იმოქმედებს. თუმცა, გაურკვეველია, არასაომარი ვითარების დროს კონკრეტულად სად და რა ფორმით იმუშავებს უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანო.
7 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი წარადგინა,სადაც სახელმწიფო თავდაცვასა და უსაფრთხოებაზეა საუბარი. მათ შორის იყო ეროვნული უშიშრობის საბჭოს საკითხიც.
საკომიტეტო შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის მიერ ცვლილებების მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა. ირაკლი კობახიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რაქვიაშვილის რეპლიკაც: "ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდებით". პარლამენტის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს მდივანს სუბორდინაციის შესახებ შეახსენა და განაცხადა:"ჩვენ გვაქვს ძალიან დრამატული პრობლემები სისტემაში, განსაკუთრებით იმ მხარეს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო უშიშროების საბჭო. როდესაც საჯარო მოსამსახურე ასე მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს დამატებითი მანიშნებელია იმისა, რომ უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც აცდენილია ყველას და ყველაფერს… თქვენ ბრძანდებით უშიშროების საბჭოს მდივანი, თქვენ არ ხართ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და თქვენ უნდა იცოდეთ როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს... პრობლემაა, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის როგორი დისკუსია უნდა მოხდეს საჯარო მოსამსახურესა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს შორის".
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დამატებითი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის მისი სტატუსი და ფუნქცია. მისივე თქმით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოსამსახურე: "გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, ანუ საბჭოს მდივნის მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადი იყო საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან. სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი და ფუნქცია. მას ჰგონია, რომ ის წარმოადგენს უშიშროების საბჭოს. მე წარმოვადგენ უშიშროების საბჭოს, მე ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ისევე როგორც პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ა.შ. მე ვარ უშიშროების საბჭო და როცა უშიშროების საბჭოს სახელით მდივანი მელაპარაკება, გამოდის, რომ მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე".ფაქტ-მეტრი ირაკლი კობახიძის განცხადებებით დაინტერესდა და შესაბამისი ფაქტები გადაამოწმა:
- აქვს თუ არა უშიშროების საბჭოს მდივანს უშიშროების საბჭოში იგივე უფლებები, როგორიც საბჭოს სხვა წევრებს და შეუძლია თუ არა მას, საბჭოს სახელით ისაუბროს;
- უშიშროების საბჭოს მდივნისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი სტატუსები;
- რამდენად სამართლიანია პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა უშიშროების საბჭოს მდივნის მიმართ, რომ მან სუბორდინაცია უნდა დაიცვას.
ორგანული კანონით განსაზღვრული საკითხები.
იგივე კანონის თანახმად, უშიშროების საბჭოს ჰყავს მუდმივმოქმედი წევრები: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. საბჭოს წევრებს თანაბარი უფლებრივი მდგომარება აქვთ და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წევრების 2/3-ის თანხმობის შედეგია. უშიშროების საბჭოს მდივანს (დღეისთვის დავით რაქვიაშვილს), "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონი (მუხლი 3, მუხლი 4) საბჭოს სახელით მუშაობისა და საუბარის უფლებას აძლევს.
რაც შეეხება საჯარო სამსახურის სტატუსს, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დღეისთვის მოქმედი ვერსიით,საჯარო სამსახურის მოხელეებს განეკუთვნებიან შემდეგი სტატუსის მქონე პირები: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, მოხელე, დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე (მუხლი 5). ამ მუხლის გათვალისწინებით, უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც დანიშნული მოხელე, ატარებს საჯარო მოსამსახურის სტატუსს. იგივე მუხლის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, თავადაც საჯარო მოხელეა.
რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობას, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და რომლის არჩევის ან დანიშვნის წესი კონსტიტუციით განისაზღვრება. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონიაკონკრეტებს ამ სტატუსის შესაბამის პირებს: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები (მუხლი 1).
ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალში არ შედის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიცია, თუმცა, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"თანამდებობის პირად (არა პოლიტიკური თანამდებობის), სხვა პირებთან ერთად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსაც მიიჩნევს (მუხლი 2). მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რადგან იგი პირდაპირი გზით არ აირჩევა და არც მისი დანიშვნა ხდება კონსტიტუციის საფუძველზე, იგი არის თანამდებობის პირი, რადგან მას ნიშნავს პირდაპირი გზით არჩეული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი - პრეზიდენტი.
უწყებათაშორისი სუბორდინაციული სისტემის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა საქართველოში დღეისათვის არ არსებობს. გამოიყენება ტერმინი ირიბი სუბორდინაცია, რომელიც კონსტიტუციაში სახელმწიფო შტოებისა და სტრუქტურების ჩამონათვალის რიგითობის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ეს მხოლოდ პირობითი დაყოფაა და არა რეალური საკანონმდებლო რეგულაცია. სუბორდინაციის სისტემა მოქმედებს კონკრეტული უწყების/სამსახურის შიგნით და იგი არ ვრცელდება უწყებათა შორის.
საჯარო მოხელე და სახელმწიფო თანამდებობის პირი როგორ უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, შეუძლია თუ არა თქმა: "ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდებით", ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არ აწესრიგებს, ყოველ შემთხვევაში, ფაქტ-მეტრმა მსგავსი რეგულაცია ვერ მოიპოვა.
დასკვნა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრაზე ირაკლი კობახიძის განცხადების შინაარსი უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის მიმართ სუბორდინაციისკენ მოწოდება იყო. კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მასზე ვრცელდება საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" და მას არ აქვს უფლება ილაპარაკოს საბჭოს სახელით, ასევე, არ აქვს უფლება თანასწორივით ელაპარაკოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს.
ეს განცხადება აცდენილია რეალობას, რადგან დავით რაქვიაშვილი არის უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, მისი მუდმივი წევრი და "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონი მას იგივე უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს, როგორითაც სარგებლობენ ორგანოს სხვა წევრები.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედი ვერსიით საჯარო მოხელეებს განეკუთვნებიან როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ისე სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე პირები. რაც შეეხება პოლიტიკური-თანამდებობის პირს, საბჭოს მდივანი ამ სტატუსით არ სარგებლობს, მაგრამ სარგებლობს თანამდებობის პირის სტატუსით. რაც შეეხება სუბორდინაციულ სისტემას, უწყებათა შორის სუბორდინაციულ დამოკიდებულებას საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. დავით რაქვიაშვილს სრული უფლება ჰქონდა საკომიტეტო მოსმენაზე საკუთარი პოზიცია გაეჟღერებინა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.