„გვაქვს ჩვენ პროექტები, რომლებიც ხელსშეუწყობს ბიზნეს გარემოს შეცვლას და სამუშაო ადგილების შექმნას“.
არჩევნები ჯიქიასთვის წარმატებული აღმოჩნდა, რუსთავის მერი სწორედ ის გახდა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეასრულა თუ არა დაპირება დავით ჯიქიამ.
მერის თქმით, სამუშაო ადგილების შესაქმნელად მერიის ახალგაზრდულმა ცენტრმა 300-მდე ადამიანი გადაამზადა, მათ კერვა ასწავლესდა სხვადასხვა მცირე საწრმოებში დაასაქმეს. „კონკრეტულად დასაქმებულთა რაოდენობა არ ვიცი, რადგან იყო შემთხვევები, რომ ადამიანს არ მოეწონა პირობები, ან სახლში გადაწყვიტა მუშაობა. აქ მთავარი იყო ახალი სპეციალობა მიგვეცა ადამიანისთვის, რათა მას დასაქმების მეტი შანსი ჰქონოდა“.
ასევე, ჯიქია აცხადებს, რომ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მაქსიმალურად უწყობს ხელს ბიზნესს. „თუნდაც ავიღოთ „მაკდონალდსი“. სხვა ქალაქებმა მიწა მათ საბაზრო ფასად შესთავაზეს, ჩვენ კი, იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეგვექმნა, მიწა ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით და შემდეგ ერთ ლარად, ჩვენი თანხმობით გადასცეს „მაკდონალდსს“. ჩვენ მათ პირობაში ჩავუდეთ, რომ რუსთაველი ახალგზარდები უნდა დაესაქმებინათ. ჩვენ კი, ჩვენი ბიუჯეტით „მაკდონალდსის“ უკან არსებული შენობების ფასადები მოვაწესრიგეთ“.
ჩვენთან საუბარში დავით ჯიქიამ ასევე აღნიშნა, რომ მერიამ გზა დაუგო და კომუნიკაციების გაყვანის კუთხით დაეხმარა ახალ საწამოს „ინტერნატების“ დასახლებაში. ასევე, ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად ქალაქში ორი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მისი აზრით, სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით, რუსთავში ერთი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და ერთიც ახლა შენდება. „27 წლის განმავლობაში არ აშენებულა ამ ქალაქში არცერთი კორპუსი, ახლა კი შენდება, როგორც მოგახსენეთ“, - აცხადებს რუსთავის მერი.
კითხვაზე, რა პროექტები განახორციელეს სამუშაო ადგილების შექმნის წახალისების მიზნით, რუსთავის მერიიდან გვწერენ:„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქალაქ რუსთავში ახალი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაციას. 2014-2017 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციისთვის 27 400 000 ლარი, სახურავების გადახურვაზე 4 100 000, გარე განათებაზე 497 000 ლარი. აღნიშნული წარმოადგენს ქალაქში ინვესტორების დაინტერესებისა და ახალი ინვესტიციების განვითარების წინა პირობას“.
გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ 2014 წლიდან დღემდე 104 უძრავი ქონების გასხვისება მოხდა სხვადასხვა ვალდებულებებით. ასეთი ობიექტების სიაშია რუსთავის შარტავას გამზირზე 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისება, სადაც მყიდველის ვალდებულებაში შედის შესყიდულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს მრავალბინიანი საცხოვრებელი, განახორციელოს არანაკლებ ხუთ მილიონიანი ინვესტიცია და მშენებლობის პროცესში დაასაქმოს არანაკლებ 50 ადამიანი. ასევე, 2017 წელს ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული ქონება - კერძოდ ერთი ერთეული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები აუქციონის გზით შეიძინა შპს „მეტალო ინვესტმა“. კომპანიისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემდეგი ვალდებულებები: შენობის რეაბილიტაცია, ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია და მინიმუმ 30 ადამიანის დასაქმება. რუსთავის მერიის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამავე ვალდებულების დაკისრების პრინციპით, აუქციონის წესით გასხვისდა რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მდებარე 1 373 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტი“ აშენდა. მიუხედავად ამ კონკრეტული მაგალითებისა, იმის ცალსახად თქმა, რომ რუსთავში მერის არჩევის შემდეგ დასაქმების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა რთულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,რომელიც მხოლოდ 2015-2016 წლების სტატისტიკას მოიცავს, რუსთავში, ბიზნეს სექტორში 2015 წელს 19 561, ხოლო 2016 წელს 19 646 ადამიანი იყო დასაქმებული. უცნობია ჯიქიას არჩევამდე ამ მიმართულებით რა სურათი გვქონდა. რაც შეეხება ინფორმაციას რუსთავში მოქმედ საწარმოებზე, მონაცემები ასეთია:
გრაფიკი 1:
რუსთავში მოქმედ საწარმოთა რაოდენობა, 2011-2017 წლები
როგორც ვხედავთ, საწარმოთა რიცხვი რუსთავში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ცალსახად იმის თქმა, რომ რუსთავში 2014 წლიდან დღემდე დასაქმების მიმართულებით გარემო შეიცვალა, რთულია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უცნობია საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მნიშვნელოვანია ამ ობიექტებზე პერიოდულად მიმდინარე შემცირებებიც. მაგალითად, რუსთავის აზოტის საწარმოდან გათავისუფლებულ ადამიანებს დღემდე სასამართლო დავა აქვთ ყოფილ დამსაქმებელთან. აზოტმა მიმდინარე წლის იანვარში სამსახურიდან 350 ადამიანი
გაუშვა.
ამდენად, ფაქტ-მეტრისთვის შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის დადება, მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა თუ არა რუსთავში დასაქმებულთა რიცხვი მერიის პროექტების შედეგად.