„არჩევნების წინ ბიუჯეტი გადასახადების ზრდას არ ითვალისწინებდა, და როდესაც გაიმარჯვეს, შემოიტანეს ბიუჯეტი, რომლითაც გააძვირეს საწვავი, ნავთობპროდუქტები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები გააძვირეს, რაც დააწვა ჩვენს მოსახლეობას“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი წარდგენის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 8.2 მლრდ ლარით იყო განსაზღვრული. ეს მოცულობა 2016 წლის ბიუჯეტის გადასახადების გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს 190 მლნ ლარით აღემატებოდა. პირველი წარდგენით განსაზღვრული გადასახადების მოცულობა მესამე წარდგენით მიღებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში 650მლნ ლარით გაიზარდა. ოთარ კახიძე თავის განცხადებაში სწორედ ამ ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს.
საგადასახადო შემოსავლების ზრდა ყველაზე მეტად აქციზის გადასახადის მატებამ განაპირობა. პირველი წარდგენის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო აქციზიდან 1.1 მლრდ ლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით კი აღნიშნული გეგმა 542 მლნ ლარით გაიზარდა და მისმა ოდენობამ 1.6 მლრდ ლარი შეადგინა. აქციზიდან საგადასახადო შემოსავლების გეგმის ზრდა საავტომობილო საწვავზე, ავტომობილებზე, სიგარეტზე და სხვა აქციზურ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის მატებამ განაპირობა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. აქციზის გადასახადის ზრდა პროდუქციაზე ფასების მატებასა და, შესაბამისად, ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელზეც აისახა. 2017წლის ივნისის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა.
მომატებულმა აქციზურმა გადასახადებმა 36.8%-ით გაზარდა ფასები თამბაქოს ნაწარმზე, 28.3%-ით ბენზინზე, 27.8%-ით დიზელის, ხოლო 26.6%-ით გაზის საწვავზე. 15.3%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტზე, 3%-ით კი ალკოჰოლურ სასმელებზე.
გრაფიკი 1:
ივნისი, წლიური ინფლაცია
წყარო: საქსტატი დასკვნა საქართველოს მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსია პარლამენტში 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე წარადგინა, რომლის მიხედვითაც აქციზის გადასახადის ზრდა არ იგეგმებოდა. არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტის მესამე წარდგენით, საავტომობილო საწვავზე, ავტომობილებზე და თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდა დაიგეგმა. შესაბამისად, ოთარ კახიძე სწორად შენიშნავს, რომ ხსენებული ცვლილება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის სიახლეს წარმოადგენდა. მის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი წინასაარჩევნო პროგრამაშიც (ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა).აქციზური გადასახადის ზრდამ თამბაქოს ნაწარმზე, საწვავზე, ტრანსპორტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასების მატება გამოიწვია და წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.1%-მდე გაზარდა. აქციზის გადასახადი რომ არ გაზრდილიყო, ბოლო ერთ წლის ინფლაცია 3-4%-ის ფარგელებში იქნებოდა, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.