ვაშაკიძემ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორი ტიპის მედალს გასცემს – ოქროსა და ვერცხლის. მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები რეგულირდება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით(მუხლი 25), რომლის თანახმადაც, მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. ხოლო, მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანი მეათედამდე დამრგვალების შედეგად არის 9.8 და 9.9 და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულ დოკუმენტაციაში 2015-2016სასწავლო წლის მონაცემებია ასახული (2016-2017 სასწავლო წლის სტატისტიკა ინფორმაციის გამოთხოვის მომენტში ცნობილი არ იყო).
ცხრილი 1:
მედალოსანთა რაოდენობით გამორჩეული მუნიციპალიტეტები, 2015-2016 სასწავლო წელი
№ | მუნიციპალიტეტი | სკოლების რაოდენობა | მედალოსნების რაოდენობა | სკოლებისა და მედალოსნების რაოდენობის პროცენტული თანაფარდობა |
1 | ქუთაისი | 51 | 187 | 366.7% |
2 | თბილისი | 294 | 907 | 308.5% |
3 | ბათუმი | 47 | 118 | 251% |
4 | ზესტაფონი | 36 | 79 | 219.4% |
5 | რუსთავი | 36 | 78 | 216.7% |
6 | ხაშური | 32 | 68 | 212.5% |
7 | დედოფლისწყარო | 16 | 31 | 193.7% |
8 | გორი | 73 | 130 | 178.1% |
9 | სამტრედია | 37 | 64 | 173% |
10 | თერჯოლა | 25 | 40 | 160% |
11 | გურჯაანი | 25 | 39 | 156% |
12 | თელავი | 29 | 40 | 137.9% |
13 | საჩხერე | 33 | 45 | 136% |
14 | სენაკი | 28 | 37 | 132.1% |
როგორც აღმოჩნდა, პროცენტულად, სკოლების რაოდენობის გათვალისწინებით, გასულ წელს ყველაზე მეტი მედალოსანი ქუთაისზე მოდიოდა. 51 სკოლიდან მედალი 187-მა მოსწავლემ აიღო, რაც ერთ სკოლაზე მოსწავლეთა რაოდენობით 366.7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თბილისი, სადაც სკოლებისა და მედალოსანთა თანაფარდობა 308.5%-ია.
ბადრი ვაშაკიძე რესურს-ცენტრში 2013 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. ქუთაისის სკოლებში დარეგისტრირებული მედალოსნების რაოდენობის ბოლო წლების მონაცემები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოგვაწოდა, ასე გამოიყურება:ცხრილი 2:
მედალოსანთა რაოდენობა ქუთაისში (2011-2016 სასწავლო წლების მონაცემები)
წელი | სკოლების რაოდენობა | მედალოსნები |
2010-2011 | 57 | 258 |
2011-2012 | 54 | 86 |
2012-2013 | 54 | 78 |
2013-2014 | 54 | 120 |
2014-2015 | 54 | 131 |
2015-2016 | 51 | 187 |
შესამჩნევია, რომ ბოლო წლების მონაცემები საგრძნობლად ჩამორჩება 2011 წლის მონაცემს, როცა ქუთაისში სკოლა 258-მა მედალოსანმა დაამთავრა. თუმცა, როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს ქუთაისში 78 მედალოსანი მოსწავლე იყო, ხოლო 2014 წელს, ვაშაკიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მათი რიცხვი 120-მდე გაიზარდა (თუმცა, რამდენად არის ეს მისი დამსახურება, რთული სათქმელია). ასევე, მედალოსანთა რიცხვი მომდევნო წლებშიც მზარდია. თუმცა, ბადრი ვაშაკიძის განცხადებაში ჩამოთვლილი მონაცემები სრულად არ ემთხვევა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
დასკვნა
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2016 სასწავლო წელს ქუთაისი, პროცენტულად, მედალოსნების რაოდენობით საქართველოში მართლაც პირველი იყო. ასევე მზარდია ბოლო წლებში იმ ქუთაისელი მოსწავლეების რაოდენობაც, რომლებიც სკოლას ოქროსა და ვერცხლის მედლით ამთავრებენ.
თუმცა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ დასახელებული რიცხვები, ქუთაისში ბოლო წლების მედალოსანთა რაოდენობის შესახებ, ბოლომდე არ ემთხვევა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და გარკვეულწილად გადაჭარბებულია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ბადრი ვაშაკიძის განცხადება არის სიმართლე.