2017

წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ბათუმს ახალი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეყოლება. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, თვალი გადაავლოს 2014-2017 წლებში მერიასა და საკრებულოში მომუშავეთა რიცხოვნობას და მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების სტატისტიკას.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით (იხ. ბმული 1; ბმული 2), 2014 წელს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურების საერთო თანხა 7 301 229 ლარს შეადგენდა (მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული პარამეტრები განსხვავდება ბიუჯეტის ფაქტობრივი მაჩვენებელისგან). ორივე უწყებაში დასაქმებული იყო 527 ადამიანი. 2015 წელს მერიასა და საკრებულოში მუშაობდა 317 ადამიანი, მათი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა

კი 5 482 400 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს უშუალოდ მერია-საკრებულოში დასაქმებულთა რიცხვი უცვლელია, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია და 6 152 201 ლარს შეადგენს.

ცხრილი 1:

ბათუმის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება (ლარი), 2014-2016 წლები

წელი                        2014                         2015                     2016
შრომის ანაზღაურება ხელფასი დანამატი პრემია ხელფასი დანამატი პრემია ხელფასი დანამატი პრემია
საკრებულო  450 623      - 329 772 556 334     - 311 118 567 995 23 604 277 244
მერია 3 769 801 2 713 562 37 473 3 023 317 671 545 886 757 3 084 278 1 317 299 881 781
სულ (მერია-საკრებულო)                  7 301 230                  5 449 071                   6 152 201
წყარო: ბათუმის მერია და საკრებულო (იხ. ბმულები: 1, 2, 3, 5

რაც შეეხება 2017 წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში მერიასა და საკრებულოში მომუშავეთა (317 ადამიანი) შრომის ანაზღაურებისთვის დაგეგმილია 6 331 700 ლარი, საიდანაც 1 150 000 საკრებულოში, ხოლო 5 181 700 ლარი მერიაში დასაქმებულების ანაზღაურებაზე დაიხარჯება. უკვე გაცემული ანაზღაურების მაჩვენებლები კი, იანვარ-ივნისის ჩათვლით, ასე გამოიყურება:

  ცხრილი 2:

ბათუმის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება (ლარი) 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით (იანვარი-ივლისი)

შრომის ანაზღაურება ხელფასი დანამატი პრემია
მერია 1 502 443 681 298 245 350
საკრებულო    336 802   86 192 109 120
სულ 1 839 245 767 490 354 470
წყარო: ბათუმის მერია და საკრებულო (იხ. ბმულები 4, 5

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დანამატის სახით 16 535 ლარი, ხოლო პრემიის სახით 2 945 ლარი აიღო. ჯამში, ქალაქის მერის შრომის ანაზღაურებამ 42 101 ლარი შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარემ კი ექვს თვეში (ირაკლი ჭეიშვილი ანაზღაურებას ივლისიდან იღებს) 20 039 ლარი აიღო, აქედან 12 339 ლარი - ხელფასი, ხოლო 7 700 ლარი - პრემია.

2015

წელს გიორგი ერმაკოვს დანამატი არ აუღია, თუმცა 10 380 ლარით მეტი ხელფასი და 3 930 ლარით მეტი პრემია აიღო (2014 წელს, საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, მას თანამდებობაზე ყოფნა სამი თვით შეუწყდა და განსხვავება ამ ფაქტს უნდა დავუკავშიროთ). ჯამში, ქალაქის მერის შრომის ანაზღაურება 39 875 ლარია, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 226 ლარით ანუ 5.29%-ით ნაკლებია. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მისი ხელფასის წლიური მოცულობა - 26 400 ლარი, ხოლო პრემია 15 840 ლარი იყო, ანუ ირაკლი ჭეიშვილმა ჯამში 42 240 ლარი აიღო.

გასულ წელს კი ქალაქის მერის შრომის ანაზღაურება 38 500 ლარი იყო, რაც წინა საანგარიშო პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს 1 375 ლარით ანუ 3.45 %-ით ჩამორჩება. ირაკლი ჭეიშვილმა სექტემბრამდე 29 652 ლარი აიღო (აქედან 11 352 ლარი - პრემია),  2016 წლის სექტემბრიდან კი საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძეა, რომელსაც 2016 წელს 35 286 ლარი დაერიცხა, აქედან 11 548 ლარი პრემიის სახით. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ სამ თვეში ანაზღაურების სახით 7 700  ლარი აიღო. საერთო ჯამში, საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებისთვის 37 352 ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

მიმდინარე წლის შვიდ თვეში საკრებულოს თავმჯდომარემ 23 980 ლარის ოდენობის ანაზღაურება აიღო, აქედან 8 580 ლარი პრემიის სახით, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220 ლარით ნაკლებია. ბათუმის მერის შემოსავალმა კი შვიდ თვეში 19 250 ლარი შეადგინა, საიდანაც 2 750 ლარი პრემიის სახით აიღო.

კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მერია-საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება და მომუშავეთა რიცხოვნება შემცირებულია. შემდეგ წლებში კი, მართალია, კონკრეტულად ქალაქის მერისა და საკრებულოს თვმჯდომარის შრომის ანაზღაურების დინამიკა კლებადია, მაგრამ 2016 წელს შრომის ანაზღაურების საერთო მაჩვენებელი იმატებს. ხოლო, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ანალოგიური მონაცემი 6 331 700 ლარს აღწევს.