ქართულ თარგმანს.
ანალიზი: 2017 წლის 11 ივლისს, ონლაინ მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატიასათაურით: „უზნეობა დემოკრატიის სახელით“, რომელშიც აღწერილია რამდენიმე განსხვავებული ამბავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და თითეული მათგანი მიმართულია სექსუალური უმცირესობების დისკრედიტაციისა თუ მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების აღძვრისაკენ. ფაქტ-მეტრმა სტატიაში მოყვანილი პირველი ამბის - „კანადაში მიღებული კანონით, მშობლებს, რომლებიც ლგბტ-ს აკრიტიკებენ შვილებს წაართმევენ“ - სიზუსტე გადაამოწმა.
სტატიის ამ ნაწილში ავტორი საუბრობს კანადის კანონმდებლობაზე და ამბობს, რომ „კანადაში მიღებული კანონით, მშობლებს, რომლებიც ლგბტ-ს აკრიტიკებენ შვილებს წაართმევენ“. იმის მიუხედავად, რომ ეს წინადადება სტატიის ამ ნაწილის ქვესათაურად არის გამოტანილი, შემდეგ მკითხველი იგებს, რომ საქმე ეხება არა მთლიანად კანადას, არამედ ონტარიოს პროვინციას. ავტორი საუბრობს კანადაში მიღებულ 89-ე კანონქვემდებარე აქტზე, რომელიც, მისი შეხედულებით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძველს აძლევს. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ კანონი ბავშვებს „დამსმენებად“ აყალიბებს, რადგან სწორედ ამ ბავშვებმა უნდა „დაასმინონ“ ორიენტაციის „შემზღუდავი“ მშობლები. ამ „ფაქტების“ მოყვანის შემდეგ, ავტორი ინტერპრეტაციას უკეთებს აქტის თუ პროგრამის ცალკეულ ნაწილებს და მის „ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ“ ასპექტებს განიხილავს. თუმცა, აქტის და პროგრამის შინაარსები აბსოლუტურად დამახინჯებულია და არ შეესაბამება სტატიაში გამოთქმულ აზრებს თუ აღწერილ სიტუაციას.
2017 წელს კანადის პროვინცია ონტარიოში ბავშვების, ახალგაზრდების და ოჯახების მხარდაჭერის კანონქვემდებარე აქტი მიიღეს (Bill 89). აქტის ავტორი იყო არა ონტარიოს პრემიერ-მინისტრი კეიტლინ ვინი (როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაშია ნათქვამი), არამედ ბავშვთა და ახალგაზრდობის მინისტრი მაიკლ კოტო (Michael Coteau),რომელიც ონტარიოს ლიბერალური პარტიის წარმომადგენელია და ანტირასიზმზეა პასუხისმგებელი.
აღნიშნული აქტი ეხმარება კანადის კანონმდებლობას მეტად იყოს დაცული ოჯახების, ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესები. ეს არის ე.წ. განმარტებათა კრებული ყველა იმ მნიშვნელოვანი ცნებისა, რომელიც საზოგადოების ამ სამ მნიშვნელოვან ნაწილს ეხება. თუმცა, აქტის ძირითადი მიზანი მაინც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების და ოჯახების დაცვაა. კანადა ერთ-ერთი ყველაზე მულტიეთნიკური სახელმწიფოა. აქ წარმოდგენილია საკმაოდ ბევრი უმცირესობა, მათ შორის, 2.9% ის ჯგუფია, რომელიც საკუთარ თავს „პირველ ერს“, ნაციონალურ ამერიკელებს უწოდებს. მოქალაქეთა ეს ჯგუფი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილია. განსხვავებული კულტურის გამო, ისინი ვერ ახერხებენ ინტეგრაციას. სწორედ მათ ოჯახებში არსებული მდგომარეობა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა გახდა აქტის ინსპირაცია. 89-ე კანონქვემდებარე აქტი სხვა არაფერია თუ არა თანასწორობის განმსაზღვრელი დოკუმენტი კანადის ოჯახებსა და ბავშვებს შორის ეთნიკურობის, რელიგიურობის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. საკანონმდებლო აქტის არც ერთი წინადადება არ შეიცავს იმ კონტექსტს, რომლის მიხედვითაც კანადის ხელისუფლება ბავშვს წაართმევს იმ მშობლებს, რომლებიც კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ. აზრის და გამოხატვის თავისუფლება კანადის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. რაც შეეხება ონტარიოს სკოლების კურიკულუმის ცვლილებას, რომელსაც სტატია ისევ კეიტლინ ვინს მიაწერს, ონტარიოს განათლების მინისტრს ეკუთვნის. 2016 წელს განახლდა ონტარიოს სასწავლო პროცესში ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა. ადაპტირდა განახლებული ლიტერატურა და სასწავლო მიდგომები. სექსუალური განათლება, რომელიც პროპაგანდის დემონიზირებული ტექნიკისფორმით მოგვაწოდა „საქართველოს და მსოფლიოს“ ჟურნალისტმა, შედის ჯანსაღი ცხოვრების ნაწილში, შეადგენს ამ საგნის 10%-ს, ისწავლება სხეულის ანატომია და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვისაა საჭირო.
სტატიაში ონტარიოს შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ის მეთოდია გამოყენებული, რომელშიც ავტორი მხოლოდ სიმართლის გარკვეულ ნაწილებს იღებს (მიღებული აქტი, შეცვლილი კურიკულუმი) და შემდეგ მას იმგვარ მოდიფიკაციას უკეთებს, რაც საშუალებას მისცემს „დაამტკიცოს“ თავში გამოთქმული აზრი - „უზნეობა დემოკრატიის სახელით“ ვრცელდება. იგივე აზრის დასამტკიცებლად ავტორი მიმართავს პროპაგანდის ერთ-ერთ ტექნიკას, ე.წ. „ბანქოს ჩაწყობის“ მეთოდს, რომელიც გულისხმობს ფაქტების იმგვარად დალაგებას, რომ რჩება ერთადერთი „ლოგიკური“ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - „უზნეობა დემოკრატიის სახელით“.
„საქართველო და მსოფლიოს“ ამ სტატიას ინფორმაციის წყარო არ აქვს დართული. ყალბი ამბების გამავრცელებელი მედიასაშუალებისთვის საკმაოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა წყაროების გამოტოვება. თუმცა, ფაქტ-მეტრმა მაინც მოიძია სტატია, საიდანაც აღნიშნული ინფორმაციაა ნათარგმნი. ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა რუსულ გაზეთ „Комсомольская Правда”-ში.