კალაძემ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2013 წლის 12 ივლისს პარლამენტმა საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონებში ცვლილებების შეტანით მიიღო. ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრა. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება აიკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში 2013 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის შემდეგ საჯარო ბაღებში ადგილების პრობლემა შეიქმნა. რეგისტრაციის მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, საბავშვო ბაღებმა კი გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს. შედეგად, ბავშვების გარკვეული ნაწილი სასურველ საბავშვო ბაღში ვერ დარეგისტრირდა, ნაწილმა კი რეგისტრაცია საერთოდ ვერ შეძლო. ამასთან, ცალკე პრობლემა იყო საბავშვო ბაღებში ჯგუფებში ბავშვების დიდი რაოდენობა (დაახლოებით 40 ან მეტი ბავშვი ჯგუფში). აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2013წლის შემდეგ თბილისში 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა. აქედან, 7 საბავშვო ბაღი აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წელს, 5 საბავშვო ბაღი კი - მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
- №128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი პირველი იყო, რომელიც 2016 წლის იანვარში, მოსკოვის გამზირზე გაიხსნა, საბავშვო ბაღი 500 ბავშვზეა გათვლილი.
- 2016 წლის მაისში ზემო ფონიჭალაში №206-ე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, სადაც 300-მდე აღსაზრდელია.
- 2016 წლის მაისში, გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე N35-ე ბაგა-ბაღი გაიხსნა, რომელიც დაახლოებით 400 ბავშვზეა გათვლილი.
- 2016 წლის ივნისში, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე N25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა. 2016 წელს აღსაზრდელთა რაოდენობა 350 იყო.
- 2016 წლის სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა N37-ე ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, ონიაშვილის ქუჩაზე. გასული წლის მონაცემებით, საბავშვო ბაღში რეგისტრირებული იყო 500-მდე აღსაზრდელი.
- 2016 წელს სექტემბერში კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩაზე გაიხსნა N20-ე ბაგა-ბაღი, სადაც დაახლოებით 250 აღსაზრდელია. №20 საბავშვო ბაგა-ბაღი მანამდეც ფუნქციონირებდა, თუმცა ბაღის შენობა 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაზიანდა და ნაქირავებ შენობაში იყვნენ.
- 2016 წლის ოქტომბერში მიტინგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ბაღი 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ.
- 2017 წლის სექტემბერში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შევა ექსპლუატაციაში: N33-ე ბაგა-ბაღი ვაშლიჯვარში, N74-ე ბაგა-ბაღი გამსახურდიას გამზირზე, „წინუბნის“ საბავშვო ბაღი სოფელ წინუბანში, N69-ე ბაგა-ბაღი ჩიტაიას ქუჩაზე და N113-ე ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩაზე.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2017 წელს დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ფონიჭალაში და დაბა წყნეთში. დანარჩენი 11 ბაღის მშენებლობა კი მომავალ წელს დასრულდება. ახალი ბაღები აშენდება: სოფელ გლდანში, სოფელ დიღომში, სამგორში ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩუღურეთში პალიასტომის ქუჩაზე, დიდუბეში ზუგდიდს ქუჩაზე, ნუცუბიძის IV მ/რ-ში, დიღმის III მ/რ-ში, დიღმის IV მ/რ-ში, გლდანის III მ/რ-ში და ნაძალადევში გურამიშვილის გამზირზე.
საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის შემდეგ ბაღებში ბავშვების რაოდენობა 7 346-ით არის გაზრდილი. 2017 წლის ივნისის მონაცემებით, საჯარო ბაღებში 59 572 ბავშვი იყო რეგისტრირებული.
ცხრილი 1:საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა თბილისის მასშტაბით
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
ბავშვების რაოდენობა | 52 226 | 56 150 | 58 732 | 59 572 |
საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს იწყება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივლისში დაიწყო. ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის საჯარო ბაღებში 54 699 ბავშვია რეგისტრირებული. რეგისტრაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ბაღების უმეტესი ნაწილი უკვე შევსებულია.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ბაღებში თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის, წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, მშობლების გარკვეულმა ნაწილმა სასურველ ბაღებში ვერ დაარეგისტრირეს ბავშვები. პრობლემად რჩება გადავსებული ჯგუფები. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე საჯარო ბაღს, 3 წლიდან და ზევით ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 40-ია, ზოგ შემთხვევაში მეტიც.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონისთანახმად, 2-3 წლამდე ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს, 3-დან ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი 30-ს. კანონის აღნიშნული მუხლი 2017 წლის 1 აპრილიდან ეტაპობრივად და 2020 წლის 1 აპრილში სრულად ამოქმედდება.
დასკვნა 2013წელს საბავშვო ბაღებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასური აიკრძალა. გადასახადის აკრძალვამ საჯარო ბაღებზე მოთხოვნა გაზარდა. შედეგად, შეიქმნა საჯარო ბაღებში ადგილების პრობლემა, ბავშვების გარკვეული ნაწილი რეგისტრაციის გარეშე დარჩა. მეორე პრობლემა, გადავსებული ჯგუფები (ბავშვების დიდი რაოდენობა ერთ ჯგუფში) იყო. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის აუცილებლობა დადგა.
2013წლის შემდეგ თბილისში 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა. აქედან 7 საბავშვო ბაღი აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წელს, 5 საბავშვო ბაღი კი მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში. ამასთან, 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ორი მათგანის მშენებლობა 2017 წელს, დანარჩენი 11 ბაღის მშენებლობა კი მომავალ წელს დასრულდება.
საჯარო ბაღებში ადგილების რაოდენობა და აღსაზრდელთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, მშობლების გარკვეულმა ნაწილმა ბავშვი სასურველ ბაღში (ტერიტორიული სიახლოვის თუ სხვა მიზეზის გამო) ვერ დაარეგისტრირა. ამასთან, საჯარო ბაღებში ჯგუფში ბავშვების რაოდენობა კვლავ მაღალია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.