გაავრცელა: „ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსება კატასტროფულ მდგომარეობაშია. წელიწადში მხოლოდ 16 მილიონი ლარი იხარჯება ყველაფერზე, რაც კი ფსიქიატრიას ეხება... მაშინ, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს მიაღწია, წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიფსიქიკური ჯანმრთელობის (პროგრამული კოდი 35 03 03 01) დაფინანსება 16 მლნ ლარით განისაზღვრა. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება 1 მლნ ლარით გაიზარდა წინა წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, თუმცა, გასული წლის რეალურ ხარჯთან შედარებით 442 ათასით შემცირდა.
2012-2016წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის და რეალური ხარჯი მუდმივად აღემატება დამტკიცებულ გეგმას.
გრაფიკი 1:
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მლნ ლარი)
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე ჯამში 894.4 მლნ ლარი იხარჯება, აქედან მხოლოდ 1.7% მოდის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსებაზე.
საქართველოს მთავრობის N638დადგენილების თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესი შეიცვალა. ცვლილების თანახმად, მწვავე შემთხვევების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება შემცირდა, ქრონიკული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება კი გაიზარდა.
2016 წელსმწვავე შემთხვევის სტაციონარული მკურნალობისთვის 840 ლარი იყო განსაზღვრული. 2017 წელს ერთი შემთხვევის ღირებულება თვეში 690 ლარმდე შემცირდა. ასევე, განისაზღვრა დღიური მკურნალობის ანაზღაურების ლიმიტი - 46 ლარი, მანამდე დღიური ლიმიტი არ არსებობდა.
ქრონიკული ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტების გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობა ანაზღაურდებოდა თვის ვაუჩერით - 450 ლარი, რაც დღეში 15 ლარი გამოდის. დაფინანსების წესის ცვლილების შემდეგ, ქროკნიკული პაციენტის სტაციონარული მკურნალობა ანაზღაურდება დღიური ვაუჩერით - 19 ლარი.
მწვავე შემთხვევებისას სტაციონარული მომსახურების დაფინანსების შემცირება პირდაპირ აისახა მრავალპროფილურ კლინიკებზე, რომელთაც ფსიქიატრიული განყოფილება გააჩნდათ და სწორედ მწვავე შემთხვევებს ემსახურებოდნენ. 2017 წლის იანვარში, თბილისის ორ მრავალპროფილურ კლინიკაში, მოზრდილთა ფსიქიატრიულში და ღუდუშაურში, ფსიქიატრიული განყოფილებები დაიხურა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა ფსიქიატრიული მომსახურების მრავალპროფილურ კლინიკებში ადაპტირება, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების ინტეგრირებას საზოგადოებაში და იცავს მათ სტიგმისგან. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებს თბილისში სულ 3 მრავალპროფილური კლინიკა ემსახურებოდა, აქედან ორმა განყოფილება გააუქმა. რეგიონებში აქამდეც მხოლოდ მონოპროფილური კლინიკები ფუნქციონირებდა.
დაფინანსების წესის ცვლილებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაიმართა საპროტესტო აქციები. 2017 წლის იანვარში ასევე გავრცელდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიმართვა.ისინი დაფინანსების წესის ცვლილებას აპროტესტებდნენ და პარლამენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლისკენ მოუწოდებდნენ.
დაფინანსების წესის ცვლილებაზე განმარტებაგააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ: „მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევაში მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე. ის ამ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ შედიოდა იგივე, ან სხვა კლინიკაში იმისთვის, რომ ამ კლინიკებს გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე“.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გარკვეულწილად ეთანხმება საზოგადოების პროტესტს. მისი თქმით,ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მთავარი პრობლემა დაფინანსებაა, პროგრამისთვის საკმარისი თანხა არ არსებობს. მისივე თქმით, თუ მომავალ წელს პროგრამის დაფინანსება არ გაიზრდება, კომიტეტი ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
დასკვნა 2017წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება 16 მლნ ლარს შეადგენს. 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება 1 მლნ ლარით გაიზარდა წინა წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, თუმცა გასული წლის რეალურ ხარჯთან შედარებით 442 ათასით შემცირდა. 2013-2015 წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მცირედით იზრდებოდა. 2016 წელს პროგრამის დაფინანსება არ გაზრდილა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი და ფაქტიური შესრულება მუდმივად აღემატება დამტკიცებულ გეგმას.
ფსიქიატრიის სფეროს მთავარ პრობლემად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მცირე ბიუჯეტს ასახელებენ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები. ანალოგიური მოსაზრება აქვს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესი შეიცვალა. ცვლილების თანახმად, ქრონიკული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება გაიზარდა. მწვავე შემთხვევების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება კი შემცირდა, რასაც მრავალპროფილურ კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა მოჰყვა.
რომან გოცირიძის განცხადება არ არის ბოლომდე ზუსტი. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის გამოყოფილ თანხას ის ზუსტად ასახელებს და ეს თანხები ნამდვილად არ არის საკმარისი, მისი განცხადების ნაწილი - „წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება“ - სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო წლებში პროგრამის ბიუჯეტი, 2016 წლის გარდა, ყოველწლიურად მცირედით იზრდებოდა.
ამდენად, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.