„საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერსდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციის აღქმის ინდექსს (CPI)ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე დგება და განსაზღვრავს კორუფციის აღქმის დონეს საჯარო სექტორში, ასევე, ახდენს ქვეყნების რანჟირებას კორუფციის აღქმის მიხედვით. ეს მაჩვენებელი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზეა შედგენილი, ამიტომ, გვიჩვენებს არა კორუფციის რეალურ დონეს, არამედ მოსახლეობის აღქმას კორუფციის დონის მიმართ. CPI-ის ინდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდოა და ზუსტად ასახავს როგორია კორუფციის აღქმის დონე სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნულ რეიტინგში, 2016 წლის მონაცემებით, საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იკავებს.
გრაფიკი 1:საქართველოს ადგილი კორუფციის აღქმის რეიტნგში, 2008-2016 წლები
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
როგორც ვხედავთ, 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ადგილი აღნიშნულ რეიტინგში მუდმივად უმჯობესდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო.
2016წლის მონაცემებით, კორუფციის აღქმა ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (90 ქულა), შესაბამისად, ეს ორი ქვეყანა კორუფცის აღქმის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ყველაზე მაღალია სომალიში (10 ქულა).
ცხრილი 1:
ტოპ 10 ქვეყანა 2016 წელს კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით
ქვეყანა | ქულა | |
1 | დანია | 90 |
2 | ახალი ზელანდია | 90 |
3 | ფინეთი | 89 |
4 | შვედეთი | 88 |
5 | შვეიცარია | 86 |
6 | ნორვეგია | 85 |
7 | სინგაპური | 84 |
8 | ნიდერლანდები | 83 |
9 | კანადა | 82 |
10 | გერმანია | 81 |
რაც შეეხება საქართველოს ადგილს ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, აქ საქართველო კორუფციის დონით 21-ე ადგილს იკავებს.
გრაფიკი 2:
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ტოპ 21 ქვეყანა (კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით)
კორუფიციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ბევრ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 10-ს (ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, იტალია, უნგრეთი და სხვა). ცენტრალური აზიის რეგიონში კი ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ პირველ ადგილზეა.
დასკვნა
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, 2016 წლის მონაცემებით საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ბევრ ევროპულ, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე კარგი მაჩვენებელი აქვს, ხოლო ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგიზლეა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი თავის განცხადებაში ქვეყანაში კორუფციის დონეზე საუბრობდა, ჩვენ მიერ განხილული ინდექსი კი, გვიჩვენებს არა კორუფციის დონეს, არამედ მოსახლეობის აღქმას კორუფციის დონის მიმართ. მაგრამ, რადგან კორუფციის შესახებ სხვა მასშტაბური კვლევა არ არსებობს, საერთაშორისო გამჭვირვალობის ამ კვლევით კორუფციის დონის შეფასება მეტ-ნაკლებად მაინც რელევანტურია.
შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.