2017 წლის იანვარ-ივნისში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად საქართველოს მასშტაბით 18 ადამიანი გარდაიცვალა, 34 კი დაშავდა. აღნიშნული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა. ეს საგანგაშო რიცხვები ბოლო ერთ თვეში კიდევ გაიზარდა. 25 ივლისს დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 26 ივლისს

დიდუბეში შენობის დემონტაჟის დროს 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი მუშა დაშავდა. შსს-მ აღნიშნულ შემთხვევებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების პირობების დარღვევა) დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011-2016 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად 270 ადამიანი გარდაიცვალა, 776 კი დაშავადა. 2016 წელს საწარმოო შემთხვევების დროს 58 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა. აღნიშნული სტატისტიკა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაავრცელა.

გრაფიკი 1:

საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რაოდენობა

image001 წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს, იანვარ-ივნისში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 170-

ე მუხლით (შრომის დაცვის წესის დარღვევა) და 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) 46 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან მხოლოდ 7 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლის დევნა, სასამართლოში კი მხოლოდ ოთხი საქმე წარიმართა.

2017

წლის იანვარ-ივნისში გამოძიება შეწყდა 11 შემთხვევაში. 9 საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, ორ შემთხვევაში კი პროკურორმა ბრალდებებზე უარი განაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ მოგვაწოდა ინფორმაცია

 უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის განხილულ საქმეებზე. 2012-2017 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოებმა სსკ-ის 240-ე მუხლით განიხილეს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს 108 საქმეზე (130 პირის მიმართ), აქედან სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 9 შემთხვევაში გამოიყენეს.

  ცხრილი 1:

უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის (სსკ-ის 240-ე მუხლი) გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები

წლები საქმე პირი შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა
2012 25 31 2
2013 10 17
2014 18 19 2
2015 23 27
2016 20 24 4
2017 (6 თვე) 12 12 1
წყარო: უზენაესი სასამართლო

როგორც ვხედავთ, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა (გარდაცვალება/დაშავება) ბევრად აღემატება სასამართლოში განხილული საქმეების რაოდენობას.

სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა. ინსპექტირება არის ნებაყოფლობითი და დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათისაა. სწორედ ამ მიზეზების გამო პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ,

რომ შრომის ინსპექციის მუშაობა ეფექტიანი ვერ იქნება. „შრომის პირობების ინსპექტირების მოქმედი მექანიზმის მანდატის, საქმიანობის ფარგლების გათვალისწინებით იგი მნიშვნელოვნად სცდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს. ინსპექტირების დეპარტამენტს, არსებული მექანიზმით, არ შეუძლია დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე მივიდეს შესამოწმებლად; მის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება კომპანიებისთვის არ არის სავალდებულო; ვერ უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციასა და არსებულ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას”, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ პრობლემებს ომბუდსმენი, არასმთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების გაერთიანება უსაფრთხოების წესის დაცვასთან დაკავშირებით შესაბამისი მკაცრი რეგულაციების არარსებობას უკავშირებენ. ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების დანაერგვას ავალდებულებს.

შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ პრობლემებს მთავრობაც აღიარებს. 2017 წლის 1 ივნისს მთავრობამ პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი

წარადგინა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტში დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებებია განსაზღვრული. კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექცია შეძლებს არაგეგმიურად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს საწარმო. კანონპროექტის მიხედვით,  შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევისთვის საწარმო მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით მონიტორინგის შემდეგ, იგივე პრობლემის არსებობისას საწარმო დაჯარიმდება 50-დან 2 000 ლარამდე. შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი საწარმო დაჯარიმდება 5 000 ლარით ან საქმიანობა შეუჩერდება.

კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ორგანიზაციის შეფასებით,

„სანქციების ოდენობა მსხვილ დამსაქმებელთან მიმართებით არაადეკვატურია. ამასთან, დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმი არ არსებობს, არაშერჩევითი კონტროლის განხორციელებისას კი საზედამხედველო ორგანო ვერ შედის დასაქმების ადგილზე სასამართლოს შესაბამისი ბრძანების გარეშე. ეს კი, ზედამხედველობის სამსახურს მყისიერი რეაგირების საშუალებას არ მისცემს“.

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით,

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვლილთა და დაშავებულთა მაღალი და მზარდი სტატისტიკა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მიუთითებს. შეძლებს თუ არა სახელმწიფო შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას, ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.