იტვირთება

2013

წლის 14 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშით წარსდგა. ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, მინისტრმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, მას შემდეგი კითხვა დაუსვა: „რით ახსნით სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს, რომელიც 2013 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის სტატისტიკასა და ბიზნეს-სექტორის ბრუნვის შემცირებას ეხება?“

ამ კითხვაზე პასუხისას ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემების შედარება ოპოზიციის მიერ არასწორად ხდება და ისინი ერთმანეთს პირველი და მეოთხე კვარტლის მონაცემებს ადარებენ. მინისტრმა განაცხადა: „არ შეიძლება სამშაბათი და შაბათი ქორწილების რაოდენობით ერთმანეთს შედარდეს, სამშაბათი უნდა შეადარო სამშაბათს, შაბათი შაბათს. პირველი და მეოთხე კვარტალი ერთმანეთთან არ შედარდება. ეს არ შეიძლება, იმიტომ, რომ მეოთხე კვარტალში არის უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა. მართალია, 2013 წლის პირველი კვარტალი სახარბიელო არ იყო, მაგრამ სამუშაო ადგილების რაოდენობა წელს პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 15 000–ით“.

ნოდარ ხადურმა არგუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი და მეოთხე კვარტალი ერთმანეთთან არ უნდა შედარდეს, რადგან მეოთხე კვარტალში ბრუნვა პირველ კვარტალთან შედარებით მეტია, შემდეგი განცხადებით გაამყარა: „2012 წლის პირველ კვარტალში, 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, სამუშაო ადგილები 33 000–ით არის შემცირებული. ასე რომ, პირველი და მეოთხე კვარტლები შედარებადი არ არის.“

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ნოდარ ხადურის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ გააჩნია სეზონური ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა (ან ნებისმიერ სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნოდარ ხადურის მიერ გაჟღერებული პოზიცია კვარტლების შედარების შესახებ, მართებულია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის პირველ კვარტალში,  ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 485 700 ადამიანს შეადგენდა. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 470 000–ს უდრიდა. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 15 700-ით მართლაც გაიზარდა.

 cxrili

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განცხადების მეორე ნაწილს, მისი გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2011 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 379 200–ს შეადგენდა, ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 470 000–ს უდრიდა.

ამ სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლის პირველ კვარტალში, 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ 90 800–ით გაიზარდა.

diagrama

იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე კვარტალში ბიზნეს აქტივობა უფრო მაღალია პირველ კვარტალთან შედარებით, როგორც წესი, მეოთხე კვარტლის ეკონომიკური მონაცემები პირველი კვარტლის მონაცემებზე უმეტესწილად მეტია. შესაბამისად, 2012 წლის პირველ კვარტალში 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით სამუშაო ადგილების 90 800-ანი ზრდა არარეალურად მაღალი გვეჩვენა და ეს მონაცემები "საქსტატში" გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან "საქსტატმა" ბიზნეს–სექტორის დაანგარიშების კუთხით კვლევის არეალი გააფართოვა და საწარმოთა მოცვის ხარისხი გააუმჯობესა; 40 000–ის ნაცვლად გამოიკვლია 60 000 საწარმო, განაახლა ბიზნეს-რეგისტრი და დაიწყო თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან.

კვლევის გაუმჯობესებული ხერხების შედეგად „საქსტატმა“ შეძლო აღერიცხა გაცილებით მეტი დასაქმებული ადამიანი, ვიდრე ამას მანამდე აკეთებდა. გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლიდან "საქსტატი" ახალ მეთოლოგიას იყენებს, ამ მეთოდოლოგიით დათვლილი სამუშაო ადგილების ამსახველი მონაცემები ვერ შედარდება ძველი მეთოდოლოგიით დათვლილ მონაცემებთან. ახალი მეთოდოლოგიით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღრიცხავს იმ დასაქმებულ ადამიანებსაც, რომლებიც შეიძლება 2012 წლამდეც მუშაობდნენ, თუმცა ძველი მეთოდოლოგიით უწყებას მათი აღრიცხვა არ შეეძლო. სწორედ ამიტომ, არც ჩვენ და არც "საქსტატს" არ ძალგვიძს ზუსტად ვთქვათ დასაქმებულთა რაოდენობის 90 800-ით ზრდის რა ნაწილია ახალი მეთოდიკის გამოყენების დამსახურება. ამ ფაქტორის გამო, 2012 წლის პირველი კვარტლისა და 2011 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემთა შედარება შეუძლებელია. დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა იყო თუ კლება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინანსთა მინისტრს სცოდნოდა 2012 წლის პირველ კვარტალში 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ნამდვილად შემცირდა თუ არა დასაქმებულთა რაოდენობა. ჩვენი ეს მოსაზრება შემდგომი ფაქტითაც მყარდება:

ნოდარ ხადურის განცხადების მეორე ნაწილის უზუსტობა, როგორც ჩანს, იმან გამოიწვია, რომ მან ერთმანეთს 2012 წლის პირველი კვარტლისა და მთელი 2011 წლის საშუალო, [503 236 დასაქმებული] და არა მხოლოდ მეოთხე კვარტლის მონაცემები შეადარა, რის შედეგადაც მიიღო მის მიერ დასახელებული სხვაობა - 33 000 სამუშაო ადგილი (დასაქმებულთა წლიური საშუალო რაოდენობა წარმოადგენს კვარტალური ან თვიური მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს). იმის გამო, რომ "საქსტატმა" 2011 წლის დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 2012 წლის მიმდინარეობისას დაითვალა, ისინი ახალი მეთოდოლოგიითაა დათვლილი და ბევრად აღემატება 2011 წელში დეკლარირებულ კვარტალურ მონაცემებს.

დასკვნა

ნოდარ ხადურის განცხადების გადამოწმების შედეგად, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 700–ით მართლაც გაიზარდა. უზუსტობა მინისტრის განცხადების მეორე ნაწილში აღმოჩნდა. მისი თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის პირველ კვარტალში 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 33 000–ით შემცირდა. 2011 წლის მეოთხე და 2012 წლის პირველი კვარტლების შედარებისას, დასაქმებულთა რაოდენობის 33 000–ანი კლება არ დასტურდება. ჩვენი ვარაუდით, მინისტრმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთელი 2011 წლის საშუალო და 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემები შეადარა (თუმცა განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთმანეთს 2011 წლის მეოთხე და 2012 წლის პირველ კვარტლებს ადარებდა) და შედეგად 33 000–ანი კლება მიიღო, რასაც ზემოთ მოყვანილი ციფრებიც მოწმობენ.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „სამუშაო ადგილების რაოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15 000–ით არის გაზრდილი, ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში, 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 33 000–ით არის შემცირებული,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი