ქუთაისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლო იყო აბსოლუტურად მკვდარი ორგანო 2012 წლამდე. ბოლო წლების სტატისტიკა რომ ავიღოთ, საშუალოდ 3-4 გადაწყვეტილება მიიღებოდა 2009, 2010, 2011, 2012 წლებში. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გაცოცხლდა 2012 წელს... ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება, იმ დემოკრატიული გარდატეხის, რომელიც 2012 წელს განხორციელდა“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სტატისტიკისმიხედვით, 2009-2012 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში ჯამში 77 სარჩელი შევიდა, 2013-2016 წლებში კი 258 კონსტიტუციური სარჩელი და 59 კონსტიტუციური წარდგინება (საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას ახორციელებს პარლამენტი ან საქმის განმხილველი სასამართლო). საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების რაოდენობა 2014 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნვაია, რომ 2014 წლიდან საერთო სასამართლოებმა დაიწყეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებების შეტანა. წინა წლების სტატისტიკაში კონსტიტუციური წარდგინებები არ გვხვდება. საკონსტიტუციო სარჩელების და კონსტიტუციური წარდგინებების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2016 წელს.
ცხრილი 1:
საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელები და წარდგინებები
წლები | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
სულ | 17 | 20 | 13 | 27 | 22 | 51 | 86 | 158 |
კონსტიტუციური სარჩელი | 17 | 20 | 13 | 27 | 22 | 46 | 76 | 114 |
კონსტიტუციური წარდგენა | 5 | 10 | 44 |
სარჩელების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა დაკმაყოფილებული სარჩელების რაოდენობაც. 2009-2012 წლებში საკონსტიტუციო სასამართლომ 7 სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ამავე პერიოდში 7 სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2013-2016 წლებში სრულად დაკმაყოფილდა 28 სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10 სარჩელი.
ცხრილი 2:
კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვის შედეგები
წლები | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
დაკმაყოფილდა | 2 | 1 | 1 | 3 | 4 | 10 | 6 | 8 |
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა | 2 | 4 | 1 | 2 | 1 | 3 | 4 | |
არ დაკმაყოფილდა | 5 | 1 | 2 | 2 | 1 | 2 | 8 | |
შეწყდა სასამართლო წარმოება | 1 | 9 | 4 | 2 | 5 | 10 | 11 | 7 |
არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად | 11 | 16 | 9 | 10 | 3 | 10 | 15 | 27 |
ჯამი | 21 | 27 | 20 | 16 | 16 | 32 | 37 | 54 |
2012
წლის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მართლაც გააქტიურდა. პარლამენტის თავმჯდომარე თავის განცხადებაში ცდილობს, რომ ეს ხელისუფლების მიღწევად წარმოაჩინოს. მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ საზოგადოებაში მთავრობის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლო გავლენის მოპოვების მცდელობაზე. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ფაქტორებმა განაპირობა საკონსტიტუციო სარჩელების ზრდა.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სარჩელების და მათ შორის დაკმაყოფილებული სარჩელების რაოდენობის ზრდა იმ დემოკრატიულ გარემოს უკავშირდება რაც ქვეყანაში არსებობს.
"სარჩელების რაოდენობის ზრდა შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობოს. პირველი, საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებაში გააჩინა სასამართლოს მიმართ ინტერესი და გაზარდა სასამართლოს ცნობადობა. სარჩელების ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლოა მივიჩნიოთ ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაკონსტიტუციური ნორმების რაოდენობა, რაც არც თუ მცირეა. ამასთან, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში იზრდება უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სარჩელების რაოდენობა. მაგალითად წელს ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პლატფორმა „ეს შენ გეხებას“ ორგანიზებით სასამართლოში 300-მდე კონსტიტუციური სარჩელია შესული", - განაცხადა მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოსადმი 2012 წლის არჩევნების შემდგომ ნდობის ზრდა შესაძლოა დავუკავშიროთ იმ ფაქტორს, რომ სასამართლოს შემადგენლობა წინა ხელისუფლების პერიოდში იყო დაკომპლექტებული და საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდა განცდა, რომ ამის გამო სასამართლო ხელისუფლების მიმართ ლოიალური არ იქნებოდა. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილი ცდილობდა მეტი სარჩელი შეეტანა სასამართლოში, მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლილებამდე.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ჩვენთან საუბრში აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის შემდეგ დაიჭირა პრინციპული პოზიცია, მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა აამაღლა. საზოგადოების გააქტიურების პარალელურად, საერთო სასამართლოებმა დაიწყეს წარდგინებების შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში“. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სასამართლოში ერთ საქმეზე ბევრი ერთნაირი/მსგავსი სარჩელი შედის, რამაც საერთო ჯამში სარჩელების რაოდენობა გაზარდა.
საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ გამხდარა მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსამართლეთა ნაწილს ღიად ადანაშაულებდნენ მიკერძოებაში და მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამომხატველად მოიხსენიებდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უკმაყოფილება 2015 წლის სექტემბერში, გიგი უგულავას სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ახალი ხელისუფლების პირობებში უგულავას საქმე იყო ერთ-ერთი პირველი რეზონანსული საქმე. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურების მცდელობა ქონდა ერთ-ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას, რომელიც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, საბოლოოდ კი უარი თქვა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადებაგაავრცელეს: „უგულავას საჩივრის განხილვის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა, ვინაიდან მოსამართლემ დამაჯერებლად ვერ განმარტა საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები“.
უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა მოსამართლეების სახლთან საპროტესტო აქციები გამართეს, იყო შეურაცმყოფელი და მუქარის განცხადებები. ამ ფაქტს საკონსტიუტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და სამართალდამცავებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მომსამართლეების სახლთან აქციები გამოხატვის თავისუფლებად შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, დაუშვებელია მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას მანიფესტაცია, ამ ფაქტს სამართალდამცავების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია (ამ თემაზე იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობოების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებები სასამართლოს პარალიზებას გამოიწვევდა. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). იყო მცდელობები პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების გაჭიანურების, როდესაც მოსამართლეები ცდილობდნენ თვითაცილებას. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც სასამართლოში მნიშვნელოვანი საქმე განიხილებოდა, ერთ-ერთი მოსამართლე კი ძაღლებს ასეირნებდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).საქმის გაჭიანურების მიზეზი ერთის მხრივ ისიც იყო, რომ მოსამართლეთა ძველ შემადგენლობას ვადა გასდიოდა და ცდილობდნენ საქმე განსახილველად მოსამართლეთა ახალ შემადგენლობას გადასცემოდა.
განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება „რუსთავი 2“-ის საქმეების განხილვას მოჰყვა. „რუსთავი 2“-მა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა გაასაჩივრა, რომელიც ამორალურ გარიგებას შეეხება. საჩივრის ავტორების აზრით, ეს ნორმა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. სასამართლო კოლეგიის ერთ-ერთი წევრის, მერაბ ტურავას შუამდგომლობით, საქმე პლენუმს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლება, იყო ერთ-ერთი საკანონმდებლლო ცვლილება, რომელიც 2016 წელს პარლამენტმა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გაჭიანურდა. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა. მისი განცხადებით, ზეწოლა ხდებოდა იმ მიზნით, რომ "მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი". საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო პარალიზებაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გავლენის მოპოვების მცდელობად შეაფასესსაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის არჩევა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, მანანა კობახიძე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მიმდინარე წლის თებერვალში აირჩია.
ხელისუფლების მხრიდან საკონსტუტუციო სასამართლოს გავლენის მოპოვების მცდელობაზე ისაუბრა ჩვენთან გიორგი მშვენიერაძემ. მისი თქმით, „ყველა ხელისუფლებას, მათ შორის მოქმედ ხელისუფლებას აქვს სასამართლოზე გავლენის მოპოვების ცდუნება. ამის თვალსაჩინო გამოხატულება იყო ის პროცესები, რომელიც სასამართლოში გასულ წელს წარიმართა და რასაც საფუძვლად სწორედ ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები დაედო, რომლის დიდი ნაწილი თავად სასამართლომ მოგვიანებით არაკონსტიტუციურად ცნო. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და სასამართლოსადმი ნდობა“.
დასკვნა
საკონსტიტუციო სასამართლოში 2013 წლიდან (წინა პერიოდთან შედარებით) მართლაც შეინიშნება სარჩელების ზრდა და, შესაბამისად, დადებითი გადაწყვეტილებების ზრდაც. სასამართლო განსაკუთრებით 2014 წლიდან გააქტიურდა და არაერთი გახმაურებული, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის განხილვა მოუწია.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ანალიტიკოსის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გააქტიურებაში მთავრობის პოზიტიური როლი და მის მიერ შექმნილი "დემოკრატიული გარემო" არ ყოფილა და ეს შედეგი იმან გამოიწვია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყო თითქმის ერთადერთი ორგანო, რომლის კონტროლსაც მოქმედი ხელისუფლება ვერ ახერხებდა, თუმცა, ამის მცდელობები ჰქონდა.
ფაქტ-მეტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.