„2017 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, რეალური მშპ 4.3%-ით გაიზარდა, 29%-ით გაიზარდა ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა - 22%-ით, ხოლო ფულადი გზავნილების მაჩვენებელი - 26%-ით”.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით,წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.1%-ით გაიზარდა. 2017 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა, ხოლო 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.2% იყო.
გრაფიკი 1:საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები (წინასწარი შეფასება)
წყარო: საქსტატირაც შეეხება საქონლის ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, 2017
წლის იანვარ-აპრილში ექსპორტმა 788 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.7%-ით მეტია. 2017 წლის პირველ ოთხ თვეში საქონლის იმპორტიც გაიზარდა - 12.7%-ით. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი.
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის საზღვრის კვეთის სტატისტიკისმიხედვით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ტურისტების რაოდენობა 26.9%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში კი ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 19.3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საზღვარგარეთიდან 396 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის იანვარ-აპრილში 332 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა. იანვარ-მაისში ფულადი ჩამორიცხვები 20.4%-ით არის გაზრდილი.
დასკვნა 2017წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, რეალური მშპ 4.2%-ით, ექსპორტი 29.7%-ით, ტურისტების რაოდენობა 26.9%-ით, ხოლო ფულადი გზავნილების მაჩვენებელი 19.3%-ით გაიზარდა.
გამოდის, რომ ქვეყნის პრემიერმა მშპ-ის რეალურ ზრდასთან და ექსპორტთან მიმართებით ზუსტი მონაცემები დაასახელა, ხოლო ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით რეალურზე ნაკლები ზრდა (22%), ფულადი გზავნილებზე კი რეალურზე მეტი მაჩვენებელი (26%) დაასახელა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.