„კახეთის გუბერნატორის განცხადება, რომ გომბორის გვირაბის მშენებლობის პროექტი დაიწყო სამარცხვინოა. გომბორის გვირაბის მშენებლობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2011 წელს, პროექტის დამუშავებაც დაწყებული იყო და დღეს უკვე თითქმის დასრულებული უნდა იყოს მშენებლობა. ხელისუფლების პოპულისტური განცხადებები „ახალი პროექტების“ დაწყებასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი, მომავალ არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მიმდინარე წლის 9 მაისს, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის პროექტირების საკითხზე ტელეკომპანია „გურჯაანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.„განიხილება გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის პროექტირების საკითხი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
2012 წლის 12 მარტს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გომბორის გვირაბის მშენებლობა დააანონსა. „ეს იქნება ისარივით სწორი გზა. დაახლოებით 40 წუთზე ნაკლები სავალი და ეს მანძილი კიდევ უფრო შემცირდება, ვიდრე ეს შეამცირა გომბორის გზამ. ეს იქნება კახეთისთვის სრულიად ახალი სიცოცხლე და ახალი ტიპის განახლება“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, გომბორის ახალი გვირაბის მშენებლობა, რომელიც თელავს თბილისთან დააკავშირებდა, 2015 წელს დაიწყებოდა და 2017 წელს დასრულდებოდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.როგორც ფაქტ-მეტრს კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, გომბორის გვირაბის პროექტი უკვე მზად იყო და მისი განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იგეგმებოდა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული პროექტი პოლიტიკური მოტივით შეაჩერა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საინჟინრო ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელს თენგიზ გველესიანს დაუკავშირდა. გველესიანის განცხადებით, გომბორის გვირაბის მშენებლობა იდეა იყო, რომლის განხორციელებაც ყოფილი ხელისუფლების პირობებშივე ექსპერტებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.
„გომბორის გვირაბის პროექტირების საკითხი დაგეგმილი არასდროს ყოფილა. დაახლოებით 10 წლის წინ ეს იყო იდეა, რომელზეც ვმუშაობდით, მაგრამ შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დადეს დასკვნა, რომ ცივგომბორის მთები არის გეოლოგიურად არამდგრადი და იქ გვირაბის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შესვლა არის შეუძლებელი. ახლა თუ კიდევ ვინმე ლაპარაკობს ამ თემაზე არასწორია და მცდარი ინფორმაციაა“, - აღნიშნა გველესიანმა.
პროექტის არსებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც უარყვეს.
დასკვნა 2012წლის 2 მარტს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წელს გომბორის ახალი გვირაბის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, რომელიც სავარაუდოდ 2016-2017 წელებში დასრულდებოდა. აღნიშნული განცხადებიდან 4 წლის შემდეგ, გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის პროექტირების დაწყება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხელახლა დააანონსა.
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის განცხადებით, გომბორის გვირაბის პროექტი უკვე მზად იყო და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „დაიკარგა“. თუმცა, პროექტის არსებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უარყვეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განაცხადეს, აღნიშნული გვირაბის მშენებლობის იდეა სპეციალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსვე მიიჩნიეს მიზანშეუწონლად.
იმის მიუხედავად, რომ გომბორის გვირაბის მშენებლობის იდეა წინა ხელისუფლებამ დააანონსა, შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო ფაქტ-მეტრი გვირაბის მშენებლობის პროექტის არსებობას ვერ დაადასტურებს.
როგორც ფაქტ-მეტრს კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათივე თქმით, გომბორის ტერიტორიის შესწავლას ხელახლა გეგმავენ, რის შემდეგაც, თუ შესაძლებელი იქნება, გვირაბის პროექტირებას დაიწყებენ.
ფაქტ-მეტრი ამ თემას მომავალშიც გააშუქებს, ამ ეტაპზე კი, სრული ინფორმაციის არქონის გამო, გიორგი ბოტკოველის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.