საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, 2016 წელს სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის გამო განმარტებების გაკეთება მოუწია. მან განაცხადა: „თუ ოთხწლიან და ხუთწლიან პერიოდს განვიხილავთ, სიღარიბის დონე 28.9%-დან 21.3 %-მდეა ჩამოსული. ანუ, დაახლოებით 7%-ით შემცირდა, რაც დაახლოებით 290 ათას ადამიანს ნიშნავს. კონკრეტულად 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებელი 0.5%-ით გაიზარდა“. კაკაურიძის განმარტებით, ბოლო წლებში სიღარიბის შემცირება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 2016 წელს სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა კი, მან ეროვნული ვალუტის გაუფასურებას დაუკავშირა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
2017 წელს საქსტატმა სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აბსოლუტური სიღარიბის მეთოდოლოგიამსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს ეფუძნება. სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.
საქსტატის მონაცემებით, 2011-2015წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. თუმცა, 2016 წელს იმ მოსახლეობის წილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სოფლად. 2016 წლის მონაცემებით, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 16.9% ითვლება ღარიბად, ხოლო სოფლად მაცხოვრებლების 25.5%-ია ღარიბი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გასული წლის სიღარიბის მაჩვენებელს 2012 წლის მონაცემებს ადარებს. ამ პერიოდში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 28.9%-დან 21.3%-მდე, ანუ 7.6 პროცენტული პუნქტით, შემცირდა. საქსტატი არ აქვეყნებს სიღარიბის რაოდენობრივ მაჩვენებელს, შესაბამისად, კონკრეტულად რამდენით ნაკლები ღარიბია დღეს ქვეყანაში, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით. თუმცა, კლების მაჩვენებელს მთლიანი მოსახლეობის რაოდენობას თუ შევადარებთ, დღეს დაახლოებით 282 ათასით ნაკლები ღარიბია, ვიდრე 2012 წელს იყო (საქსტატში დაგვიზუსტეს, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. ყველა წლის მონაცემების დაანგარიშებისას, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობად დაახლოებით 3.7 მლნ იყო განსაზღვრული).
აღსანიშნავია, რომ როდესაც იზრდება ეკონომიკა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, სიღარიბის მაჩვენებელიც ლოგიკურად მცირდება. 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ (რომელთაც ჰქონდათ გამაღარიბებელი ეფექტი), 2011 წლიდან საქართველოში სიღარიბის შემცირება დაიწყო და ეს ტენდენცია 2016 წლამდე შენარჩუნდა.
გრაფიკი 1:
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი
წყარო: საქსტატი
სიღარიბის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი არის ფარდობითი სიღარიბე, რომელიც აჩვენებს, მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას მათ საშუალო მოხმარებასთან. საქსტატის მეთოდოლოგიით, ღარიბად ითვლება ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.
საქსტატის მონაცემებით, 2016წელს ასევე 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ მოსახლეობის წილი, ვინც საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.
გრაფიკი 2:
მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი
წყარო: საქსტატიმსოფლიო ბანკის კვლევის
თანახმად, საქართველოში 2009 და 2010 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, რაც სწორედ ომის შემდგომი პერიოდსა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა იყო. 2011-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 46.7%-დან 32.3%-მდე შემცირდა (მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მიიჩნევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღიურად 2.5 საერთაშორისო დოლარზე ნაკლებს მოიხმარს). მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სიღარიბის შემცირება შემდგომ წლებშიც უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, 2016 წელს პირიქით მოხდა და სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ვალუტის გაუფასურება, რომელმაც მოსახლეობას ჯანდაცვის, სურსათისა და ტრანსპორტის ხარჯები, ასევე საბანკო სესხები გაუძვირა.
დასკვნა 2016
წელს იმ მოსახლეობის წილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა. 2012 წლის შემდეგ, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუმცა, ეს იყო არსებული ტენდენციის გაგრძელება. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წლიდან დაიწყო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2013-2015 წლებში სიღარიბის შემცირება მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო. თუმცა, შეიძლება პირიქითაც ითქვას, ეკონომიკის უფრო მაღალი ტემპით ზრდის შემთხვევაში ან თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, სიღარიბის მაჩვენებელი დიდი ალბათობით უფრო მეტად შემცირდებოდა. მეტიც, რომ არა ლარის დევალვაცია, 2016 წელს სიღარიბის მაჩვენებელი არათუ გაიზრდებოდა, არამედ შემცირდებოდა.
მართალია, მინისტრის მოადგილე სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას მონაცემებს ზუსტად ასახელებს, თუმცა მის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ სიღარიბის შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, 2011 წლიდან დაიწყო.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.