„თბილისის მერიის ადმინისტრაციული ხარჯი 200 მილიონია და შესაძლებელია ამ თანხების სოციალურ მიმართულებაზე მობილიზება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თბილისის მერიის 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ხარჯებზე გამოყოფილმა თანხამ 210 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (233 მლნ ლარზე). 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯების წილი თბილისის ბიუჯეტის ხარჯების ჯამურ მოცულობასთან 25%-ია.
საანგარიშო პერიოდში (2012–2017 წლები) თბილისის მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ნიშნული სამჯერ - 2012, 2015 და 2017 წლებში შემცირდა, ხოლო დანარჩენ წლებში გაიზარდა. 2016 წლის ნაზრდი (18.7%) დიდწილად მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებში სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხარჯების აღრიცხვამ განაპირობა.
ცხრილი 1:
თბილისის მერიის ადმინისტრაციული და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების სტატისტიკა 2012-2017 წლებში
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
ადმინისტრაციული ხარჯი (მლნ ლარი) | 129 | 165 | 178 | 157 | 233 | 210 |
პროცენტული ცვლილება | -7,7% | 17,4% | 10,7% | -12,1% | 18,7% | -9,9% |
სოციალური უზრუნველყოფა (მლნ ლარი) | 96 | 161 | 191 | 181 | 176 | 152 |
პროცენტული ცვლილება | 11,6% | 68,0% | 19,0% | -5,2% | -2,8% | -14,0% |
საანგარიშო პერიოდში სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილმა თანხამ მხოლოდ 2014 და 2015 წლებში გადააჭარბა ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობას, შესაბამისად 13 და 24 მლნ ლარით. მეტიც, 2015 წლიდან თბილისის მერიის სოციალური ბიუჯეტი მცირდება. 2017 წლისთვის სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 2013 წლის შემდეგ დამტკიცებული თბილისის სოციალური ბიუჯეტებიდან ყველაზე ნაკლებია და 152 მლნ ლარს უტოლდება, რაც მერიის ბიუჯეტის 18%-ს შეადგენს.
თბილისის მერიის ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა მხოლოდ ბიუროკრატიის შენახვისთვის გამოყოფილ თანხებს არ ასახავს. მეტი სიცხადისთვის, თბილისის მერიის 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯებიდან უშუალოდ ბიუროკრატიის შენახვაზე 65 მლნ ლარი დაიხარჯება. ადმინისტრაციული ხარჯების დარჩენილი ნაწილი ქალაქისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო მიზნებს ხმარდება. მაგალითად, 2017 წლის ადმინისტრაციული ხარჯებიდან 36 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენას, 15 მლნ ლარი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, 10 მლნ ლარი კი თბილისის განათლების სისტემის მართვას მოხმარდება.
დასკვნა
თბილისის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობამ წლის ბოლოსთვის 210 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია. 2017 წელს თბილისის მასშტაბით სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა ადმინისტრაციულ ხარჯზე 58 მლნ ლარით მცირეა და 152 მლნ ლარს უტოლოდება.
მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული ხარჯების ჯამური მოცულობის სოციალური ხარჯებისკენ მიმართვაზე საუბარი მართებული არ არის - ამ თანხაში უშუალოდ ბიუროკრატიის შენახვისთვის 65 მლნ ლარია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ხარჯის დარჩენილი რაოდენობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის ინფრასტრუქტურულ, გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ხმარდება, შესაბამისად, ამ ხარჯების სხვა მიმართულებაზე (თუნდაც სოციალურზე) მიმართვა არ ნიშნავს, რომ დაფინანსება მხოლოდ ბიოროკრატიას შეუმცირდება. სხვა საკითხია მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციაზე საუბარი, თუმცა, ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხა 200 მლნ ლარზე გაცილებით ნაკლები იქნება.
ამდენად, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სოციალური უზრუნველყოფის სასარგებლოდ შესაძლებელია, მაგრამ აღნიშნული საკითხი უფრო საფუძვლიან და ღრმა ანალიზს საჭიროებს. ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი ელენე ხოშტარიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.