ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ღონისძიებებისთვის მიდიან რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები მივლინებებში და რა კონკრეტული შედეგი დგება ამ ვიზიტებით.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძე ერთ-ერთი მივლინებით ფილიპინებში (2015 წელს) იმყოფებოდა. მივლინებისას მან „ბელადის“ როლი მოირგო - საზოგადოებამ ამის შესახებ Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტოთიშეიტყო.
„მივლინებაში დამავიწყდა როდის ვიყავი. სხვები უფრო ხშირად დადიან და ისინი ჩაწერეთ, მე რა შუაში ვარ?!“, - განაცხადა სატელეფონო საუბარში სულაბერიძემ. მართალია, საუბრის ბოლოს მაინც დაგვთანხმდა კომენტარზე, თუმცა შეთანხმებულ დროს დაკავშირებისას, ჩვენ ზარს არ უპასუხა.
სულაბერიძის და რუსთავის საკრებულოს ორი წევრის ფილიპინებში მივლინების შედეგების შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ამბობს, რომ ამ მივლინებისას ფილიპინების ერთ-ერთი ქალაქი დაუმეგობრდა რუსთავს. სხვა კონკრეტულ შედეგებზე კი მას ინფორმაცია არ აქვს. „სხვათა შორის, რაღაც კულტურულ გაცვლაზე არის ლაპარაკი. იყო რაღაც კონკრეტული წინადადება, მაგრამ ბოლოს, სიმართლე გითხრათ, რა მოხდა აღარ ვიცი“, - ამბობს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე.
თავის მივლინებებზე კი მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბოლოს პოლონეთში და აშშ-ში იყო. „სადღაც ორი კვირის წინ ვიყავი პოლონეთის ქალაქ პლოცკში. ეს არის რუსთავის ახალი დამეგობრებული ქალაქი და იქ იყო რუსთავის დღეები. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გააკეთეს საქართველოს კუთხე, ასევე იყო ძველი და ახალი, რეაბილიტირებული რუსთავის დიდი სურათები წარმოდგენილი. მე ამის პრეზენტაცია გავაკეთე“, - აცხადებს მაღლაკელიძე. ის ამბობს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, თვითმმართველობის საკითხებზე პლოცკის გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. კონკრეტულად კი იმაზე, რომ რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომელთა პლოცკში გადამზადება მოხდება.
„გვითხრეს, რომ სასტუმროს და კვების ხარჯებს თავად დაფარავენ, ჩვენ გზის ხარჯის დაფარვა მოგვიწევს. ამაზე ვართ მორიგებულები. ახლა მოკითხვა გავაკეთე ამ თემაზე და დაიწყება მიმოწერა უშუალოდ პრაქტიკაში, როგორ შევიდეთ“, - დასძენს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. ამერიკაში კი, როგორც გვიხსნის, საგანმანათლებლო მიზნებით სტუდენტების გაცვლითი პროცესის ხელშეწყობისთვის იყო.
მივლინებების ნაკლებობა არ აქვთ რუსთავის მერიაშიც, თუმცა აღნიშნული მიზნისთვის მათ გასულ წელს საკრებულოზე 17 439 ლარით ნაკლები აქვთ დახარჯული. მერიის საჯარო მოხელეთა მივლინებების სიას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური გვაწვდის.
ჩამონათვალში არის რუსთავის მერის მოადგილის, დავით ლობჟანიძის მივლინება უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში, ქალაქის 355-ე იუბილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე (2017 წლის 5-8 მაისი). ვიზიტის მიზანი, როგორც საჯარო უწყებიდან გვწერენ, „ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. მოეწყო ქალაქ რუსთავის სამრეწველო და ტუსრისტული პოტენციალის პრეზენტაცია“.
მიმდინარე წლის 11-15 მაისს კი პოლონეთს ესტუმრა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ეკა პაპუაშვილი, მე-19 ევროპული პიკნიკის კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. „აღნიშნული ვიზიტიც გაცნობითი ხასიათის იყო. რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე ქალაქის ძველი ნაწილის არქიტექტურის, კონკრეტულად კოსტავას გამზირის პრეზენტაცია წარმოადგინა“, - ამ ინფორმაციასაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური გვაცნობს.
რუსთაველ საჯარო მოხელეთა მივლინებების ჩამონათვალშიარის აგრეთვე ქალაქის მერის ვიზიტები სტრასბურგში, თუმცა მათთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ხარჯები „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALA)” დაფარა.
მივლინებების ზოგად სარგებელზე რუსთავისთვის, თავის აზრს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე გვიზიარებს: „რა არის იცით? ეგეთი რაღაცეებიც [გულისხმობს მივლინებებს] აუცილებელია და რატომ?! როდესაც ჩვენ რუსთავქალაქობა გვაქვს სიტყვაზე, 26 მაისი, რაღაც ღონისძიება გვაქვს - მეგობარი გიმშვენებს საერთოდ გვერდსო ნათქვამია. იმ მეგობარსაც, რომ ვეპატიჟებით ჩამოდიან. აი, მაგალითისთვის გეტყვით, უფრო მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლონეთთან. იმიტომ, რომ პოლონეთი არის ძალიან განვითარებული“, - ამბობს რუსთავის საკრებულოს პირველი პირი.
ეს, ცხადია, არაა სრული ჩამონათვალი იმ სამსახურებრივი ვიზიტებისა, რომელსაც რუსთავის თვითმმართველობის საჯარო მოხელეები ახორციელებენ. თვითმმართველობის ზოგადი პოზიციით, ამ გზით ისინი საკუთარი ქალაქის ცნობადობას ზრდიან, ასევე, ხელს უწყობენ ინვესტიციების მოზიდვას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. რამდენად კარგად ასრულებს ამ მიზნებს რუსთავის თვითმმართველობა, ამის შეფასებას მკითხველს მივანდობთ.