„თურქეთის რესპუბლიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16%-ს შეადგენს, რითაც დასტურდება სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია. 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტმა 76 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მე-3 ადგილზეა“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქსტატის მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფქვილი და ხორცი, თევზი, ელექტროენერგია და წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (ე.წ. „არმატურა“). ხოლო, თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები, სამკურნალო საშუალებები, მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან, იზოლირებული კაბელები და მავთულები, სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი და სხვა.
რაც შეეხება საქართველოს თურქეთთან ვაჭრობის წილს მთლიან ვაჭრობაში, ის 2010-2017 წლების განმავლობაში 12.7%-სა და 17.2%-ს შორის მერყეობდა - 17.2%-ს 2014 წელს მიაღწია და 2016 წლისთვის 12.7%-მდე შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით, საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი მთლიან ვაჭრობაში 14.6%-ს შეადგენს. მინისტრის მიერ ნახსენები 16%-ანი წილი მხოლოდ 2010-2011 წლებში ფიქსირდება.
ცხრილი 1:თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა და თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიან ვაჭრობაში
წყარო: საქსტატი2016
წელთან შედარებით საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მაჩვენებელი 19%-ით არის გაზრდილი, თუმცა სტაბილური ზრდა უკანასკნელ წლებში ექსპორტის თვალსაზრისით არ ფიქსირდება. პირიქით, 2015 და 2016 წლებში 22%-იანი და 7%-იანი კლება შეინიშნება.
ცხრილი 2:
საქართველოს ექსპორტი თურქეთში და ექსპორტის მოცულობის ზრდის ტემპი
წყარო: საქსტატი2017
წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტმა მართლაც 76 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელი კი 64 მლნ აშშ დოლარი იყო. ანუ, მიმდინარე წლის მაჩვენებელი 18.75%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან: რუსეთი (125 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთი (78 მილიონი აშშ დოლარი) და თურქეთი (76 მილიონი აშშ დოლარი).
დასკვნათურქეთის რესპუბლიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, 14.6%-ია. გასულ წლებშიც, 16%-იანი წილი მხოლოდ 2010-2011 წლებში ფიქსირდება.
2014წლის შემდეგ საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის შემცირების ტენდენცია აქვს და არა ზრდის. მიმდინარე წელს გაზრდილია თურქეთში საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი, 19%-ით, თუმცა ზრდის სტაბილური ტენდენცია არც ექსპორტის მხრივ გვაქვს. 2015-2016 წლებში თურქეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
2017წლის იანვარ-აპრილის მონაცემების გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებისას ეკონომიკის მინისტრი ზუსტ მონაცემებს ასახელებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.