იტვირთება

„რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ვალიაური ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებს, რომ ქალაქ გორში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძისა და ქალაქ გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ნათესავები და ახლობლები იგებენ.

„2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა მერის ან მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლებს აქვთ მოგებული. მეტიც, ქალაქ გორის მერის ბოლო ორი მივლინება ტენდერში გამარჯვებულ მის სიძესთან ხელშეკრულების გაფორმებას დაემთხვა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მერის ადგილზე არყოფნის გამო ხელშეკრულებას ხელი მისმა მოადგილემ მოაწერა“, - აცხადებს ვალიაური.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2014

წლის აგვისტოდან (ახალი თვითმმართველობის ამოქმედებიდან) დღემდე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას კატეგორიით - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები - სულ 77 ტენდერი აქვს გამოცხადებული. აქედან, ორი ტენდერი მიმდინარეა, 16 არ შედგა, შეწყდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა, 59 მათგანთან კი ხელშეკრულება გაფორმებულია. ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ პერიოდში ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რამდენჯერმე გამარჯვებული კომპანია გამოკვეთა და მათი მფლობელების ვინაობაც გაარკვია.

აღნიშნულ კატეგორიაში, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ხშირად მოგებულ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი ტენდერი შპს „შარას“ აქვს მოგებული (12 ტენდერი), მას მოსდევს შპს „არქმშენსტუდია 2002“ (9 ტენდერი), შემდეგ შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" (7 ტენდერი) და ბოლოს შპს „ვერელი +“ (3 ტენდერი).

ქვემოთ მოცემულია კომპანიების მიერ მოგებული ტენდერებიდან მიღებული თანხები:

შპს "შარა"
25.04.2017 119 700 ლარი
04.01.2017 81 717 ლარი
30.09.2016 79 999 ლარი
07.10.2016 25 780 ლარი
21.04.2016 414 631 ლარი
21.12.2015 12 013 ლარი
25.11.2015 37 830 ლარი
04.11.2015 1 263 451 ლარი
16.10.2015 157 985 ლარი
23.07.2015 713 890 ლარი
15.06.2015 60 000 ლარი
25.11.2014 165  896 ლარი

შპს "არქმშენსტუდია 2002"
16.05.2017 28 623 ლარი
09.12.2016 15 999 ლარი
21.11.2016 27 038  ლარი
09.11.2016  9 700 ლარი
07.10.2016 13 040 ლარი
12.09.2016 1 980   ლარი
29.08.2016 11 676 ლარი
29.07.2015 93 540 ლარი
17.11.2014 117 671 ლარი

შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"
24.05.2017 717 000 ლარი
17.05.2017 183 415 ლარი
24.04.2017 567 400 ლარი
11.05.2017 444 000 ლარი
25.05.2016 220 000 ლარი
23.10.2015 119 999  ლარი
28.07.2015 768 451  ლარი

შპს "ვერელი +"
02.03.2017 63 110 ლარი
16.08.2016 43 499 ლარი
04.07.2016 122 221 ლარი

ამ კომპანიების მფლობელების დასადგენად, თითოეული მათგანის საჯარო რეესტრის ამონაწერები გადავამოწმეთ, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შპს „შარას“ 33% გორის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს ეკუთვნისმაკრახიძეების გვარს უკავშირდება შპს „არქმშენ სტუდია 2002“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იმავე საჯარო მოხელის ძმა ალექსანდრე მაკრახიძეა. უნდა აღინიშნოს, რომ ძმები მაკრახიძეები გასულ წლებში პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა ნუსხაშიც ფიქსირდებიან. იოსებ მაკრახიძეს 2012 და 2016 წლებში შემოწირულობის სახით გადარიცხული აქვს 75 000 ლარი (25 000 ლარი "ნაციონალური მოძრაობისთვის", 50 000 "ქართული ოცნებისთვის") რაზეც ადრე ფაქტ-მეტრიც წერდა.

ხოლო, ალექსანდრე მაკრახიძეს კი 2012 წელს გადარიცხული აქვს ("ნაციონალური მოძრაობისთვის")  - 8 000 ლარი.

რაც შეეხება "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს, მისი დირექტორი და 50% იანი წილის მფლობელი შოთა აბულაძეა, დანარჩენ 25-25%-იან წილს კი ნუგზარ და ნუკრი აბალაკები ინაწილებენ. მათზე რაიმე კავშირის დადასტურებულად თქმა შეუძლებელია, თუმცა როგორც „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი“ წერდა,

შოთა აბულაძე მაკრახიძეების ოჯახის ახლობელია.

შპს „ვერელი +“-ის მფლობელი კი ქალაქ გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის დის ქმარია. მას 2014-2017 წლებში დანარჩენ სამ კომპანიასთან შედარებით ყველაზე მცირე რაოდენობის ტენდერი აქვს მოგებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია სახელმწიფო ტენდერებში 2014 წლის თვითმართველობამდე უფრო ფიგურირებდა, ვიდრე მას შემდეგ. შესაძლოა ეს მერთან კავშირის გამჟღავნებისა და ოპოზიციის განცხადებების შედეგად ტენდერების  ჩაშლასაც უკავშირდებოდეს. „ვერელი +“-ის ზურა ჯირკველიშვილთან კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებაში სკანდალის მიზეზიც გახდა. რაც შეეხება ალექსანდრე ვალიაურის განცხადების მეორე ნაწილს, როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, შპს „ვერელი +“-თან ხელშეკრულების გაფორმებისას გორის მერი ქვეყანაში მართლაც არ იმყოფებოდა და სატენდერო დოკუმენტებს ხელს მის ნაცვლად ჯირკველიშვილის მოადგილე აწერდა.

მისი განცხადებით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მან აღნიშნულ შესყიდვებში მონაწილეობა არ მიიღო.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ტენდერებში ყველაზე ხშირად ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ცოლისა და ძმის კომპანიები იგებენ. 2014-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველი მათგანის კომპანიას 3 107 114 ლარი, მეორეს კი 319 267 ლარი აქვს მოგებული. „შპს ვერელი +“-ს, რომლის დირექტორიც მერის სიძეა, ჯამში 228 830 ლარის ტენდერი აქვს მოგებული. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ შესყიდვებში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გორის მერმა მონაწილეობა არ მიიღო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე ვალიაურის განცხადება არის სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, სახელისა და გვარის დამთხვევის გამო, ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი ნუკრი აბალაკი შეცდომით იყო გაიგივებული სხვა პიროვნებასთან (გამგებლის ყოფილ მოადგილესთან). მკითხველის გამოხმაურების საფუძველზე, ფაქტ-მეტრმა ეს უზუსტობა შეასწორა. ამ ხარვეზს სტატიის ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3138 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი