სოფელ მოხეში მდგარი ერთ-ერთი საკულტო ნაგებობა ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზი 2014 წლის 18 ოქტომბერს გახდა. მოხეში მოსახლეობა ორად მას შემდეგ გაიყო, რაც ხელისუფლებამ სოფლის ცენტრში არსებულ შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება გადაწყვიტა. მუსლიმთა მტკიცებით, ეს შენობა მეჩეთია და სხვა დანიშნულებით მისი გამოყენება არ შეიძლებოდა. ისინი შენობის მათთვის გადაცემას ითხოვდნენ. მართლმადიდებლების აზრით კი, მუსლიმთა სალოცავი ეკლესიის ნანგრევებზე აიგო, რის გამოც იქ მუსლიმთა ლოცვას არ დაუშვებდნენ.

შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემას არ ემხრობოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაც. ეპარქიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, მე-16 საუკუნეში ამ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო. 1920-იან წლებში კი, ეკლესიების ნგრევის შემდეგ, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა ეკლესიის ქვებით დაიწყო.

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა. მუსლიმი თემის მტკიცებით, შენობა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვენ, 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი ჰქონდა. საბჭოთა ეპოქაში ის დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით -  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად. 2007 წლიდან შენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.

მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში შეიქმნა. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. „უნდა შეიქმნას კომისია, რადგან ამ საკითხს არ ეყოფა მხოლოდ ადგილობრივი გამგეობა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ბუნებრივია, ეს არის დამატებით დარგის სპეციალისტების გადასაწყვეტი. მე ვგულისხმობ ხუროთმოძღვრებს, ხელოვნებათმცოდნეებს, არქიტექტორებს, არქეოლოგებს. შესაბამისად, საჭიროება მოითხოვს გარკვეულ დროს. სიტუაციის გარკვევის შედეგად - როგორც ქრისტიანულმა, ასევე მუსლიმმა თემმა, გამოთქვა მზაობა გამოიყოს ორივე მხრდან მათი ნდობით აღჭურვილი პირები და ჩაერთოს ამ საკითხში გამგეობა, ჩავერთვებით ჩვენც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო და ამ სამუშაო ფორმატში მოხდება საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა

ვაშაყმაძემ.

საბოლოოდ, კომისია 2014 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა და იგი 11 წევრით დაკომპლექტდა. აქედან სამი - მუსლიმთა თემის, სამი - საქართველოს საპატრიარქოს და ორი –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი  იყო (გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი). კომისიის

შემადგენლობაში შედიოდა ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელიც კომისიას თავადვე ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის პირველი სხდომა 2014

წლის 27 დეკემბერს გამართულიყო, ხოლო კომისიას საკითხის საბოლოო ამოწურვამდე ემუშავა და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსის გზით მიეღო. თითქმის ორწლიანი მუშაობა ე.წ. მოხის კომისიამ 2016 წლის 1 დეკემბერს შესაბამისი გადაწყვეტილებით დაასრულა.

გადაწყვეტილება

სამ ძირითად პირობას მოიცავდა:

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის სოფელ მოხეში მდებარე 1 400 (1)* კვ.მ მიწის ნაკვეთის ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის გადაცემას;
  • სადავო საკულტო ნაგებობის სადავო სტატუსით მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას;
  • სადავო შენობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შეტანას.
ე.წ. „მოხეს შენობა“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 1 მაისის ბრძანების მიხედვით, კულტურული

მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ ისე შევიდა. ნიკა ანთიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში საფუძვლიანი კვლევების ჩატარება გახდეს საჭირო, რომელიც შენობის  წარმომავლობას და არქიტექტურას შეისწავლის, თუმცა, მისი თქმით, დღეისთვის მიღებული გადაწყვეტილება იყო ოპტიმალური, რათა უსაშველოდ არ გაგრძელებულიყო დავა ორ თემს შორის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სოფელში ახალი მეჩეთი ცენტრიდან დაახლოებით 50 მეტრში აშენდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კოორდინაციის პასუხისმგებლობა იკისრა და ამავდროულად კომისია გაუქმებულად გამოაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე მიუთითა, რომ მომავალში ანალოგიური წესით განხორციელდება სხვა მსგავსი შემთხვევების გადაწყვეტა. კომისიის ამ გადაწყვეტილებას მოხის ადგილობრივი მუსლიმი

თემი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„აღსანიშნავია, რომ თავიდანვე კომისია შეიქმნა არსებული ნახევრად დაშლილი შენობის წარმომავლობის დასადგენად, კომისიამ ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეა წამოჭრა, რაც არანაირად არ იყო ადგილობრივების მოთხოვნა, სწორედ ამიტომ მოსახლეობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ კომისიას საჯაროდ უნდობლობა გამოუცხადა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოხის მუსლიმი თემი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, კატეგორიულად აპროტესტებს ყოფილი მეჩეთის ისტორიულ სადავო საკულტო ნაგებობად დაკონსერვებასა და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეას, აგრძელებს ღია ცის ქვეშ ლოცვის რიტუალის შესრულებას, მანამ, სანამ სახელმწიფო არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ისტორიულ სალოცავს არ დაუბრუნებს ადგილობრივ მუსლიმებს რელიგიური რიტუალების შესასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)“ გამოეხმაურა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაურკვეველია, კომისიამ, რომელსაც მოხეში მდებარე ნაგებობის კულტურული ღირებულების შესაფასებლად არ ჩაუტარებია არანაირი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციაც არ გააჩნია, რის საფუძველზე განსაზღვრა სადავო შენობისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ე.წ. მოხის კომისიის დაპირება – გაერკვია სოფელში სადავო შენობის წარმომავლობის საკითხი – არ შესრულდა, ასევე არ შესრულდა კომისიაში საკითხის შესასწავლად შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართვა.

კომისიის 31 თვიანი მუშაობის მიუხედავად, ადგილობრივებმა შედეგად მიიღეს ის, რომ  შენობა არ გადაეცემა არც მუსლიმ თემს, არც ქრისტიან მრევლს და მას სადავო საკულტო ნაგებობის სტატუსი მიენიჭება. კომისიამ ასევე გადაწყვიტა, რომ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის ასაშენებლად გამოეყოს მიწის ნაკვეთი, ხოლო სადავო შენობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში იქნას შეტანილი.

ამდენად, ზაზა ვაშაყმაძის დაპირება არ შესრულდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი