“ (ე.წ. მოსმენების) კანონს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. თუმცა, პარლამენტმა ეს შენიშვნები არ გაიზიარა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოახერხა და კანონი 2017 წლის 22 მარტს მიიღო.
2017 წლის აპრილში საქართველოს 326 მოქალაქემ (მათ შორის, სახალხო დამცველმა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი პოზიციით,აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ პროცესზე ის საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს.
19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა: „პრეზიდენტის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით ზოგადად ცნობილია. რაც შეეხება სასამართლოს მეგობრის სტატუსს, შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, რომ ის შეუთავსებელია პრეზიდენტის ინსტიტუტთან… სასამართლოს მეგობარი შეიძლება იყოს არსებითად არასახელისუფლებო სუბიექტი. ზოგადად, ასე არის მოაზრებული ეს ინსტიტუტი სამართლებრივ სივრცეში. შესაბამისად, როდესაც სარჩელს წარადგენს უფლებამოსილების მქონე სუბიექტი და გამოდის როგორც სასამართლოს მეგობარი, ეს კანონმდებლობის ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) ინსტიტუტი ანგლო-ამერიკულ სამართალში წარმოიშვა და პირველად აშშ-ში, 1980-იანი წლების ცალკეულ სასამართლო საქმეებში გვხვდება. მოგვიანებით, ეს ინსტიტუტი კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებშიც ამუშავდა. ინსტიტუტის მიზანია, პირს ან პირთა ჯგუფს, რომელთა ინტერესის სფეროში შედის სასამართლოში განსახილველი საკითხი, მაგრამ ის არ არის რომელიმე მხარე, შეეძლოს სასამართლოსთვის თავისი არგუმენტების წარდგენა და პროცესში უშუალოდ ჩართვა. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სასამართლოს გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამართლებრივ პროცესებში რეპრეზენტატულობას. საქართველოში სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი პირველად საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში, 2009 წელს დაინერგა. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, აღნიშნული ინსტიტუტი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაშიც ამოქმედდა. საქართველოს კანონის - „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“, მე-14 (1) მუხლში საუბარია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტზე და ნათქვამია, რომ ამ სტატუსით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით მიმართოს. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული მხედველობაში მიიღოს აღნიშნული წერილობითი მოსაზრება ან, პირიქით, სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშიც. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს სასამართლოს მეგობარი, აღნიშნულ მუხლში ერთადერთი დათქმა არის ის, რომ პირი არ უნდა წარმოადგენდეს პროცესში მხარეს, სხვა მხრივ რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის მხრიდან ამ სტატუსით სარგებლობის უფლებას - სასამართლო მეგობრის ინსტიტუტის ხანმოკლე წარსულის გათვალისწინებით, ჯერჯერობით, საქართველოში სახელმწიფო ოფიციალური პირებიდან მხოლოდ სახალხო დამცველმა ისარგებლა. იგი 2010 წლიდან აქტიურად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოში მეგობრის სტატუსს სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობას „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი ანიჭებს (მუხლი 21, პუნქტი ე).
პრეზიდენტის სასამართლო მეგობრის სტატუსით პროცესში მონაწილეობა შესაძლოა შემდეგ კითხვებს ბადებდეს:
- პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა სასამართლოს მოსარჩელეს პოზიციიდან მიმართოს, რატომ არ იყენებს იგი ამ შემთხვევაშიც სარჩელის (კონსტიტუციის 89-ე მუხლი) ფორმას?
- რადგან პრეზიდენტი საბოლოო ჯამში ხელს აწერს კანონებს, ხომ არ არის იგი ამ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მხარე?
და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არ სურს იყოს მხარე. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს სასამართლოს თავისი მოსაზრებებით და არგუმენტებით გააძლიეროს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მეორე მოსაზრებას, ამ კითხვით ფაქტ-მეტრმა სამართლის სხვადასხვა სპეციალისტს მიმართა, ასევე სთხოვა შეეფასებინათ, რამდენად აქვს პრეზიდენტს შესაძლებლობა, სასამართლოს მეგობრის სტატუსით ისარგებლოს.
ფაქტ-მეტრმა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა.მათი განცხადებით, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, რომელიც პრეზიდენტს ამ სტატუსით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს, შესაბამისად, რადგან ეს აკრძალული არ არის ე.ი. დაშვებულია. მათივე შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონებს პარლამენტი იღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში მეორე მხარე პარლამენტია და არა პრეზიდენტი, შესაბამისად, პრეზიდენტის მხარედ განხილვა არასწორი მიდგომაა.
ჩვენ ვახტანგ ხმალაძესაც (საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი 2013-2016 წლებში) დავუკავშირდით, მისი შეფასებით პრეზიდენტს აქვს უფლება ამ სტატუსით ისარგებლოს. აღნიშნულ პროცესში პრეზიდენტი მხარე იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის იქნებოდა მოსარჩელე. მისივე განცხადებით, ამ ინსტიტუტით სარგებლობის შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა პრეზიდენტს არ უკრძალავს.
გიორგი მშვენიერაძის (საჯარო სამართლის სპეციალისტი) თქმით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის სტატუსით შესაძლებელია წარდგნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. კანონი არაფერს გვეუბნება, აქვს თუ არა მსგავსი კომპეტენცია საერთაშორისო ორგანიზაციებს ან სახელმწიფო დაწესებულებებს. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავდნენ არა იურიდიული და ფიზიკური პირები, არამედ სახელმწიფო დაწესებულებები და თანამდებობის პირები. მაგალითად, სახალხო დამცველი, როგორც თანამდებობის პირი მიმართავდა და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. თუმცა, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონისგან განსხვავებით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონით, სახალხო დამცველს მსგავსი უფლებამოსილება გააჩნია. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გამოცდილება, როდესაც სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები მიიღო ვენეციის კომისიისგან. სასამართლოს აქვს თუ არა უფლება მიიღოს პრეზიდენტის მოსაზრებები, როგორც სასამართლო მეგობრის მოსაზრებები? მე ვფიქრობ, ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია თავად კანონმდებლობის სასამართლოსეულ ინტერპრეტაციაზე“.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს არა მოსარჩელის, არამედ მეგობრის სტატუსით მიმართავს. 2003 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს ოჰაიოს რელიგიური სკოლის ქეისის განხილვისას სარჩელის ნაცვლად, სასამართლოს მეგობრის სტატუსის წერილით მიმართა. დასკვნა სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობისთვის ახალი რეალობაა, შესაბამისად, არ მოიპოვება ბევრი შემთხვევა, რომელიც ამ საკითხზე უფრო ფართოდ მსჯელობის საშუალებას მოგვცემდა. მით უმეტეს, რომ სასამართლო მეგობრის ინსტიტუტის სათავე პრეცედენტული ანგლო-ამერიკული სამართალია. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 (1) მუხლი სასამართლოს მეგობრის სტატუსით სარგებლობის უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, თუ იგი განსახილველ საქმეში მხარე არ არის.
მიუხედავად საქართველოში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტის მცირე ხნიანი წარსულისა, მაინც გვაქვს შემთხვევები საკონსტიტუციო სასამართლოს იმგვარი პრაქტიკის, როდესაც ის იურიდიული პირის ცნებაში არ მოიაზრებს მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კერძო სამართლის ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, არამედ უფრო ფართოდ უყურებს ამ საკითხს (მაგალითად, ვენეციის კომისიის მონაწილეობა სასამართლოს მეგობრის სტატუსით).
ფაქტ-მეტრის მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ პრეზიდენტს სასამართლო მეგობრის სტატუსით სარგებლობის უფლება ნამდვილად აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა განმარტებებს გააკეთებს სასამართლო. მსგავს შემთხვევებში არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ეს სასამართლოს კონპეტენციაა, მათ შორის, არც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია იყოს ასე დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი ვერ იქნება სასამართლოს მეგობარი.
ამდენად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პრეზიდენტის ინიციატივა კანონმდებლობას პირდაპირ ეწინააღმდეგება, არის ტყუილი.