„2017 წელს კიდევ უფრო გაიზარდა მთავრობის ზომა. დღეს შეადგენს 35%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 ლარიდან 35 ლარს საკუთარ თავზე ხარჯავთ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ეკონომიკური თეორიის მიხედვით, მთავრობის ზომა არის ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური ხარჯების პროცენტული ფარდობა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ. გაზრდილი მთავრობის ზომა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ეკონომიკაში მთავრობის მეტი ჩარევით ნაკლები ადგილი რჩება კერძო ინიციატივისთვის, რაც გრძელ ვადაში დოვლათის ეფექტიანად შექმნაზე ნეგატიურად აისახება.
ლელა ქებურიას განცხადებაში, მთავრობის ზომაში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების (ყველა სახის ხარჯების ჯამი) მშპ-თან პროცენტული ფარდობა უნდა ვიგულისხმოთ.
ფაქტ-მეტრის მიერ აღებულ საანგარიშო პერიოდში (2012-2017 წლები) საქართველოში მთავრობის ზომა იზრდებოდა (იხ. გრაფიკი 1). გამონაკლისი იყო მხოლოდ 2013 წელი, როცა მთავრობის ზომა უმნიშვნელოდ შემცირდა და 32.3% შეადგინა. 2012 წლიდან ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა მეტი ტემპით იზრდებოდა, რაც გრაფიკ 1-ზე მთავრობის ზომის ზრდაშია გამოხატული.
გრაფიკი 1:მთავრობის ზომის სტატისტიკა 2012-2017 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქსტატი2017 წლის ბიუჯეტის კანონის
მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების (ანუ იმ თანხის მოცულობამ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დახარჯავს) ოდენობამ 12.6 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს. თუკი აღნიშნული პროგნოზული მაჩვენებლები ფაქტობრივ მდგომარეობას დაემთხვევა, 2017 წელს მთავრობის ზომა საქართველოში 35%-ს მიაღწევს.
როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკურ თეორიაში მთავრობის ზომის ცნება ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობას ასახავს და არა იმას, თუ რამდენს ხარჯავს მთავრობა საკუთარ თავზე. რამდენს ხარჯავს ხელისუფლება საკუთარ თავზე, ამ მონაცემს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა გამოხატავს და მისი მნიშვნელობა საანგარიშო პერიოდში, მთავრობის ზომასთან შედარებით, გაცილებით მცირეა.
გრაფიკი 2:ადმინისტრაციული ხარჯების სტატისტიკა საქართველოში, 2012-2017 წლები
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ადმინისტრაციული ხარჯების მშპ-თან მიმართების მონაცემი მხოლოდ ორჯერ, 2014 და 2016 წლებში გაიზარდა, საერთო ჯამში კი კლების ტენდენცია აქვს. 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად (1.3% პუნქტით) მცირდება.
დასკვნასაქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2017 წელს მთავრობის ზომა 35% იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის 35% სახელმწიფოს ხელშია. ამ თანხის ნაწილს ადმინისტრაციული ხარჯი შეადგენს, თუმცა მასში ასევე შედის ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურული ხარჯები, რაც მთავრობის მიერ საკუთარ თავზე დახარჯული ფული არ არის.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯს, 2017 წლის გეგმით მისი მოცულობა 3.1 მლრდ ლარი იქნება, რაც ქვეყნის მშპ-ის 8.6%-ია. ანუ, ყოველი 100 ლარიდან მთავრობა საკუთარი თავის შენახვაზე არა 35, არამედ 8.6 ლარს ხარჯავს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლელა ქებურიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.