„ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება. 2008 წელს ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართებით თუ იყო 48.3%, დღეს არის 34.1%. ასევე, მცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართაც“.
ფაქტ-მეტრმა ბექა ნაცვლიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯი, იგივე ხელისუფლების ბიუროკრატიული ხარჯი, მოიცავს როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, ასევე მათი საქმიანობისთვის აუცილებელი საქონელისა და მომსახურების (საოფისე ტექნიკას, საკანცელარიო ნივთებს, ავტომობილებს, საწვავს და ა.შ.) შეძენას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ანალიზში წარმოდგენილი მონაცემები აღებულია ნაერთი ბიუჯეტიდან, სადაც ასახულია როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური ბიუჯეტების მაჩვენებლები. ბექა ნაცვლიშვილის მიერ განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციაც სწორედ ნაერთ ბიუჯეტს ეყრდნობა (დასახელებული რიცხვებიდან გამომდინარე). გარდა ამისა, ბიუჯეტის ხარჯებში, მიმდინარე ხარჯებთან ერთად არაფინანსური აქტივების ზრდის ყოველწლიურ მონაცემსაც ვგულისხმობთ, რაშიც, ძირითადად, ინფრასტრუქტურული ხარჯები იგულისხმება.
ინფორმაციასქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2008-2017 წლები) ბიუროკრატიული ხარჯების მოცულობა დიდწილად ზრდის ტენდენციით ხასიათდება (წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2-ჯერ, 2009 და 2013 წლებში, შესაბამისად, 461 და 94 მლნ ლარით შემცირდა). 2017 წლის ბიუეჯეტის კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯები 46 მლნ ლარით უნდა შემცირდეს.
საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართების ნიშნული მცირდებოდა, იგი მხოლოდ ორჯერ 2010 და 2016 წლებში გაიზარდა. 2017 წელს კი 3.2% პუნქტიანი შემცირებაა დაგეგმილი. რაც შეეხება 2008 წლის ფაქტობრივ და 2017 წლის მაჩვენებლებს, 2008 წელს მონაცემი 37.7%-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს იგი 29.3% უნდა გახდეს.
ბიუროკრატიული ხარჯების საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადმინისტრაციულ ხარჯებში შემავალი თანხის არეალი გაიზარდა. მას სახელმწიფო სტრუქტურების დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ხარჯები დაემატა, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტის სუბსიდიების მუხლში ეწერა. ამგვარი ცვლილების გათვალისწინებით, ობიექტური შედარებისთვის, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შენახვის ხარჯები უნდა გამოაკლდეს, რის შედეგადაც ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა გრაფიკზე გამოსახულ მნიშვნელობებთან შედარებით შემცირდება. თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტი რიცხვი არ გვაქვს, თუ რა მოცულობის თანხა გადმოიწერა სუბსიდიების მუხლიდან ადმინისტრაციული ხარჯების მუხლში.
გრაფიკი 1:ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა და მისი მიმართება საბიუჯეტო ხარჯებთან (მლნ ლარი, %)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სრულყოფილი სურათისთვის მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ბიუროკრატიული ხარჯების მშპ-თან მიმართებაც, რათა მეტად თვალსაჩინო იყოს, თუ რა მოცულობისაა სახელმწიფო ადმინისტრაციის შენახვის ტვირთი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული მიმართების გამომხატველი პროცენტული მაჩვენებელი 2008-2013 წლებში მცირდებოდა. მისი მნიშვნელობა 2014 და 2016 წლებში, შესაბამისად, 0.1% და 0.8% პუნქტით გაიზარდა. 2017 პროგნოზით კი ბიუროკრატიული ხარჯის მშპ-თან მიმართების ნიშნული 0.9% პუნქტით უნდა შემცირდეს და 8.6% გახდეს.
გრაფიკი 2:
ადმინისტრაციული ხარჯების მიმართება მშპ-თან
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დასკვნა
ბექა ნაცვლიშვილის განცხადების მიხედვით, საბიუჯეტო ხარჯების კატეგორია არ მოიცავს არაფინანსური აქტივების ზრდის წლიურ რაოდენობებს. ამ მიდგომით, 2008 და 2017 წლების შესაბამისი მიმართება მართლაც იქნებოდა 48.3% და 34.1%-ის ტოლი, თუმცა, როგორც ანალიზის დასაწყისში აღვნიშნეთ, ბიუჯეტის ხარჯების ამგვარი გაგება ნაკლოვანია და ზუსტ მაჩვენებლებს არ იძლევა. ამდენად, უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ადმინისტრაციული ხარჯების წილი ბიუჯეტის ხარჯებში 2008 წელს 37.7% იყო, ხოლო 2017 წელს 29.3% იქნება. მიუხედავად ამისა, ბექა ნაცვლიშვილი სწორად აღნიშნავს, რომ ბიუროკრატიული ხარჯები საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებით 2008 წლის შემდეგ შემცირებულია.
განცხადებაში ბექა ნაცვლიშვილი ასევე ამბობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯები მშპ-თან მიმართებით მცირდება, რაც სიმართლეს შეესაბამება. 2008 წელს ბიუროკრატიული ხარჯი მშპ-თან 13.7% იყო, ხოლო 2017 წლის პროგნოზით 8.5% უნდა იყოს.
თუმცა, განცხადებაში ადგილი აქვს რიცხვებით მანიპულირებას. ბექა ნაცვლიშვილის განცხადების პათოსი არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები მცირდება, მაგრამ ის შესადარისად იღებს 2008 წელს (რადგან ამ დროს მაღალი იყო ადმინისტრაცული ხარჯების წილი) და არა 2012 წელს, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდშივე ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2008 წლიდან 2012 წლამდე ადმინისტრაციული ხარჯების წილი ბიუჯეტის ხარჯებში 5.3% პუნქტით შემცირდა, ხოლო მშპ-ს მიმართ 4.1% პუნქტით. 2012 წლიდან 2016 წლამდე კი ბიუჯეტის ხარჯების მიმართ 0.2% პუნქტით გაიზარდა, ხოლო მშპ-ს მიმართ 0.1% პუნქტით შემცირდა. 2017 წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი შემცირება, მაგრამ ჯერჯერობით ეს გეგმაა და შესაძლოა არ შესრულდეს (ისევე როგორც 2016 წელს). შესაბამისად, გამოდის რომ ბექა ნაცვლიშვილი წინა ხელისუფლების შედეგებს მიაწერს ამჟამინდელ ხელისუფლებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბექა ნაცვლიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.