„ქუთაისში, ყოველთვიურად, გადაუხდელობის გამო 900-მდე აბონენტს ეჭრება გაზი. ამ ფონზე ტარიფის გაძვირება არის დანაშაული ერის წინაშე. ამას გარდა, დანაშაული არის ის, რომ რეგიონში გაზის ტარიფი უფრო გაძვირდა, ვიდრე თბილისში“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ფუნქციებში შედის. საქართველოში გაზის განაწილება-მიწოდებას რამდენიმე კომპანია ახორციელებს. თბილისში ეს ძირითადად „ყაზტრანსგაზ თბილისის“, ხოლო რეგიონებში „საქორგგაზისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ მეშვეობით ხდება. სწორედ ამ კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე მარეგულირებელმა კომისიამ 2017 წლის 18 ივლისს გაზის მიწოდება-განაწილების ახალი ტარიფი დაადგინა, რომელიც ძალაში 20 ივლისიდან შევიდა.
ახალი ტარიფის მიღებამდე, გაზის საფასური თბილისსა და რეგიონებში სემეკ-ის 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით იყო განსაზღვრული. თბილისისთვის დამტკიცებული ძველი ტარიფი 52.62 თეთრს შეადგენდა,თუმცა, 2013 წლიდან, გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თბილისელებს 1 კბმ-ზე 45.62 თეთრის გადახდა უწევდათ. რეგიონებში, „საქორგგაზის“ მომხმარებლები საშუალოდ 48.324 თეთრს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტები კი 48.254 თეთრს იხდიდნენ.
ახალი ტარიფისმიხედვით, რომელიც ძალაში 2017 წლის 20 ივლისიდან შევიდა, თბილისის მომხმარებლებს გაზის საფასური 46.153 თეთრამდე, „საქორგაზის“ აბონენტებს 57.011 თეთრამდე, ხოლო „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებს 56.940 თეთრამდე გაუძვირდათ.
გაზის გამანაწილებელი კომპანია | ძველი ტარიფი (თეთრი) | ახალი ტარიფი (თეთრი) | სხვაობა (თეთრი) |
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ | 45.620 | 46.153 | +0.533 |
“საქორგგაზი“ | 48.314 | 57.011 | +8.797 |
„სოკარ ჯორჯია გაზი“ | 48.254 | 56.940 | +8.686 |
ქუთაისის მომხმარებლებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ უწევს ოპერირებას, შესაბამისად, აქაურ აბონენტებს თითქმის 9 თეთრით გაეზარდათ გაზის საფასური. დაახლოებით იმავე ოდენობით გაიზარდა საფასური სხვა რეგიონების მომხმარებლებისათვის. თბილისში კი, გაზის საფასურმა დაახლოებით ნახევარი თეთრით მოიმატა.
ქუთაისში გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო რამდენი აბონენტის გათიშვა ხდება ქსელიდან, ამ ინფორმაციის მოწოდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ ვთხოვეთ. მიღებული ინფორმაციითირკვევა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში (08.2016 - 07.2017) ქუთაისის მასშტაბით მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადაუხდელობის გამო აირის მიწოდება სულ 13 400 აბონენტს შეუწყდა, აქედან 12 970 არაკომერციული მომხმარებელია (ფიზიკური პირი, მოსახლეობა). გამოდის, რომ ბუნებრივი აირის მომხმარებელი ქუთაისის მოსახლეობიდან თვეში საშუალოდ 1 080 აბონენტი ვერ ახერხებს გაზის საფასურის დროულად გადახდას, რის გამოც მათ ეზღუდებათ გაზის მიწოდება. ასეთმა აბონენტებმა, დავალიანების გადახდის შემდეგ, ქსელიდან ჩაჭრა-აღდგენისთვის დამატებით 5 ლარი უნდა გადაიხადონ.
დასკვნა
მარეგულირებელი კომისიის მიერ ბუნებრივი აირის ძველი ტარიფი მიმდინარე წლის ივლისში გადაიხედა და დადგინდა ახალი ტარიფი, რომლის მიხედვითაც საფასური რეგიონებისა და თბილისისათვის სხვადასხვა ნიშნულით გაიზარდა – რეგიონებში (მათ შორის ქუთაისშიც) ბუნებრივი აირი თითქმის 9 თეთრით, ხოლო თბილისში 0.5 თეთრით გაიზარდა.
ყოველთვიურად, გადაუხდელობის გამო, ქუთაისში არსებული აბონენტებიდან საშუალოდ 1 080-ს ეზღუდება ბუნებრივი აირის მიწოდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგი წულაიას განცხადება არის სიმართლე.