„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან თუ სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოს პირდაპირი დაფინანსება გასცდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. მაგალითისთვის, მათ თბილისის საკრებულოს მხრიდან საპატრიარქოსთვის სიმბოლურ ფასად მიწების აქტიური გადაცემა მოჰყავთ. პარტიის ცნობით, 2017 წლის იანვრიდან ივლისამდე საპატრიარქოს 16 590 კვ.მ ფართობის მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)" კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების ძირითად ნაწილს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები იღებენ. აღნიშნული მატერიალური დახმარება მოიცავს როგორც ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას, ისე სარეზერვო ფონდებიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან თანხებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემას. კვლევების მიხედვით, 2002 წლიდან 2009 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, 2009 წლიდან კი ეს დაფინანსება სტაბილურად, საშუალოდ 25 მილიონს ითვალისწინებს.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული თანხის ოდენობა, 2002-2105 წლები
წყარო: EMC
გარდა ფინანსური დახმარებისა, საპატრიარქოს სახელმწიფოს მხრიდან სრულიად უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. 2014 და 2015 წლებში, ჯამში, საპატრიარქოს გადაეცა 345 454.83 კვ.მ და 568 060 კვ.მ მიწის ფართობი (გვ. 28).
EMC-ის კვლევაში (გვ. 10) ვკითხულობთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ფიქსირდება 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ (1 674.3 ჰა).
თბილისის საკრებულოს დადგენილებების მიხედვით კი, 2016 წელს, ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით 164 506 კვ.მ დაემატა, 2017 წლის პირველ შვიდ თვეში კი 16 590 კვ.მ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ახალი ეკლესიების მშენებლობისთვისაა მოთხოვნილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საპატრიარქოსთვის გადაცემული სიკეთეების მიზნობრიობის განსაზღვრა. EMC-ის კვლევების შედეგად გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას მოგების მიღების მიზნით იჯარით გასცემს. გარდა ამისა, 2017 წლის უკანასკნელი მონაცემებით, მიზნობირობის გარეშე, საკრებულოს მხრიდან საპატრიარქოს აპრილის თვეში გადაეცა 850 კვ.მ ფართობი, მოგვიანებით, 2017 წლის ივნისში ასევე ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 4 339 კვ.მ, რომელიც სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო საპატრიარქომ. ხოლო, საკრებულოს 14 ივლისის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მიზნობრიობის მითითების გარეშე, კიდევ სამი მიწის ნაკვეთი გადაეცა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, საპატრიარქოსთვის თბილისში მიწების გადაცემა მასობრივი არ არის და მას მიწები იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაა.
დასკვნა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებების მიხედვით, 2016-2017 წლებში, საპატრიარქოს მხოლოდ დედაქალაქში გადაეცა 181 096 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აქედან 2016 წელს 164 506 კვ.მ, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ივლისამდე - 16 590 კვ.მ.
შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტიის" განცხადება არის სიმართლე.