16 ივლისს, ახალციხეში, სოფელ ურაველის ტყეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი მამასთან და შვილთან ერთად სცემეს.

 სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, დაზარალებულებს მრავლობითი დაჟეჟილობები და ტრავმები აღენიშნებოდათ.

დაზარალებული ბეგლარ კაპანაძე იხსენებს,

რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე, თავდამსხმელებმა მას პოლიტიკური წარსული და "ნაციონალურ მოძრაობაში" მუშაობა შეახსენეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ურაველის ხეობაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ძალადობით დაიწყო. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსმა

ზაზა გელაძემ და გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ბეგლარ კაპანაძე, მისი 23 წლის შვილი და 82 წლის მამა“, - განაცხადა მელიამ.

ზაზა გელაძე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კაპანაძეების ცემაში ადანაშაულებს, ახალციხე-ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს წევრია. ვიდრე გიორგი კოპაძე დეპუტატად იყრიდა კენჭს, ის ახალციხის მერი იყო, ხოლო გელაძე მისი მოადგილე. თუმცა, როცა ქალაქის მერი შეიცვალა და გიორგი კოპაძე ვლადიმერ ზედგინიძემ ჩაანაცვლა, ახალმა მერმა ზაზა გელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ზაზა გელაძე ისევ გიორგი კოპაძემ დაასაქმა დეპუტატის ბიუროში. აღსანიშნავია, რომ გელაძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 17 ივლისს ურაველის გზაზე ცემის ფაქტს განცხადებით

გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოც“ და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით,

რომელიც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი 1-ლი ივლისიდან დაიწყო. პროექტების კოორდინატორის ლელა ტალიურის თქმით, "საია" გადაამოწმებს და შეისწავლის შესაძლო პოლიტიკური მოტივით

ჩადენილი ძალადობის ფაქტებს, რის შემდეგაც ორგანიზაცია შესაბამის დასკვნას დადებს".

როგორც ფაქტ-მეტრს დაზარალებულმა ბეგლარ კაპანაძემ განუცხადა, იგი წინასაარჩევნო კამპანიაში აღარ ჩაერთვება, პოლიტიკურ საქმიანობაზე უარს ამბობს და ევროპული ქვეყნებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს.

გამოძიების დასრულებამდე რთული სათქმელია, აქვს თუ არა აღნიშნულ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი. თუმცა, ქართულ საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი მსგავსი საეჭვო ფაქტი ახსოვს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ (27 ოქტომბერს) მუსხი-ურაველის გზაზე მსგავსი ინციდენტი მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნიკოლოზ ხიზაძემ ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფიზიკურ, ხოლო რეგიონის ხელმძღვანელი სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ამ შემთხვევის შესახებ ახალციხის პოლიციის რაიონულმა სამმართველომ მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ინციდენტის დღესვე განაცხადეს, რომ საქმე თანამდებობის ბოროტად

გამოყენების მუხლითაც უნდა აღძრულიყო, რადგან შემთხვევის ადგილზე მხარის გუბერნატორიც იმყოფებოდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ახალციხეში და ამავე დროს ნიკოლოზ ხიზაძის ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუსხი-ურაველის გზაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების კიდევ ერთი და ყველაზე ცნობილი ფაქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში დაფიქსირდა. 2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო

უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის, ორი პოლიციელი. სასამართლომ სპორტსმენ ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს - კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურსა და გიგა ტყემალაძეს - შვიდი ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

კორცხელის ინციდენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელოვნურად მართული პროცესი უწოდა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის 21 სექტემბერს განაცხადა:

„ხელკეტები საიდან მოდიოდა და ვისი მიტანილი იყო, თითქმის გარკვეულია საზოგადოებაში. კარგად ჩანს ფოტოებზე. ხაზს გავუსვამ, ხელისუფლებაა ვალდებული, რომ აღკვეთოს მსგავსი ღონისძიებები და პრევენციები გაატაროს, მაგრამ ვერ დავმალავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასეთი პროვოკაციების სპეციალისტი. არ მგონია, რომ ეს მოხდა ბუნებრივად და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ინსპირირებული იყო მხოლოდ მათი მხრიდან“.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი ქმედებების რაოდენობა წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებისას კიდევ უფრო გაიზრდება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ემიჯნებიან მომხდარ ინციდენტს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.