„მერიაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 4-ჯერ გაზრდილია, იყო 500 000-მდე და ახლა 2 მილიონია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
„ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“ მიხედვით,აუტიზმი წარმოადგენს ნეირო განვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა, ყველასთვის საერთოა კომუნიკაციის და სოციალიზაციის სირთულეები. აუტიზმის დროს არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტოზური მკურნალობა. დღეს მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ მეთოდად ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია მიიჩნევა. ინტენსიური და კომპლექსური თერაპიული მუშაობის შედეგად, ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა განვითარებაში.
თბილისის მერიამ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა 2015 წლის აპრილიდან დაიწყოდა მისი ბიუჯეტი 585 ათას ლარს შეადგენდა. 2017 წლისთვის კი ეს თანხა 2 მილიონამდე გაიზარდა (კოდი 06 01 06).
ცხრილი 1:
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის თანხები თბილისის ბიუჯეტში (2015-2017 წლები)
წელი | 2015 | 2016 | 2017 |
თანხა (ათას ლარებში) | 585.1 | 1 820 | 2 000 |
აღსანიშნავია, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ასევე ჩართულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაშიც. თბილისის მუნიციპალურ პროგრამას აქვს რიგი ხარვეზები, რის გამოც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს. მშობლების პროტესტი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. 2016 წლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილებაში (N 32-89) იყო ჩანაწერი, რომ აუტიზმის ქვეპროგრამით ისარგებლებდნენ მხოლოდ 2-დან 15 წლამდე ის ბენეფიციარები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის ჩათვლით რეგისტრირებულები იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში (გარდა ზუგდიდისა) არ არსებობდა მსგავსი ინტენსიური პროგრამების ცენტრები. იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები ტოვებდნენ საკუთარ საცხოვრებელს და დედაქალაქში გადმოდიოდნენ საცხოვრებლად, მოტივით რომ მათ შვილებს ესარგებლათ პროგრამის სიკეთით. თუმცა, მათი განცხადებით, აღნიშნული დისკრიმინაციული ჩანაწერი ამ შესაძლებლობას ართმევდათ. პროტესტის მეორე მიზეზი შეეხებოდა საკრებულოს გეგმებს. მშობლების ინფორმაციით,
მცირდებოდა თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის საათების რაოდენობა და აღარ იქნებოდა თვეში 20 საათი. ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა აქციის ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)“ ხელმძღვანელს მარი კორკოტაძეს. მისი განცხდებით, აქციის მიზანი არ იყო მხოლოდ დისკრიმინაციული ჩანაწერის ამოღება, რომელიც რეგიონში მცხოვრებ 36 ბავშვს ართმევდა უფლებას ესარგებლათ პროგრამით, ისინი აგრეთვე ცდილობდნენ არ დაეშვათ თერაპიის საათების შემცირება: „გადაწყვიტეს, რომ 7 წლის ზემოთ ბავშვებისთვის თერაპიის ხანგრძლივობა თვეში 20 საათი 15 საათამდე შეემცირებინათ. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აქცია გავმართეთ და არ დავუშვით ეს ფაქტი“. მან ასევე აღნიშნა, რომ თვეში 20 საათი არის ძალიან ცოტა და ბავშვებს კვირაში თერაპიის 40 საათი მაინც სჭირდებათ.
ფაქტ-მეტრი საათების რაოდენობის საკმარისობასთან დაკავშირებით „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ წარმომადგენელს და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვის მშობელს, ხათუნა მაკალათიას ესაუბრა. მისი განცხადებით, 20 საათი არის ძალიან ცოტა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მუნიციპალიტეტის პროგრამაში დაფინანსებულია მხოლოდ შემდეგი სახის თერაპია: ქცევითი, მეტყველების (საჭიროების შემთხვევაში) და სენსორული თერაპია. არსებობს სხვა თერაპიები, რომელიც საჭიროა ბენეფიციარის სპეციფიკიდან გამომდინარე და რომლის დაფინანსებაც მშობლებს უწევთ.
მშობლების აქტიურობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 2017 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტშიამოღებული იქნა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, ბავშვი ვერ მოხვდებოდა აუტიზმის სპექტრის ქვეპროგრამაში თუ თბილისში რეგისტრირებული არ იყო 2015 წლის 1 ივლისის ჩათვლით. ასევე, თვიურად საათების რაოდენობა აღარ შემცირდა და 20 საათი დარჩა.
ფაქტ-მეტრი თბილისის მერიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. უწყების თქმით, დღეისათვის აუტიზმის ქვეპროგრამით შესაძლებელია ისარგებლოს 2-დან 15 წლამდე ბენეფიციარმა, რომელსაც მინიჭებული აქვს კონკრეტულად ორი სახის კოდი (F804 ან F849). რაც შეეხება რეგისტრაციის შეზღუდვას, ბენეფიციარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული. თვეში ფინანსდება 20 სეანსი და თითეულის ხანგრძლივობა ერთი საათია.
დასკვნათბილისის მერიამ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა 2015 წლის აპრილიდან დაიწყო და მისი ბიუჯეტი 585 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შემდგომ, პროგრამის ბიუჯეტი ზრდადია და 2017 წლისთვის 2 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, პროგრამას აქვს პრობლემები, რაც ძირითადად მისი ინტენსივობის ხანგრძლივობაში გამოიხატება. პროგრამა ასევე არ მოიცავს ყველა ჯგუფს და მხოლოდ ქცევით, მეტყველების და სენსორულ თერაპიას აერთიანებს. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად კომპონენტების რაოდენობა არ ფართოვდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რატი იონათამიშვილის განცხადება, პროგრამის ბიუჯეტის ზრდის შესახებ, არის სიმართლე.