რომ „Russia Today”-ის ჟურნალისტებმა შეძლეს სირიის შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი სიცრუის მხილება. სტატიაში საუბარია 2016 წლის აგვისტოში სირიის კონფლიქტის დროს ერთ-ერთ დაზარალებულ ბიჭზე ომრან დაქნიშზე, რომლის ფოტომაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა დასავლურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
სასწრაფო მანქანაში გადაღებული ომრანის ფოტო 2016 წლის აგვისტოში სირიაში მიმდინარე კონფლიქტის სისასტიკისა და მასშტაბურობის სიმბოლოდ იქცა. ომრანის ისტორია დაიწყო 2016 წლის 17 აგვისტოს, როდესაც ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში, ალეპოში ასადის მთავრობამ განახორციელა საჰაერო თავდასხმა. ამ იერიშის შედეგად დანგრეული ერთ-ერთი შენობიდან გამოიყვანეს ომრან დაქნიშიც, რის შემდეგაც ადგილობრივმა ორგანიზაციამ „თეთრმა ჩაჩქანებმა“ (The White Helmets) და ალეპოს მედია ცენტრმა გაავრცელეს მცირეწლოვანი ბიჭის ფოტოები.გავცელებულ ფოტო მასალას დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ თუ ტრადიციულ მედიაში. მაგალითად, CNN-ის ჟურნალისტმა კრისტიან ამანპურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს ომრანის ფოტოების ჩვენების შემდეგ, რუსეთის მხრიდან ასადის მთავრობის მხარდაჭერაზე საკმაოდ კრიტიკული კითხვები დაუსვა. შესაბამისად, ომრანის ფოტოების გავრცელების შემდეგ საკმაოდ მწვავე დისკუსია წარიმართა რუსეთისა და ასადის მთავრობის წინააღმდეგ.
2017 წლის 12 ივნისს რუსულმა სააგენტომ გამოაქვეყნა სტატია,სადაც ავტორი ევა ბარტლეტი მოგვითხრობს, რომ ომრანის ფოტოები ყალბი იყო და 4 წლის ბიჭი დასავლურმა მედიამ პროპაგანდისთვის გამოიყენა. ავტორი თავად შეხვდა დაზარალებული ბიჭის მამას და მასთან ინტერვიუს საფუძველზე ამტკიცებს, რომ 1 წლის წინ გადაღებული ფოტო მანიპულაციური ხასიათის იყო.
გარდა რუსული სააგენტოს ინტერვიუსა, ბოლო პერიოდში ომრანის ოჯახთან სატელევიზიო რეპორტაჟი მოამზადა სირიის მთავრობასთან აფილირებულმა ტელევიზიამ (ტელეკომპანია სამამ) და ასადის მხარდამჭერი სახელმწიფოების (მაგ. ირანის Al-Alam News, ლიბანის Al Mayadeen News) მედიასაშუალებებმა.გავრცელებულ ვიდეოებში ომრანის მამა ამბობს, რომ ბიჭი მისი ნებართვის გარეშე ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და გადაუღეს ფოტოები. მამა ასევე აცხადებს, რომ ომრანი სინამდვილეში მხოლოდ მსუბუქად იყო დაშავებული და ჟურნალისტებმა ის განზრახ გადაიღეს პირველადი დახმარების აღმოჩენამდე, რათა ბიჭის ფოტოები ასადის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. უფრო მეტიც, ომრანის მამა ამბობს, რომ მცირეწლოვანი ვაჟის საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ მას ოპოზიციური აქტივისტები ფულსაც კი სთავაზობდნენ, რათა ასადის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ამ ეტაპისთვის, რთულია საწინააღმდეგო საბუთის მოძიება, თუმცა ომრანის ისტორიის ირგვლივ ატეხილი დისკუსიისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რაც სირიაში ხდება. ამჟამად, ომრანის ოჯახი ასადის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში ცხოვრობს. სირიის მთავრობა 2011 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ მრავალგზის იყო გაკრიტიკებული ადამიანთა მიმართ სასტიკი მოპყრობის, აკრძალული ქიმიური იარაღისა და სამოქალაქო დასახლებების დაბომბვის გამო. აქედან გამომდინარე, ასადის რეჟიმის მომხრე ტელევიზიების ეკრანებზე გასული ომრანის ოჯახის ისტორია ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. როგორც დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის სირიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ვალერი შიბალა, აცხადებს არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ინტერვიუ დაქნიშების ოჯახზე დაშინების შედეგიც იყოს, რადგან „ყველასათვის ცნობილია, რომ ასადის მთავრობა აწამებს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ საუბრობს“. გარდა ამისა, New York Timesასევე იუწყება, რომ ომრანის ოჯახმა ოპოზიციის მხარდამჭერ ჟურნალისტს, მაუსა ოლამარს, ინტერვიუზე და ომრანის გადაღებაზე უარი განუცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომრანის ერთი წლის წინანდელი ფოტო ნამდვილია, არაა გაყალბებული, ამას აღიარებს მისი მამაც. ომრანის ოჯახის მთავარი პრეტენზიაა, რომ დასავლურმა მედიამ მისი ფოტო ასადის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით გავაბათილოთ პრო-რუსული სააგენტოების არგუმენტები, მაშინ როდესაც თავად ბატონი დაქნიში ამტკიცებს საწინააღმდეგოს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორგანიზაციაზე, რომელსაც რუსული სააგენტოები პროპაგანდაში ადანაშაულებენ. "თეთრი ჩაჩქანები"2013 წლიდან მოხალისეობრივი მიზნებით შეიქმნა და ის აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ექიმებს, მკერავებს, მცხობელებს, რომლებსაც სურთ სირიის კონფლიქტში დაზარალებული ადამიანების დახმარება. ორგანიზაცია ნობელიის პრემიაზეც იყო წარდგენილი.
ფაქტ-მეტრი ამ სტატიას ვერდიქტის გარეშე ტოვებს, თუმცა მოუწოდებს მკითხველს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის კონტექსტი, რომელშიც ვითარდებოდა აღნიშნული მოვლენები. ომრანის ისტორია ერთი წლის შემდეგ საზოგადოებამ იხილა სირიის მთავრობის მხარდამჭერ ერთ-ერთ ტელეარხზე, რომელსაც კიდევ უფრო მეტი სურათი ჭირდება ასადის მხარდაჭერისა და პოპულარობის გაზრდისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა აქტორს ადგილობრივ თუ რეგიონულ დონეზე.