იტვირთება

თოქ-შოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა:

„ლარის კურსის დაცემის გამო თითქმის 60%-ით გაღარიბდა საქართველოს ყველა მოქალაქე“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისას ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ხშირად ეყრდნობიან მთლიანი შიდა პროდუქტის დოლარში გამოსახულ, ნომინალურ მნიშვნელობებს, რაც ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად არასწორი მიდგომაა. დოლარში გამოხატულ ნომინალურ მშპ-ზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის ცვლილება და ინფლაციის დონე. 2013 წლიდან დაწყებულმა ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდენციამ ბუნებრივად შეამცირა საქართველოს დოლარში დათვლილი ნომინალური მშპ-ის მოცულობა (იგი 2016 წელს 2012 წელთან შედარებით 1.5 მლრდ დოლარით შემცირდა).

თუმცა, რეალური სურათისთვის უნდა გავითვალისწინოთ მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ-ის მოცულობა, რაც ვალუტის კურსისა და ინფლაციის დონის ცვლილებებს გამორიცხავს. ამ შემთხვევაში ვნახავთ, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს რეალური მშპ ყოველი წლისთვის იზრდებოდა, 2016 წლის მაჩვენებელი კი 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს 3.4 მლრდ ლარით აჭარბებს.

გაზრდილია ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ-ის რეალური მნიშვნელობაც, ეს მონაცემი 2016 წელს 7 269 ლარი იყო, 2012 წლის მაჩვენებელზე 2 010 ლარით მეტი. თუმცა, ერთ სულზე დათვლილი მშპ-ის მოცულობის ზრდა 2014 წელს საქართველოში ჩატარებულმა საყოველთაო აღწერის შედეგებმაც განაპირობა. აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 658 ათასი ადამიანითაა შემცირებული. მოსახლეობის რაოდენობა რომ არ შემცირებულიყო, 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 754 ლარით იქნებოდა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი იკლებს. 2013-2016 წლებში მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 3.4% იყო, 2010-2012 წლებში კი 6.6%, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რეალური მშპ-ის ზრდის დინამიკა შემცირებულია, თუმცა ქვეყანა ისევ მდიდრდება, მაგრამ უფრო ნელა.

ცხრილი 1:

მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა საქართველოში

2012 2013 2014 2015 2016
ნომინალური მშპ, მლნ. დოლარი 15,847 16,140 16,508 13,988 14,333
რეალური მშპ. მლნ. ლარი (2010 წლის ფასებში) 23,654 24,455 25,586 26,323 27,045
მშპ-ის რეალური ზრდა 6.4% 3.4% 4.6% 2.9% 2.7%
რეალური მშპ ერთ სულზე, ათასი ლარი (2010 წლის ფასებში) 5259 5454 5698 7088 7269
წყარო: საქსტატი

რაც შეეხება უშუალოდ სიღარიბის მაჩვენებლებს,

მიუხედავად ლარის კურსის დაცემისა, 2010 წლიდან ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილის შემცირების ტენდენციაა. მხოლოდ 2016 წელს, 2015 წელთან მიმართებით, მაჩვენებელი 0.5% პუნქტით გაიზარდა. თუმცა, მაგალითად 2015 წელს, როცა ლარი დოლართან მიმართებით (2014 წელთან შედარებით) 29%-ით გაუფასურდა, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ნიშნული 1.6% პუნქტით, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მონაცემი 1.3% პუნქტით შემცირდა.

  ცხრილი 2:

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

წელი %
2009 33.5
2010 36.1
2011 32.5
2012 28.9
2013 25.6
2014 22.4
2015 20.8
2016 21.3
წყარო: საქსტატი  

დასკვნა საქართველოში სავალუტო კრიზისი 2014 წლიდან დაიწყო. 1 დოლარის მაქსიმალური ღირებულება კი (2.81 ლარი) 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

სავარაუდოა, რომ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძე ლარის 2012 წლის შესაბამის კურსს (1.65) სწორედ ამ მონაცემს ადარებს და გაუფასურების მიღებულ მაჩვენებელს საქართველოს მოსახლეობის ამდენადვე გაღარიბებას უკავშირებს. თუმცა, ხსენებულ მოვლენას საქართველოს მოსახლეობის პირდაპირპროპორციული გაღარიბება არ გამოუწვევია. მეტიც, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ ყოველი წლისთვის იზრდებოდა. სხვა საკითხია, რომ მშპ-ის ზრდის ტემპი 2012-2016 წლებში  შენელებულია.

ლარის კურსის დაცემა არც სიღარიბის ზრდაზე ასახულა მნიშვნელოვნად. საქსტატის მონაცემებით, 2010 წლიდან საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება. მხოლოდ 2016 წელს დაფიქსირდა სიღარიბის 0.5%-იანი ზრდა (როგორც აბსოლუტური, ისე ფარდობითი სიღარიბის შემთხვევაში). ამდენად, საქართველოს მოსახლეობის 60%-ით გაღარიბებაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.

შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2860 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი