ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში, მუსლიმთა პანსიონის გახსნა იგეგმება, თუმცა სამი წელია, შენობის ბედი გაურკვეველია. სასწავლებელი 2014 წლის 13 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ შენობის ეზოში ღორი დაკლა და მისი თავი სასწავლებლის მთავარ შესასვლელზე მიამაგრა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რელიგიური კონფლიქტის საფრთხე გაჩნდა. მოსახლეობის თქმით, როცა თურქეთის მოქალაქემ სახლი შეიძინა, განაცხადა, რომ იქ სასტუმროს გახსნიდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სახლი მედრესესთვის

იყო განკუთვნილი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აქ ორმოცდახუთ ბავშვს უნდა ესწავლა. ადგილობრივები თვლიდნენ, რომ ეს „მათი ძმა მუსლიმების შეცდომაში შეყვანა და თურქეთის მზაკვრული პოლიტიკის ნაწილი იყო“.

2014 წლის 9 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ბათუმის საქალაქო სასამართლოს, პანსიონის მფლობელი ორგანიზაციის სახელით, სარჩელი გაუგზავნა.

ორწლიანი განხილვის შემდეგ, 2016 წლის 19 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა კერძო პირების მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის, პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადი ხელშეშლის, მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვისა და დევნის ფაქტების შესახებ.

პანსიონის საკითხი სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრში მიმდინარე წელსაც მოექცა. 2017 წლის 31 მარტს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში

ნათქვამია, რომ შენობას არ აერთებენ წყალგაყვანილობის სისტემაზე, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, ხელს უშლის სამუშაოებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობას შორის სიმშვიდის შესანარჩუნებლად არჩეული მეთოდი პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არაა, რადგან მხოლოდ მუსლიმი მრევლი ზარალდება.

2014 წელს შპს „ქობულეთის წყალსა“ და პანსიონისთვის განკუთვნილი შენობის მფლობელ შპს M&B-ს მინდობილ პირს შორის წყალგაყვანილობის სისტემაზე დაერთების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ობიექტი სისტემაში დღემდე ჩართული არაა, რაც ხელს უშლის პანსიონის ფუნქციონირებას. ომბუდსმენმა რეკომენდაციით

მიმართა ქობულეთის გამგებელ სულხან ევგენიძესა და შპს „ქობულეთის წყალს“ და აღნიშნული საკითხის მოგვარება სთხოვა. წერილში ნათქვამია, რომ შენობის მფლობელმა კომპანიის ანგარიშზე 1 650 ლარი - აბონენტად აყვანის ღირებულება - გადაიხადა, მაგრამ შპს „ქობულეთის წყალმა“ სამუშაოები დღემდე ვერ განახორციელა, რადგან მართლმადიდებელი მოსახლეობა  სასტიკი წინააღმდეგია. 2014 წლიდან დღემდე „ქობულეთის წყალმა“ სამუშაოების დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადასწია, უმეტესად მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა ფაქტ-მეტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა: „როდესაც სახალხო დამცველი გამოსცემს რეკომენდაციას დისკრიმინაციის შესახებ და მოპასუხეა საჯარო უწყება, [სახალხო დამცველს] აქვს მექანიზმი, რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისგან რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ ამ მექანიზმის გამოყენებას ვგეგმავთ“.

შუბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი უწყება ბევრჯერ დაუკავშირდა გამგეობას იმის გასაგებად, როგორ აპირებდა ის აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. რესპონდენტის თქმით, გამგეობა ყოველთვის პასუხობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პანსიონის ფუნქციონირების წინააღმდეგია. სახალხო დამცველის რჩევის მიუხედავად, რომ ქობულეთის გამგეობამ პრობლემის მოგვარების მიზნით საქმეში შსს ჩართოს, „ქობულეთის წყალმა“ შენობა დღემდე წყალარინების სისტემაზე ვერ დააერთა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა სახის აქტივობები გაატარა ქობულეთის გამგეობამ, რათა აღნიშნული საკითხისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება შეცვლილიყო. ჩვენ ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლებთან გასაუბრება ვცადეთ. ისინი პანსიონის გახსნას ახლაც ეწინააღმდეგებიან. მათი განწყობა ამ ეტაპზე კიდევ უფრო ნეგატიურია. კომენტარზე უარს ამბობენ, იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს არ ენდობიან. თუმცა, ანგელინა ყურშუბიძე, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა,

პირად საუბარში აცხადებს, რომ სინამდვილეში მიდგომა მათ მიმართაა დისკრიმინაციული და ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს: „ას წელზე მეტია ეს დასახლება არსებობს და ასეთი რამ არ ყოფილა. ძალიან გაბრაზებული ვარ ჟურნალისტებზე, რაც ვუთხარი, ყველაფერი ამოჭრეს და არ გამოჩნდა, რომ ჩვენ დაზარალებულები ვართ. გამაფრთხილეს, ამ თემაზე არ ვისაუბრო“.  ვცადეთ გაგვერკვია, ვინ და რატომ გააფრთხილა ჩვენი რესპონდენტი, მაგრამ საუბარში მისი ოჯახის წევრი მამაკაცები ჩაერივნენ და ანგელინა ყურშუბიძეს ჩვენთან ლაპარაკის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივები თვლიან, რომ მუსლიმთა სასწავლებლის გახსნა აზარალებს მათ რელიგიურ შეხედულებებს. როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, სასამართლოსა და უფლებადამცველთა ენაზე საუბარი, როცა ადგილობრივებს მუდმივად დამნაშავის პოზიციაში ყოფნა უწევთ, კიდევ უფრო ამძაფრებს აგრესიას. შედეგად ჩნდება უარყოფითი განწყობა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პანსიონის ან მეჩეთის გახსნის, არამედ განსხვავებული რელიგიების მიმართ. გამგეობა დილემის წინაშეა, რადგან ვერც ადგილობრივ მოსახლეობას ეწინააღმდეგება და ვერც პანსიონის გახსნაზე იტყვის დასაბუთებულ უარს.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში წერია: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დისკრიმინაციული მიდგომა ვერ გამოიკვეთება, ვინაიდან საკითხის მოწესრიგებისას მეორე მხარეს აღმოჩნდა მოსახლეობა, რომელიც გამოხატავს პროტესტს უკიდურესი ფორმით, ვინაიდან შენობა-ნაგებობა, რომლის წყალარინების სისტემაზე მიერთებაცაა მოთხოვნილი, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში და ფუნქციური დანიშნულებით იყო საცხოვრებელი. მეზობლები და არა მარტო სამეზობლო არეალში  მცხოვრები მოსახლეობა, მიიჩნევენ, რომ ასეთი დაწესებულების გახსნა დაუშვებელია მოცემულ ზონაში. გამგეობა იძულებითი სახით პრევენციის აღკვეთას  ვერ განახორციელებს“. ამავე წერილში ნათქვამია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება, ცნობიერების ამაღლებისა და კონფლიქტის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ხვდება მოსახლეობას და ცდილობს სიტუაციის განმუხტვას. მოსახლეობასთან ჩვენი გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ამ შეხვედრებმა ნაყოფი ვერ გამოიღო, რადგან მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა აღნიშნული პრობლების მოუგვარებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრალი, როცა მის წინააღმდეგ სახალხო დამცველი სარჩელს შეიტანს.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი