მიმდინარე წლის 8 ივნისს, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა: „თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს, თქვენი პროგნოზი ეკონომიკურ ზრდაზე, რეალურ შედეგს არ დამთხვევია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ეკონომიკური ზრდის ტემპი გვიჩვენებს რამდენად სწრაფად იზრდება ან მცირდება ქვეყნის რეალური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) წინა წლის რეალურ მშპ-ის მაჩვენებელთან შედარებით. რეალური მშპ გვიჩვენებს ქვეყანაში წარმოებული საბოლოო პროდუქციის რეალურ მოცულობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის სიდიდედ არის მიჩნეული.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2.1%, 2017 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0%, ხოლო 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.2% შეადგინა. ყოველწლიურად, მშპ-ის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი (პროგნოზი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
გრაფიკი 1:
მშპ-ის ზრდის რეალური და პროგნოზირებული ტემპი 2013-2017 წლებში, %
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შენიშვნა:*რეალური მშპ-ის ზრდის 2017 წლის პირველი ოთხი თვის მაჩვენებელია ასახული, ხოლო პროგნოზი მთლიანი 2017 წლისთვისაა მოცემული
2013
წელს მშპ-ის ზრდის რეალური ტემპი მნიშვნელოვნად (2.6% პუნქტით) ჩამორჩა მშპ-ის ზრდის პროგნოზირებულ ტემპს. 2014 წელს, რეალური მაჩვენებელი პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 0.4% პუნქტით ნაკლები იყო. 2015 წელს მშპ-ის ზრდის რეალური მაჩვენებელი 2.1%-ით ჩამორჩებოდა მთავრობის პროგნოზს, ხოლო 2016 წელს 0.3% პუნქტით ნაკლები იყო. რაც შეეხება 2017 წელს, რადგანაც ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი თვის მონაცემები გვაქვს, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. აქვე აღსანიშნავია, რომ მთავრობის პროგნოზებზე საუბრისას, ვგულისხმობთ წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების ფარგლებში გაწერილ მშპ-ის ზრდის პროგნოზს და არ ვითვალისწინებთ წლის განმავლობაში შეცვლილ პროგნოზებს.
საინტერესოა, რამდენი დაკარგა საქართველოს ეკონომიკამ 2013-2016 წლებში იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არ გამართლდა. 2013-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რომ გამართლებულიყო, 2016 წელს რეალური მშპ დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იქნებოდა, ვიდრე ფაქტობრივად დაფიქსირდა (27 მილიარდი ლარი).
ჩვენ ასევე ვნახეთ, მშპ-ის ზრდის რა ფაქტობრივი მაჩვენებლები და პროგნოზები იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2004-2012 წლებში. რადგანაც 2004 წლის ეკონომიკური პროგნოზი ვერ მოვიპოვეთ, გთავაზობთ მშპ-ის რეალური ზრდის და მშპ-ის ზრდის პროგნოზების შედარებას 2005-2012 წლებში.
გრაფიკი 2:
მშპ-ის ზრდის რეალური და პროგნოზირებული ტემპი 2005-2012 წლებში, %
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც ვხედავთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებელი უმეტესად აღემატებოდა პროგნოზირებულ მაჩვენებლებს. მხოლოდ ორ წელს - 2008-ში და 2009-ში, რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ჩამორჩა პროგნოზირებულ მაჩვენებლებს (2008 წელს 5.2% პუნქტით, 2009 წელს 4.8% პუნქტით). 2008-2009 წლების დაბალი მაჩვენებლები აიხსნება 2008 წლის აგვისტოს ომით და 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ომისგან დაზარალებული საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
დასკვნა 2013-2016წლებში, მთავრობის მიერ დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკაში გაცილებით ნაკლები დოვლათი შეიქმნა. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ თავდაპირველად დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჯერჯერობით არასდროს დამთხვევია რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. 2013, 2014, 2015, 2016 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველთვის ნაკლები იყო მთავრობის მიერ პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდაზე.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.