ბოლო წლებში, შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორები ხშირად იცვლებიან. თითქმის ერთი წლის მანძილზე ვაკანტური ადგილი, ხუთი თვის წინ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, კახა სამხარაძემ დაიკავა. მანამდე კი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას ამჟამად მისი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ასრულებდა, რადგან 2013 წელს დანიშნულმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა 2016 წლის მარტში თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მის დანიშვნამდე, ანუ 2013 წლის დეკემბრამდე, გუბერნატორის პოსტი შიდა ქართლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ პირებს ეკავათ. როგორც აღვნიშნეთ, 2013 წლის დეკემბრიდან შიდა ქართლის გუბერნატორი უკვე ბანკი „ქართუს“ გორის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ რუსიშვილი გახდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა თანხები იხარჯებოდა შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატში შრომის ანაზღაურებაზე წინა ხელისუფლების პირობებში და რამდენი იხარჯება ახლა.

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის

მიხედვით, 2011-2017 წლებში უწყებაში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათი თანამდებობირვი სარგო შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1:

თანამშრომელთა რაოდენობა 2011-2013 წლებში და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურება

image001

ცხრილი 2:

თანამშრომელთა რაოდენობა 2013-2017 წლებში და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურება

image002

როგორც ცხრილებიდან ჩანს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გუბერნატორის ხელფასის ოდენობა არ შეცვლილა, შემცირდა პრემიები, თუმცა, 2014 წლიდან გუბერნატორის შრომის ანაზღაურებას დანამატები ავსებს.

2011-2013

წლებში, ჯამურად, გუბერნატორზე 187 200 ლარი, თანამშრომლებზე კი 1 468 107 ლარია გაცემული, ხოლო 2014-2016 წლებში გუბერნატორზე გაცემული თანხა 209 450 ლარს შეადგენს, თანამშრომლებისთვის ჩარიცხული თანხის ოდენობა კი 1 182 656 ლარით განისაზღვრა.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გუბერნატორის შრომის ანაზღაურება (ხელფასი და პრემია-დანამატი) ჯამში (2014-2016 წლებში) 22 250 ლარით გაიზარდა, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანხა ბოლო სამ წელში 285 451 ლარით შემცირდა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში შემცირებულია თანამშრომელთა როდენობაც (44-დან 26-მდე).

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში პრემიის გაცემა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის 449-ე დადგენილებით

რეგულირდება. რომლის მიხედვითაც პრემია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელოა, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

რაც შეეხება სახელფასო დანამატს, ის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის N627 დადგენილებაში განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილით ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმავე ვადით, რა დროითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება. იმავე დადგენილების მიხედვით, დანამატის  გაცემის აუცილებლობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და მიეთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა.