„ყველაზე კარგი საზომი იმისა, თუ რა წარმატებული იყო ბატონი კალაძე, არის ის, თუ რა ხდებოდა ინვესტიციების კუთხით ენერგეტიკის სფეროში. 2014 წელს, მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ინვესტიციებმა იკლო წინა წელთან შედარებით 23%-ით, 2015 წელს იკლო კიდევ 35%-ით. 2016 წელს იყო უფრო დაბალი, ვიდრე 2013 წელს. 2017 წელს მარტო პირველ კვარტალში ინვესტიციები არის შემცირებული წინა წელთან მიმართებაში 83%-ით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სერგი კაპანაძის მიერ დასახელებული რიცხვებიდან ირკვევა, რომ ის ინვესტიციებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გულისხმობს.
ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი იყო. საქსტატის მონაცემებით,მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით საუკეთესო 2013 წელი იყო – ინვესტიციების რაოდენობამ 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36%-ით აღემატებოდა 2012 წლის მაჩვენებელს. თუმცა, შემდეგ წლებში ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების კლების ტენდენციაა. ინვესტიციების ყველაზე მკვეთრი კლება 2017 წლის პირველ ორ კვარტალში შეინიშნება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების რაოდენობა 66%-ით შემცირდა. 2017 წლის პირველ ნახევარში სულ 26 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გრაფიკი 1:
2010-2017 წლებში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
წყარო: საქსტატიროგორც აღვნიშნეთ, კალაძის მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2013 წელს შემოვიდა, რაც 2011-2012 წლების მაჩვენებლებსაც აღემატება. სერგი კაპანაძის აზრით, 2013 წლის ინვესტიციების მაღალი დონე წინა ხელისუფლების პერიოდში (2013 წლამდე) მოზიდული ინვესტორების საქმიანობის შედეგია. ამ ფაქტის გადასამოწმებლად, ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ შეკითხვით, 2013-2014 წლებში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან რამდენი იყო დაკონტრაქტებული 2012 წლის ნოემბრამდე. სამინისტროსგან მიღებული პასუხის
თანახმად, აღნიშნული ფორმით ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის სახით დაცული არ არის. შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება ან უარყოფა, რომ 2013 წელს ინვესტიციების ზრდა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს ინვესტორებთან მიღწეული შეთანხმებების შედეგია.
რადგან ინვესტირების ფორმა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის, ენერგეტიკის სამინისტროს ბოლო წლებში განხორციელებული სხვა სახის ინვესტიციებზეც ვთხოვეთ ინფორმაცია. პასუხად მივიღეთ, რომ „2016 წლის მონაცემებით, ადგილობრივი ბანკებიდან მოზიდული ფინანსება ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიზნით დაახლოებით შეადგენს 41 000 000 აშშ დოლარს“. სხვა წლებზე ინფორმაცია არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, სხვა ინვესტიციების მხრივ შემცირებაა, თუ ზრდა.
ენერგეტიკის სამინისტრომ ინფორმაცია მოგვაწოდა მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე: „დღეისათვის მიმდინარეობს 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, მათი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 1 400 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. ლიცენზირების ეტაპზე იმყოფება 20 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი - ჯამური ინვესტიცია 350 000 000 აშშ დოლარი. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 21 ჰიდროელექტროსადგურის - ჯამური ინვესტიცია 1 500 000 000 აშშ დოლარი“.
ენერგეტიკის დარგში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად არანაკლებ მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა. 2012 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებამ 9 695 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2016 წელს კი 11 574, ანუ გაზრდილია 19%-ით.
გრაფიკი 2:
ელექტროენერგიის შიდა წარმოება 2006-2016 წლებში (მლნ კვტ/სთ)
წყარო: ელექტროენერგეტიკული სექტორის კომერციული ოპერატორიდასკვნა
სერგი კაპანაძე რიცხვებს სწორად ასახელებს. მისი განცხადების შემდეგ 2016 წლის დაზუსტებული მონაცემები და 2017 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა, რამაც ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება კიდევ უფრო აშკარა გახადა. თუმცა, კახა კალაძის მინისტრობის წარმატებულობის შესაფასებლად, საწყის მაჩვენებლად 2014 წელს იღებს, მაშინ, როცა კალაძე მინიტრი 2012 წლის ბოლოს გახდა და ინვესტიციების მხრივ 2013 წელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული იყო. რამდენად მიეწერება კახაკალაძეს 2013 წელში შემოსული ინვესტიციები, ამის გასარკვევად ენერგეტიკის სამინისტროს 2012 წლის ნოემბრამდე დაკონტრაქტებულ პროექტებზე ინფორმაცია ვთხოვეთ. სამინისტროსგან მიღებული პასუხის თანახმად აღნიშნული ფორმით ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროში დაცული არ არის. შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება ან უარყოფა, რომ 2013 წელს ინვესტიციების ზრდა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს ინვესტორებთან მიღწეული შეთანხმებების შედეგია. ამიტომ, დეპუტატის განცხადების შეფასებისას, უპრიანი იქნება თუ კახა კალაძის მინისტრობის სრულ პერიოდს (2012 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივლისამდე) და ამ პერიოდში დაფიქსირებულ ფაქტობრივ მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ. შესაბამისად, ასევე მხედველობაში არ მივიღებთ იმ საინვესტიციო შეთანხმებებს, რომლებიც შესაძლოა კალაძის მინისტრობის დროს დაკონტრაქტდა, თუმცა ინვესტიციებში მომავალ წლებში აისახება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე. რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 28 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტ-მეტრს სერგი კაპანაძე დაუკავშირდა და შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე სტატიის განახლებისკენ მოგვიწოდა. ამ შემთხვევაში ფაქტ-მეტრმა დეპუტატის არგუმენტები გაიზიარა. შესაბამისად, სტატია განახლდა და შეიცვალა ვერდიქტიც.