რომ გუბერნიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუმსახურებლად იღებენ ხელფასს და დანამატებს, თან ხშირ შემთხვევაში გაორმაგებულს. პარტიაში განაცხადეს, რომ კვლევაში, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, ვერ მოხვდა იმერეთის მონაცემები, ვინაიდან მათ შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდეს.
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია,რომელსაც თანამდებობაზე საქართველოს მთავრობა ნიშნავს. მისი უფლებამოსილების სფეროს საქართველოს მთავრობის რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მთავრობის სხვა დავალებების შესრულება წარმოადგენს.
2015 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის პოსტზე გივი ჭიჭინაძე, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი წარადგინა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაცემული ხელფასისა და პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. უნდა ითქვას, რომ მოთხოვნილი სტატისტიკა ფაქტ-მეტრმა კანონით განსაზღვრულ ვადებში, დროულად მიიღო.ინფორმაციაში ასახულია გუბერნატორის, გუბერნიის ადმინისტრაციის როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე თანამშრომლების მიერ 2011 წლიდან დღემდე მიღებული ხელფასი და პრემია/დანამატები.
გუბერნატორის ხელფასი თვეში 2 950 ლარს შეადგენს,წლიურად - 35 400 ლარს. მისი ოდენობა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა, ბოლო წლებში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ზუსტად ხელფასის ოდენობის დანამატს იღებს. მსგავსი ვითარება იყო 2014 წელსაც, გივი ჭიჭინაძის წინამორბედმა ამ წელს ხელფასის ოდენობის დანამატი მიიღო.
ცხრილი 1:
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის შრომითი ანაზღაურება 2011-17 წლებში
ხარჯების დასახელება | 2011 წელი | 2012 წელი | 2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი | 2016 წელი | 2017 წელი (I-VI) |
ხელფასი | 35 400 | 35 400 | 35 400 | 35 400 | 35 400 | 35 400 | 17 700 |
პრემია | 11 800 | 15 970 | 10 725 | 725 | 0 | 2 950 | 0 |
დანამატი | 0 | 0 | 0 | 35 400 | 35 400 | 35 400 | 17 700 |
ჯამი | 47 200 | 51 370 | 46 125 | 71 525 | 70 800 | 73 750 | 35 400 |
რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. თუ გუბერნიაში 2013 წელს 51 ადამიანი იყო დასაქმებული, წელს მათი რიცხვი 32-ია. შესაბამისად, მათზე გაცემულმა ხელფასის ოდენობამაც იკლო. რასაც ვერ ვიტყვით გაცემულ პრემია/დანამატებზე (ცხრილი 2). შესამჩნევია, რომ ბოლო წლებში პრემიის თანხა იკლებს, თუმცა საგრძნობლად იმატებს გაცემული დანამატი და ჯამში პრემია/დანამატის საერთო მოცულობა თითქმის უცვლელია.
ცხრილი 2:იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის საშტატო თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება
2011 წელი | 2012 წელი | 2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი | 2016 წელი | 2017 წელი (I-VI) | |
საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა | 41 | 45 | 51 | 49 | 32 | 30 | 32 |
ხელფასი | 399998 | 431 279 | 439 773 | 483 800 | 355486 | 355 866 | 173 116 |
პრემია | 139 501 | 181 530 | 94 984 | 118 473 | 56 400 | 24 285 | 0 |
დანამატი | 0 | 1 170 | 1 170 | 29 163 | 66 230 | 94 097 | 40 962 |
ჯამი | 539 499 | 613 979 | 535 927 | 631 436 | 478 116 | 474 248 | 214 078 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცემა როგორც პრემია, ისე დანამატი, რომლის წლიური ჯამური ოდენობა მათზე გაცემული ხელფასის საშუალოდ მესამედს შეადგენს და მისი ოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშანვლოვნად არ შემცირებულა.
გუბერნიას ხუთი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ხელფასის გარდა პრემია/დანამატსაც იღებენ. გამონაკლისს მხოლოდ 2012 წელი წარმოადგენს, როცა მათ არც პრემია და არც დანამატი აუღიათ. შტატგარეშე თანამშრომლებმა ყველაზე მეტი პრემია/დანამატი 2015 წელს აიღეს და იგი მიღებული ხელფასის თითქმის ნახევარი იყო. 2016 წელს კი ეს მონაცემი 1/3-ით შემცირდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გაცემული ხელფასებისა და პრემია/დანამატების საერთო ჯამური მაჩვენებელი კი, ასეთ სურათს იძლევა:
ცხრილი 3:იმერეთის სახელმწიფო რწმუნებლ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემული ხელფასები და პრემია/დანამატები, 2011-17 წლები
2011 წელი | 2012 წელი | 2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი | 2016 წელი | 2017 წელი (I-VI) | |
ხელფასი | 473678 | 499859 | 506254 | 557480 | 421966 | 423888 | 209 656 |
პრემია/დანამატი | 153 201 | 197 500 | 109 279 | 188 341 | 173 259 | 167 376 | 63 017 |
ჯამი | 626 879 | 798 529 | 615 533 | 745 821 | 595 225 | 591 264 | 272 673 |
როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ბიუჯეტს იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე ყველაზე მეტი ხარჯის გაწევა 2012 წელს მოუხდა. მომდევნო წელს სამხარეო ადმინისტრაციისთვის ხარჯი თითქმის 183 ათასი ლარით შემცირდა. 2014 წელს ეს ხარჯი ისევ გაიზარდა თითქმის 130 ათასი ლარით. ბოლო წლებში (2015-2016) ხარჯის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა. თუმცა, ეს ტენდენცია ძირითადად ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართებაში ჩანს, გუბერნატორის ჯამური შრომის ანაზღაურება (ხელფასი და პრემია/დანამატი) კი, პირიქით, გაზრდილია.