ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გიორგი შამუგიას (პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის") განცხადებით,

ფოთის მერის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად ბიუჯეტს ასი ათასობით ლარის ზარალი ადგება, რადგან ყველა ის პირი [სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეები] რომლის სარჩელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, უნდა დაუბრუნდეს სამსახურს და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი. მისი თქმით, რამდენიმემ მოიგო სასამართლო პროცესი, ხოლო რამდენიმე ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით,

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება და გააუქმა მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანება, ის საჯარო ადმინისტრაციამ (ამ შემთხვევაში მერია) იმავე თანამდებობაზე, რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა, დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მოხელის იმავე თანამდებობაზე აღდგენა, ჩანაცვლება ხდება აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ან, ასეთი თანამდებობის არარსებობისას, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის თანხმობით სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმება. ამასთან, საჯარო ადმინისტრაცია ვალდებულია უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს აუნაზღაუროს განაცდური ხელფასი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციით

ირკვევა, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 მაისამდე ქალაქ ფოთის მერიიდან 42 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. ამავე პერიოდში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე აღადგინეს 5 მოხელე. როგორც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, აღდგენილ 5 მოხელეს უნდა დაუბრუნდეს გათავისუფლებიდან აღდგენამდე განაცდური ხელფასი. 2017 წლის 1 მაისამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ ფოთის მერიაში თანამდებობაზე აღდგენილი მოხელეებისთვის ანაზღაურებული განაცდური ხელფასი 54 342 ლარს შეადგენს, ხოლო დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა 68 417 ლარია. შესაბამისად, ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებებით მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეებისთვის კომპენსაციის სახით ანაზღაურებული და ასანაზღაურებელი თანხა ბიუჯეტს 122 759 ლარი უჯდება.

მკითხველისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფაქტ-მეტრმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დამატებითი კითხვებით მიმართა. მერიიდან გამოვითხოვეთ სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების აღდგენამდე ამავე თანამდებობაზე დანიშნული პირების მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების მოცულობა და გათავისუფლებული მოხელეების თანამდებობებზე აღდგენის შემდეგ, სამსახურიდან დათხოვნილი პირების სხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია. ფოთის მერიიდან მივიღეთ უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანებები, ხოლო აღდგენის შედეგად გათავისუფლებული პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ მხოლოდ ერთი შემთხვევის დამადასტურებელი ბრძანება, სადაც ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად სვეტლანა გაბუნიას აღდგენის შემდეგ, ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ელისო ციცქარავას გადაყვანა მოხდა

ზემოხსენებული სამსახურის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე. მერიის მიერ არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების გამო სხვა პირების სხვა თანამდებობებზე გადაყვანის დადგენა შეუძლებელია.

ფოთის მერიამ ფაქტ-მეტრს არ მიაწოდა უკანონოდ გათავისუფლებული პირების აღდგენამდე ამავე თანამდებობაზე დანიშნული პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი) მოცულობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის არმოწოდების მიზეზად უწყებამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების პერსონალურ მონაცემად აღიარება მიიჩნია,

რაც არასწორია და კანონმდებლობით ეს მონაცემები საჯარო ინფორმაციას განეკუთნება. ასევე, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ მერიამ საჯარო მოხელის აღდგენის შესახებ ბრძანება პირის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით მოგვაწოდა, რაც თავისთავად საჯარო ინფორმაციაა, ხოლო გაცემული შრომის ანაზღაურება, რომელიც არ შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, პერსონალურ მონაცემად ჩათვალა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რაც უკავშირდება მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლებას. ასევე, სტატიაზე მუშაობის პერიოდში ფოთის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერიიდან გათავისუფლებული თამარ ჭოჭუას სარჩელი, რომელიც მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

დასკვნა

​მიუხედავად იმისა, რომ გიორგი შამუგიას შეფასება ასი ათასობით ლარის ზარალის შესახებ გადაჭარბებულია, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ფოთის მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისთვის საკომპენსაციო თანხა - განაცდურის ანაზღაურების ხარჯი, საკმაოდ დიდია (122 759 ლარი). მსგავსი ფაქტების შედეგად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი შამუგიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი