ქალაქ გორის მერიის ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ თედლიაშვილი გამოეხმაურა. მისი აზრით, ორგანიზაციების გაერთიანება მერიამ მოახლოებულ საარჩევნო პერიოდს დაამთხვია და ისინი სასურველი კადრებით დააკომპლექტა.
„როდესაც მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია გადაწყვიტა, მოტივად დასახელდა ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა. ოპტიმიზაციის შედეგად მოხდებოდა თანამშრომელთა შემცირებები და გამოთავისუფლდებოდა თანხები, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, და მეც მქონდა ამის ვარაუდი, მოხდა არასასურველების ჩანაცვლება სასურველი კადრებით“, - განაცხადა თედლიაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
2014 წლის თვითმმართველობის ახალი რეფორმის ამოქმედების შემდეგ, ქალაქ გორში და გორის თემში სულ 57 ა(ა)იპ-მა დაიწყო ფუნქციონირება. აქედან, გორში 41 (ასევე, ერთი შპს), გორის თემში კი – 15 ა(ა)იპ იყო რეგისტრირებული. დღეისთვის, რეორგანიზაციის შემდეგ, ქალაქ გორსა და გორის თემში სულ 42 ა(ა)იპ დარჩა.
ქალაქ გორის მერიის ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. ქალაქის მერი მოსალოდნელ ცვლილებებს თანხების ეფექტურად ხარჯვის აუცილებლობით ხსნიდა.
გორის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, რეორგანიზაცია-გაერთიანება ქალაქის მასშტაბით 41-დან 13 ა(ა)იპ-ს შეეხო. რომლებიც თავდაპირველად ოთხ გაერთიანებაში გადანაწილდნენ. მოგვიანებით კი, ორი ა(ა)იპ-ისგან შემდგარ ცენტრალურ ბიბლიოთეკას მწერალთა სახლი ისევ გამოეყო და ის ახლადდაფუძნებულ ა(ა)იპ მწიგნობარს დაექვემდებარა. ანუ, გამოდის, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ორ ა(ა)იპ-ს მხოლოდ სახელწოდებები შეეცვალა და როგორც მერიაში განმარტავენ, იგივე ადმინისტრაციული ხარჯით ორგანიზაციებს ფუნქციები გაეზარდათ.
გარდა ამისა, როგორც ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი განმარტავს, რეორგანიზაცია შეეხო თუმცა ახალ გაერთიანებებში არ მოხვედრილა კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ და კეთილმოწყობის სამსახური. ეს სწორედ ის ორგანიზაციებია, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე ერთგან 6 თანამშრომელი გათავისუფლდა, მეორეგან კი ხელმძღვანელი.
ფაქტ-მეტრმა იმ ორგანიზაციების საშტატო ნუსხა და ხარჯები შეისწავლა, რომლებიც ახალ გაერთიანებებში აღმოჩნდნენ. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული 13 ა(ა)იპ-ის სახელფასო ფონდი თვეში 145 698 ლარს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 389-ს შეადგენდა, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი გაერთიანებების სახელფასო ფონდი თვეში სულ 57 980 ლარით განისაზღვრება, თანამშრომლების რაოდენობა კი 240-ით.
ფინანსისტ თამარ ედიშერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შტატების რიცხვი და მათი სახელფასო ფონდი შემცირებულია, ეს არ ნიშნავს, რომ ოპტიმიზაციის დასრულების შედეგად ხარჯები დაიზოგება, რადგან ა(ა)იპ-ების დიდი ნაწილი უბრალოდ ახალდაფუძნებულ გაერთიანებაში (ანუ კიდევ ერთ ა(ა)იპ-ში) შეიყვანეს. ამიტომაც, იმის თქმა, რომ ხარჯთეფექტურობაში ან მართვის ოპტიმიზაციაში რაიმე არსებითად შეიცვლება, საფუძველს მოკლებულია.
„გაერთიანებაში უნდა შეიქმნას ახალი კადრები, თითოეულს უნდა შეუძინონ სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი, ახალ გაერთიანებებს თავისთავად ექნება საოფისე ხარჯები. რაც არ უნდა შემცირებები დაიწყონ, ახალი სამსახურების შექმნა ყოველთვის მეტ ხარჯს გულისხმობს“, - განმარტავს ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა ნაწილი ექვსთვიანი ხელშეკრულებითაა აყვანილი, რაც საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ფაქტ-მეტრმა გორის მერიას რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა შემცირებებისა და გამოთავისუფლეებული თანხის შესახებაც სთხოვა ინფორმაცია, თუმცა, როგორც პრესსამსახურიდან გვიპასუხეს, ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ის მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც ახალი ქალაქისა და თემის გაერთიანების შედეგად ახალი ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, რეორგანიზაციის ფარგლებში ა(ა)იპ-ების შერწყმა-გაერთიანების პროცესი ე.წ. გარდამავალ პერიოდში უნდა მოესწროს. ეს პერიოდი კი მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელის, ლიზა ყაზიშვილის თანამდებობაც შეეწირა, რომელიც ქალაქ გორში ერთადერთი დასაქმებული ოპოზიციონერი იყო.
დასკვნა ქალაქ გორის მერიის ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, შექმნილია 5 ახალი გაერთიანება, რომელთა დაქვემდებარებაში 13 ორგანიზაცია მოექცა. მერიის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდი თვეში 87 718 ლარითაა შემცირებული, თანამშრომელთა რაოდენობა კი 149-ით. გორის მერიამ ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია არჩევნების წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყვიტა, რაც ბუნებრივია გარკვეულ კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში, მით უმეტეს, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ა(ა)იპ-ებში ქალაქისა და თემის გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს ახალი რეორგანიზაციის დაწყება ისევ მოუწევთ. ე.წ. გარდამავალი პერიოდი, რა დროსაც ორგანიზაციების გაერთიანების ამჟამად მიმდინარე პროცესი უნდა დასრულდეს, 2017 წლის 17 დეკემბერია. ამის შესახებ მერიაში დასაქმებულმა პირებმა ინფორმაცია საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის განხილვისას მიიღეს. რეორგანიზაციის შედეგებზე ზუსტი დასკვნის გამოტანა ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ამდენად, თამარ თედლიაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ და წლის ბოლოს ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდებით.