სოციალური ფონი გაუარესებულია, თბილისში უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისში შექმნილ სოციალურ ფონზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში, მან უფასო სასადილოების ბენეფიციართა ზრდაზე ისაუბრა და ბოლო წლების სტატისტიკა მოიყვანა: „2014 წელს თბილისის უფასო სასადილოებში რეგისტრირებული იყო 14 000 ადამიანი, 2015 წელს - 26 000, 2016 წელს - 32 000 და 2017 წელს ბენეფიციართა რაოდენობა 38 000-მდეა გაზრდილი“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. თბილისის ათ რაიონში 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარს დღეში ერთხელ შეუძლია. ერთი ადამიანის დღიური ულუფის საფასური 1.18 თეთრია. დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და მათ აღრიცხვას დღეს თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის #2344 ბრძანება არეგულირებს. ამ ბრძანების გამოცემამდე აღნიშნულ საკითხს თბილისის მერის 2012 წლის 5 დეკემბრის #3355 განკარგულება არეგულირებდა. ორივე აქტის მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება. რაც შეეხება სიაში განმცხადებლების შეყვანის რიგითობას, ის განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. უპირატესობა ენიჭება იმ განმცხადებელს, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე დარეგისტრირდა. თავდაპირველად, პირი დამატებით სიაში ხვდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება დამატებითი სიიდან ხორციელდება. დამატებითი სიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს. ბოლო წლების განმავლობაში უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხა და ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე ადრეც წერდა.   ცხრილი 1: 2013-2017 წლებში უფასო სასადილოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა, ათასი ლარი
წელი 2013 2014 2015 2016 2017
უფასო სასადილოების დაფინანსება 8 511 10 804 13 638 14 475 16 203
  ცხრილი 2: 2013-2017 წლებში უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა ძირითად და დამატებით სიებში
წელი 2013 2014 2015 2016 2017
ბენეფიციართა რაოდენობა 22 361 27 600 32 367 37 141 38 000
დამატებითი სია 1 118 1 380 1 618 1 837 1 900
  აღსანიშნავია, რომ დამატებითი სიის გარდა არსებობს სარეზერვო სიაც. თავდაპირველად პირის სარეზერვო სიაში შეყვანა ხდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება ამ სიიდან ხორციელდება. როდესაც ძირითად სიას სოციალურად დაუცველი მოქალაქე რაიმე მიზეზის - გარდაცვალების, სოც. სტატუსის ცვლილების ან გაცდენების გამო (ათ გაცდენაზე მეტის შემთხვევაში) აკლდება, მის ადგილს სარეზერვო სიის ბენეფიციარი იკავებს. დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საკვები ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩება, თუმცა სარეზერვო სიის ბენეფიციარები ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ. მიმდინარე წელს თბილისის სარეზერვო სიაში 6 628 პირია რეგისტრირებული. რაც შეეხება სოციალური ფონის გაუარესებას, ამის დასადგენად ჩვენ 2013-2017 წლებში თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა გავაანალიზეთ.   ცხრილი 3: 2013-2017 წლებში თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა
წელი 2013 2014 2015 2016 2017 - მაისი
სოც. დაუცველთა რაოდენობა 298 219 299 595 293 057 221 446 172 244
არაუმეტეს 200 000 ქულის მქონე 275 804 276 475 270 227 205 215 167 873
  როგორც აღმოჩნდა, ბოლო ხუთი წლის სტატისტიკის მიხედვით, თბილისში 2017 წელს სოციალურად დაუცველთა ყველაზე მცირე რაოდენობაა რეგისტრირებული. ყოველწლიურად მცირდება უფასო სასადილოების პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობაც (სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000 არ აღემატება). ბოლო პერიოდში უფასო სასადილოების საკითხი სხვა კუთხითაც გახდა აქტუალური. კერძოდ, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“ უფასო სასადილოების მონიტორინგის წარმოება დაიწყო. მათი ინფორმაციით, უფასო სასადილოს თითქმის ყველა ბენეფიციარი აქცენტს საკვების დაბალ ხარისხზე აკეთებს და გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფის დაკვირვებით, რეალურად უფასო სასადილოების მომსახურებით გაცილებით ნაკლები ბენეფიციარი სარგებლობს, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული. ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგის დროს უფასო სასადილოებში კორუფციის სქემა გამოიკვეთა. კერძოდ, შეუსაბამობაა სასადილოების რეალურ მოსარგებლეთა რაოდენობას და ოფიციალურად დარეგისტრირებულთა რაოდენობას შორის, რის შედეგადაც ყოველწლიურად 8-9 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება. მათ მოპოვებული ინფორმაცია პროკურატურას გადასცეს. ლევან ხაბეიშვილისვე ინფორმაციით, აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით, პროკურატურაში საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. უფასო სასადილოებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩვენ ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას #14-ში მდებარე უფასო სასადილოს ვეწვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს მედეა აზარაშვილთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენი ვიზიტი შეთანხმებული იყო, ადგილზე მისულებს სასადილოს დიასახლისმა სასადილოში არსებული მდგომარეობის გაცნობის საშუალება არ მოგვცა. დიასახლისი დაუკავშირდა ვინმე - რეზოს (სავარაუდოდ კონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელს), რომლისგანაც დირექტივა მიიღო, რომ ჩვენთვის არც სამზარეულოში შეხედვის და არც სასადილოში გარკვეული დროით დაყოვნების უფლება მოეცა. მოგვიანებით, ჩვენ მედეა აზარაშვილს კვლავ დავუკავშირდით, რომელმაც ბოდიში მოგვიხადა და შექმნილი სიტუაცია იმით ახსნა, რომ ბოლო დროს ყველა ცდილობს უფასო სასადილოების შემოწმებას, რის გამოც კონტრაქტორი (ვინმე - რეზო) გაღიზიანებულია.   დასკვნა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უფასო სასადილოებით მოსარგებლეთა რიცხვი მართლაც იზრდება, ასევე იზრდება სარეზერვო სიაც. თუმცა, ეს ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ღარიბი მოსახლეობის მატებით, არამედ სოციალურად დაუცველთა მეტი ინფორმირებულობით სასადილოების შესახებ და, შესაბამისად, მათდამი გაზრდილი მიმართვიანობით. მით უმეტეს, რომ სოციალური სააგენტოს მონაცემით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი (ანუ, პოტენციური ბენეფიციარების) ბოლო წლებში მცირდება. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სასადილოების ბენეფიციართა რიცხვი ხელოვნურად არის გაზრდილი. ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიებაც მიმდინარეობს. უფასო სასადილოების ირგვლივ არსებული არაერთი წინააღმდეგობრივი დეტალის გამო ფაქტ-მეტრი კონკრეტული ვერდიქტის გამოტანისგან თავს იკავებს. ჩვენ უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ სიახლეებს მომავალშიც მივადევნებთ თვალს. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურაში უფასო სასადილოების შესახებ დაწყებული გამოძიება ჯეროვნად წარიმართება და საზოგადოება ამ თემის შესახებ სიმართლეს გაიგებს.