მან ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კახეთის არცერთ გამგეობაში უცხო ქვეყნების ქალაქებთან დაძმობილების არცერთი ახალი პრეცედენტი არ შექმნილა.
„არცერთი ახალი დაძმობილების პრეცედენტი არ შექმნილა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კახეთის არცერთ გამგეობაში. კახეთი მართლა მოწინავე იყო ყოველთვის, რომ არაერთ ქვეყანასთან, არაერთი ქვეყნის ამა თუ იმ ქალაქთან იყო შექმნილი ურთიერთობები, რომლებსაც მერე კონკრეტული სარგებელი მოჰქონდა. დღეს, კახეთის გამგებლების ვიზიტებს მხოლოდ სარგებელი მოაქვთ მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი მძღოლებისთვის და თანაშემწეებისთვის“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
დამეგობრებული ქალაქები - ეს არის იურდიული და სოციალური ხელშეკრულების ფორმა ქალაქებს შორის, რომელიც ეფუძნება ორი ქალაქისა და ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის ხელშეწყობას, თანამშრომლობას და კულტურათა გაცვლას. ხელშეკრულებები ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებში: მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლა; ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ქალაქის ეკონომიკის განვითარების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაფართოება; გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვით საკითხებში; ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო პრაქტიკასა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან ურთიერთობებში; თვითმმართველობების ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაციების ვიზიტები ქალაქების კულტურულ ღონისძიებებზე და ა.შ. (წყარო: www.rustavi.gov.ge). ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ლაგოდეხს ორი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. გამგეობის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ოსტროლენკასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2009 წელს გაფორმდა. 2016 წლის 20 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ლიტვის ქალაქ ვილიანს დაუძმობილდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციისთანახმად, მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ოთხი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქთან აქვს გაფორმებული. აქედან, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ახმეტის მუნიციპალიტეტმა უკრაინის ბელგორდ-დნესტროვსკის რაიონთან 2009 წელს; ლიგატნეს მხარესთან (ლატვია) 2010 წელს; ლიტვის პანევეჟისის რაიონთან 2011 წელს; ხოლო მოლდოვის იალოვენის რაიონთან 2013 წლის სექტემბერში გააფორმა.
ფაქტ-მეტრის მიერ დედოფლისწყაროს, თელავის, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის გამგეობების ადმინისტრაციებიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქების დამეგობრების მხრივ შემდეგი ვითარებაა:
დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტი სამ სხვადასხვა ქალაქთან მეგობრობს. უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქების - სტანიჩნა-ლუგანსკის და კრემენის რაიონებთან, ასევე პოლონეთის ქალაქ კვიძინთან. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 2012 წელამდე გაფორმდა.
თელავისმუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ხერსონი, უკრაინა - 2010 წელი; შეკი, აზერბაიჯანი - 2011 წელი; შტუმი, პოლონეთი - 2011 წელი; ზელენა გორა, პოლონეთი - 2012; გლუბოკოე, ბელარუსი - 2015 წელი.
სიღნაღისმუნიციპალიტეტთან დაძმობილებული ქალაქებია: ხადრაკი, ესპანეთი - 2011 წელი; მალბორკი, პოლონეთი - 2012 წელი; შატონეფი, საფრანგეთი - 2015 წელი.
გურჯაანისმუნიციპალიტეტმა 2016 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადების შესახებ შეთანხმება ლიტვის რესპუბლიკის პაკრუოსის რაიონთან გააფორმა. 2017 წლის 14 ივნისს, ანალოგიური შეთანხმება დაიდო უკრაინის ქალაქ ვინნიცასთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტმა 2012 წლის შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ლიტვის რესპუბლიკის პლუნგეს რაიონის მუნიციპალიტეტთან და პორტუგალიის ალენტეიჟუს რეგიონის სოფელ კუბასთან (კონკრეტულად, 2017 წლის მარტში, მემორანდუმი ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის სოფელ კუბას შორის გაფორმდა). ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საგარეჯოსმუნიციპალიტეტს არცერთი დამეგობრებული ქალაქი არ ჰყავს.
დასკვნაკახეთის რეგიონში სულ რვა მუნიციპალიტეტია, საიდანაც შვიდს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე ქალაქთან/რაიონთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ფაქტ-მეტრის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ბოლო ოთხ წელში კახეთის მუნიციპალიტეტებმა სხვადასხვა ქალაქთან/რაიონთან/სოფელთან დამეგობრების შვიდი ახალი ხელშეკრულება გააფორმეს.
ამდენად, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის მცდარი.