პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა: „სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ „როსნეფტის” პრეზიდენტი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი. მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს „როსნეფტის” საქმიანობის დაწყებას ცხინვალის რეგიონში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ „როსნეფტმა” დაარღვია კანონი „ოკუპაციის შესახებ“, უკანონო საქმიანობას ეწევა აფხაზეთში და მან იყიდა ფოთის ტერმინალის 49%. მიუხედავად იმისა, რომ ის ფლობს სერიოზულ სიმდიდრეს საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია თავხედურად აცხადებს, რომ ის კვლავ აპირებს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. როდესაც “როსნეფტი“ საქართველოში შემოვიდა, მთავრობამ გვამცნო, რომ ისინი შეისწავლიდნენ ამ ქმედების სამართლებრივ საკითხებს. შეიქმნა სამმხრივი კომისია, თუმცა, ორწელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ. ფაქტობრივად, ამ კომისიას არავითარი დასკვნა არ წარმოუდგენია... შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენი კონფიდენციალური წყაროს მიხედვით, „როსტნეფტი“ აპირებს უკვე საკონტროლო პაკეტის შეძენას ფოთის ტერმინალში“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
მიმდინარე წლის 23 ივნისს, სოჭში, „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მიღწეული შეთანხმების მიხედვით „როსნეფტი“ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურს ააშენებს.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არა სოჭში, არამედ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, პუტინსა და ბიბილოვს შორის შეხვერდაზე შეთანხმდა.
„როსნეფტი“ საქართველოს ტერიტორიაზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი. კერძოდ, მას 2009 წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რის მიხედვითაც აფხაზეთის კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებითი სამუშაოების ჩატარების უფლება მიენიჭა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კომპანიას განთავსებული აქვს სამი ბენზინგასამართი სადგური. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. ზემოაღნიშნული ქმედებით, „როსნეფტი“ 2009 წლიდან არღვევს არა მხოლოდ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებს, სადაც განმარტებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების შეძენა ან ნებისმიერი სახის ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა იკრძალება და საჭიროებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ნებართვას, არამედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ მე-2 (2) მუხლს, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ასევე, კომპანია არღვევს „კანონს საზღვაო სივრცის შესახებ“, რადგან 2010 წლიდან საქართველოს სუვერენულ საზღვრებში მდებარე კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს. თუმცა, ამ ფაქტს „როსნეფტისთვის“ ხელი არ შეუშლია, რომ მოგვიანებით, უკვე საქართველოს კონტორლირებად ტერიტორიაზე, საქმიანობა გაეგრძელებინა. კერძოდ, 2014 წლის დეკემბერში „როსნეფტმა“ „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 49%-იანი წილი მასთან ერთობლივი საწარმოს დაფუძნების სურვილით შეისყიდა. აღნიშნული გარიგება ვრცელდება ფოთის ნავთობტერმინალსა და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის იმპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებს.კომპანია საქართველოში ფოთის ნავთობტერმინალებსა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ფლობს. უნდა აღინიშნოს, რომ „პეტროკასის“ მიერ „როსნეფტთან“ დადებული გარიგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სავარაუდოდ, ეს გარიგება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ მოკავშირედ ითვლება, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, აშშ-ს პირადად მის წინააღმდეგაც აქვს სანქციები დაწესებული. „როსნეფტის“ მიერ „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 49%-იანი წილის შესყიდვამ საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,რომ ის არ მიესალმება რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას და მისი უწყების ხელმძღვანელობით შეიქმნება სამმხრივი კომისია იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, რომელიც შეისწავლის ამ ქმედების სამართლებრივ მხარეს. ფაქტ-მეტრი შეეცადა, ამ განცხადებიდან ორწელიწადნახევრის შემდეგ, ხსენებულ უწყებებთან კომისიის საქმიანობის შედეგები გადაემოწმებინა, თუმცა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ხოლო, იუსტიციის სამინისტროსთან ამ საკითხის დაზუსტება ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება „როსნეფტის” მიერ უკვე საკონტროლო პაკეტის შესაძლო შეძენას ფოთის ტერმინალში, ფაქტ-მეტრი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით "პეტროკას ენერჯი გრუპს“ დაუკავშირდა. თუმცა, კომპანიაში მიზანშეწონილად არ თვლიან, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაასაჯაროვონ.
დასკვნა„როსნეფტი“ 2009 წლიდან არღვევს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, „სისხლის სამართლის კოდექსისა“ და „საზღვაო სივრცის შესახებ“. 2014 წლიდან კომპანია უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც აგრძელებს საქმიანობას და ყიდულობს „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 49%-იან წილს. წილის გასხვისების სამართლებრივი საკითხები ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შესაბამისი კომისიის ფარგლებში უნდა შეესწავლათ, თუმცა, ხსენებულ სამინისტროებში ამ კომისიის შექმნისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
2017წელს „როსნეფტი“ კიდევ ერთხელ აპირებს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ბენზიგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს.
რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც იგი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით „როსნეფტის” მიერ ფოთის ტერმინალში საკონტროლო პაკეტის შეძენაზე საუბრობს, ჩვენ ამას ვერც უარვყოფთ და ვერც დავასტურებთ. ხოლო, კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპი“ მიზანშეწონილად არ თვლის, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ ისაუბროს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.