„2011 წლის შემდეგ ქვეყანა პირველად გახდა [ელექტროენერგიის] ნეტო ექსპორტიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს ექსპორტი უფრო მეტია ვიდრე იმპორტი. წინა წელთან შედარებით იმპორტი შემცირებულია 31%-ით, ხოლო ექსპორტი 15%-ით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მონაცემებით,საქართველომ გასულ წელს 12.4 მლნ კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ ნიშნულზე 12%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში (2012-2016 წლებში) ქვეყნის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდებოდა. საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში შემავალი ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები კი 2016 წლისთვის შემცირებულია. ქვეყანამ იმპორტის სახით 2016 წელს დამატებით 478 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო, 559 მლნ კვტ. სთ კი ექსპორტზე გაიტანა. ამდენად, გასულ წელს საქართველო ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გახდა და ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობის სალდომ კვტ.სთ-ებში დადებითი მნიშვნელობა მიიღო, რაც 2011 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
ცხრილი 1:საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი (მლნ კვტ.სთ)
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | |
ელექტროენერგიის მოხმარება | 9 907.5 | 10 140.6 | 10 773.8 | 11 041.7 | 12 435.3 |
ელექტროენერგიის ექსპორტი | 528.1 | 450.3 | 603.6 | 659.9 | 559 |
ელექტროენერგიის იმპორტი | 614.5 | 484.1 | 851.9 | 699.2 | 478.9 |
მოხმარების ცვლილება (%) | 7.0 | 2.4 | 6.2 | 2.5 | 12.6 |
ექსპორტის ცვლილება (%) | -43.2 | -14.7 | 34.0 | 9.3 | -15.3 |
იმპორტის ცვლილება (%) | 30.5 | -21.2 | 76.0 | -17.9 | -31.5 |
ესკო-ს ანგარიშის მიხედვით ჩანს, რომ ელექტროენერგიის სავაჭრო სალდოს დადებითი ცვლილება 2016 წელს ექსპორტისა და იმპორტის შემცირებამ განაპირობა, თუმცა, მეტად სრულყოფილი სურათისთვის საჭიროა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ფულად მნიშვნელობაში გამოხატული მონაცემების გათვალისწინებაც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016წელს ელექტროენერგიის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა) 44.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 58%-ით ნაკლებია. 2011 წლიდან 2013 წლამდე ელექტროენერგიის სავაჭრო ბრუნვა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ბრუნვის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაიზარდა, შემდეგ წლებში კი ისევ შემცირდა (როგორც 2015, ისე 2016 წელს). აღნიშნული მონაცემების დოლარში გამოხატული მნიშვნელობის შემცირება გარკვეულწილად ლარის გაუფასურებით იყო განპირობებული, თუმცა შემცირების ტემპები მხოლოდ ხსენებული მიზეზით არ შეიძლება აიხსნას. როგორც ზემოთ ვნახეთ, ტენდენციაზე გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება-მოთხოვნის კლებასაც.
გრაფიკი 1:
ელექტროენერგიით ვაჭრობის მაჩვენებლები 2011-2016 წლებში, ათასი დოლარი
წყარო: საქსტატი2016
წელს, წინა წელთან შედარებით, დოლარში გამოხატული ექსპორტი 14.3%-ით, ხოლო იმპორტი 50.2%-ით შემცირდა. ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 2013 და 2015 წლებშიც შემცირდა, შესაბამისად - 7%-ით და 14%-ით. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში მონაცემს კლების ტენდენცია აქვს, იგი მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს გაიზარდა 110%-ით.
საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის სავაჭრო სალდო ორჯერ, 2011 და 2016 წლებში იყო დადებითი. ყოველი სხვა წლის განმავლობაში იმპორტი ექსპორტს აჭარბებდა. 2016 წელს იმპორტმა 21 842 მლნ, ხოლო ექსპორტმა 22 346 მლნ დოლარი შეადგინა, დადებითი სავაჭრო სალდო კი 505 ათასი დოლარის ტოლი იყო.
დასკვნა 2011
წლის შემდეგ საქართველო 2016 წელს ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა პირველად გახდა. ქვეყანამ გასულ წელს 12 435 მლნ კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა, იმპორტის სახით დამატებით 478 მლნ კვტ.სთ ენერგია მიიღო, 559 მლნ კვტ.სთ კი ექსპორტზე გაიტანა. 2015 წელთან შედარებით, როგორც ირინა მილორავას განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 15.3, იმპორტისა კი 31.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რამაც სავაჭრო სალდოს მნიშვნელობის დადებითი ცვლილება განაპირობა. აღნიშნული ცვლილება გამოხატულია ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის დოლარში გამოხატულ მნიშვნელობებშიც.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირინა მილორავას განცხადება არის სიმართლე.