„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მთაწმინდაზე მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და კრიზისების მართვის საბჭოს ბრალი უმოქმედობასა და არაეფექტურ საქმიანობაში დასდო: „რეალურად, კრიზისების მართვის საბჭო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს წარმოადგენს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3.5 მილიონი უჯდება და აქედან 2.5 მილონი მხოლოდ სახელფასო ფონდია. უწყებაში 78 ადამიანია დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი, უპრეცედენტოდ მაღალი, 2 600 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014წლის 1 იანვარს შეიქმნა და პრემიერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომლის მიზანია სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხისშემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცით, 2017წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბიუჯეტმა 3.6 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს უწყების ბიუჯეტი 5.2 მლნ ლარი იყო, 2015 წელს კი 6.9 მლნ ლარი. როგორც მოცემული ინფორმაციით ირკვევა, 2015 წლიდან დღემდე კრიზისების მართვის საბჭოს დაფინანსება ყოველწლიურად მცირდებოდა. ფაქტ-მეტრმა 2014 წლის ანალოგიური მაჩვენებელი ღია წყაროებში ვერ მოიპოვა. ამ ინფორმაციის გასაგებად ჩვენ უშუალოდ საბჭოს აპარატს დავუკავშირდით, თუმცა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ეს მონაცემები წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფაქტ-მეტრი სტატიას განაახლებს.
2017წლის მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში 78 ადამიანია დასაქმებული, სახელფასო ფონდი კი 2.5 მლნ ლარს შეადგენს. 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ჯამში, უწყება 15.7 მლნ ლარით დაფინანსდა.
ცხრილი 1:
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბიუჯეტი, 2015-2017 წლები (ათასი ლარი)
2015 წელი | 2016 წელი | 2017 წელი | |
ჯამი | 6 851 | 5 200 | 3 600 |
მომუშავეთა რიცხოვნობა | 81 | 81 | 78 |
შრომის ანაზღაურება | 2 361 | 2 781 | 2 500 |
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის N86 დადგენილება განსაზღვრავს კრიზისების მართვის საბჭოს საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რის მიხედვითაც, აღნიშნულ უწყებაში მინიმალური ხელფასი 1 100 ლარია, ხოლო საშუალო ხელფასი დაახლოებით 2 116 ლარი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის - მინდია ჯანელიძის თანამდებობრივი სარგო 3 200 ლარია, მისი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის ხელფასი 2 950, ხოლო მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ჭიკაიძის ხელფასი 2 925 ლარია. ამას გარდა, მინდია ჯანელიძეს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზაალ უდუმაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს უმოქმედო უწოდა, რადგან, მისი აზრით, ისინი ხანძრების ლიკვიდაციის სამუშაოებში დროულად ვერ ჩაერთნენ. რამდენად ეფექტურად მუშაობს კრიზისების მართვის საბჭო, ამის შეფასებაში ფაქტ-მეტრი არ შედის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამსახურის ტრანსფორმაციასა და ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებთან მეტად დაახლოების საჭიროებაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმაც ისაუბრა. დასკვნა
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს კრიზისების მართვის საბჭოს ბიუჯეტმა 3.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 2.5 მლნ ლარი შრომის ანაზღაურების ფონდზე მოდის. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის N86 დადგენილებით, კრიზისების მართვის საბჭოს საშტატო ნუსხის მიხედვით, უწყებაში მინიმალური ხელფასი 1 100 ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასი კი 2 116 ლარია.
რაც შეეხება ბოლო წლების მანძილზე ბიუჯეტიდან ამ უწყების დაფინანსებას, 2015-2017 წლებში, ჯამში, საბჭო 15.7 მლნ ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება 2014 წელს, ფაქტ-მეტრმა აღნიშნული წლის ზუსტი ბიუჯეტი ღია წყაროებში ვერ მოიპოვა. საბჭოს აპარატიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ სტატიას განვაახლებთ. თუმცა, 2015-2017 წლების ბიუჯეტების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ დაარსების დღიდან 2017 წლის ჩათვლით კრიზისების მართვის საბჭოზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში მართლაც 20 მლნ გამოიყო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაალ უდუმაშვილის განცხადება არის სიმართლე.