ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვერტყვილასა და გედსამანიაში გზის მშენებლობის მონიტორინგისას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა:

„ვიმყოფებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხუნევის თემში, სადაც ორი სოფელი მოვინახულეთ: ერთი გახლავთ სოფელი ვერტყვილა, სადაც 800-მეტრიანი ბეტონის გზის საფარის დაგება მიმდინარეობს, პროექტს აფინანსებს რეგიონული განვითარების ფონდი და მისი ღირებულება არის 125 ათასი ლარი. ასევე, სოფელ გედასამანიაში დაიგო სამკილომეტრიანი გზა. ეს პროექტიც დააფინანსა რეგიონული განვითარების ფონდმა. მისი ღირებულება გახლავთ 277 ათასი ლარი. ორივე პროექტი არის უნიკალური, რაც ეს სოფლები არსებობს, გზა არ ყოფილა დაგებული არასდროს“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.

ხარაგაული მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, რომელიც ერთ დაბას, 19 თემსა და სამ სოფელს მოიცავს.

სოფლები ვერტყვილა და გედსამანია ხუნევის თემში შედის. ვერტყვილამდე დაბა ხარაგაულიდან 38 კმ-ა, ხოლო გედსამანია მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 45 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

სოფელ ვერტყვილაში წელს 803 მეტრის სიგრძის ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა, რომლის ღირებულება 124 803 ლარია. რეაბილიტაცია ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება (პროექტების ღირებულების მხოლოდ 5% უნდა დაიფაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან). ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწერილი ოფიციალური მონაცემით

კი, სოფელ გედსამანიაში 3.2 კმ გზის საფარის მოპირკეთების ღირებულება 300 090 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სოფელ გედსამანიაში, ერთი მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია საშუალოდ 94 ლარი, ხოლო ვერტყვილაში (

დაახლოებით ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლით) თითქმის 60 ლარით მეტი, საშუალოდ 155 ლარი დაჯდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ფაქტ-მეტრისთვის გამოგზანვილ წერილში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ სოფლებს აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთებული გზა არ ჰქონია.

გარდა ამ ორი სოფლისა, ფაქტ-მეტრი მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი გზის სარეაბილიტაციო სხვა პროექტებითაც დაინტერესდა. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 26 სოფელში, 45 კმ-მდე გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ პროექტებისთვის ჯამურად 5 მლნ 529 ათასი ლარია გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხარაგაულისთვის

რეგიონული განვითარების ფონდიდან ორჯერ გამოიყო თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც, ძირითადად, გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ყველაზე დიდი პროექტი საღანძილის თემში შემავალი ორი სოფლის, ვანისა და ჩხერის გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს, რაც თითქმის მილიონ ლარამდე დაჯდება. ივლისის მონაცემებით, გზის რეაბილიტაციის 11 პროექტზე, საერთო ჯამში 19 კმ გზა უნდა დაიგოს, სამუშაოების დაწყების თარიღი არ არის ცნობილი, შესაბამისად არც დასრულების ვადები.

  დასკვნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, ხუნევის თემში შემავალ სოფლებში ვერტყვილასა და გედსამანიაში 2017 წლამდე მოპირკეთებული საავტომობილო გზა არ არსებობდა. სოფელ გედსამანიაში გზის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო სოფელ ვერტყვილაში 125 ათას ლარამდე. აქ სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.

შესაბამისად, იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია