიზი: ონლაინ მედიასააგენტო „საქართველო და მსოფლიომ“ 13 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „ევროპამ შხამიანი კვერცხებით ნახევარი მსოფლიო მოწამლა“. სტატიაში საუბარია ევროკავშირში ივლისში მომხდარ ფიპრონილით დაბინძურებული კვერცხის სკანდალზე. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ძირითად ნაწილში სააგენტო ობიექტურ ინფორმაციას გვთავაზობს, როგორც სათაური, ასევე სტატიის დასასრული მანიპულაციურია. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ სათაურში მოყვანილი ინფორმაცია, რომ ევროპამ კვერცხებით ნახევარი მსოფლიო მოწამლა მცდარი და გაზვიადებულია. 20 ივლისს მართლაც გავრცელდა ინფორმაცია ჰოლანდიაში არსებულ ფერმებში კვერცხში აღმოჩენილი ფიპრონილის შესახებ. აქვე განვმარტავთ, ფიპრონილი მწერების საწინააღმდეგო საწამლავია, თუმცა, ევროკავშირში აკრძალულია ამ საწამლავის გამოყენება ისეთ ცხოველებში, რომლებსაც ადამიანი საკვებად მოიხმარს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მაშინვე მოხდა ჰოლანდიაში არსებული 180 ფერმის დახურვა. გამოძიება მიმდინარეობს ასევე ბელგიაში არსებული კომპანიის Poultry Vision-ის წინააღმდეგ, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული ნივთიერება მიყიდა ჰოლანდიურ საფრინველო კომპანიას. კვერცხები, რომელშიც ფიპრონილის ნივთიერება აღმოაჩინეს გავრცელდა 40-45-მდე ქვეყანაში, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, ასევე არიან აშშ, რუსეთი, ჰონგ-კონგი, სამხრეთ აფრიკა და სხვ. მოწამლული კვერცხების სავარაუდო წყარო, ფორბსის თანახმად, არიან: ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი და გერმანია. ბელგიას ასევე ედავებიან, რომ მან წევრ სახელმწიფოებს დაგვიანებით შეატყობინა კვერცხში ფიპრონილის არსებობის შესახებ. მოწამლული კვერცხის სკანდალის აღმოჩენისთანავე რიგ სახელმწიფოებში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში მთლიანად განადგურდა მაღაზიებში არსებული კვერცხების მარაგი. 2 ადამიანი უკვე დაკავებულია ამ საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული ამბის შესახებ შეიკრიბა ევროპარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი. 29 სექტემბრისთვის დაგეგმილია ევროკომისიის შეხვედრა მინისტრებთან, სადაც კომისიის საკვების უსაფრთხოების დირექტორის თქმით „მხოლოდ სიტყვიერი შერცხვენა და დადანაშაულება არ მოხდება“. მთავარი დეტალი, რაც სამწუხაროდ „საქართველო და მსოფლიომ“ მცდარად წარმოაჩინა სათაურში, არის ის, რომ კვერცხებმა ნახევარი მსოფლიო მოწამლა. სინამდვილეში ინციდენტის შედეგად არ დაფიქსირებულა ადამიანთა მოწამვლის ფაქტი. ასევე გაურკვეველია, რატომ თვლის მედიასააგენტო, რომ მოწამლულ კვერცხებთან დაკავშირებით „კრებამ შედეგი არ გამოიღო“. აშკარაა, რომ როგორც სათაურით, ისე ტექსტის შინაარსით მედიასაშუალება ცდილობს, წარმოადგინოს თითქოს ევროპამ მოწამლა ნახევარი მსოფლიო და დანაშაულს არ მოყოლია ადეკვატური რეაგირება, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, მცდარია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის საკვების უვნებლობის სისტემა აქვს. ნებისმიერი რისკი საკვების უვნებლობასთან დაკავშირებით ფიქსირდება საკვებისა სწრაფი საგანგაშო სისტემით (RASPP), რომელიც უზრუნველყოფს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდეს. სწორედ ამ სისტემით მოხდა დაბინძურებული კვერცხის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, ევროკავშირში არსებობს საკვების უსაფრთხოების სააგენტოც, რომელიც სამეცნიერო კვლევებს ატარებს საკვების უვნებლობასთან და რისკებთან დაკავშირებით. საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ საკვების უვნებლობაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში სავალდებულო სერთიფიცირება და ევროპული სტანდარტები დაინერგება.
თეგები: