მიმდინარე წლის 13 მაისს, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ლაშა თორდიამ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
გენერალური აუდიტორის განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. თორდია თავდასხმას მის სამსახურეობრივ საქმიანობას, კერძოდ კი ყოფილი მთავარი პროკურორის სავარაუდო კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მასალების მოგროვებასა და საკითხის შესწავლას უკავშირებს. როგორც 22 მაისს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნიდან ხდება ცნობილი, აუდიტის სამსახურს კითხვის ნიშნები 2016 წელს თბილისის მერიის მიერ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, მასზე მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაცემის კანონიერების შესახებ უჩნდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).
აღსანიშნავია, რომ 22 მაისს, აუდიტის სამსახურის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე, შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ელ ცენტროში“ მომხდარი ჩხუბისას პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია. გასაჯაროვდა ჩხუბის კადრებიც.
24 მაისს სოციალურ ქსელში საეჭვოდ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც, სავარაუდოდ, ლაშა თორდიაა (2016 წლის 24 დეკემბერს ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტში) ასახული. შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე (რაც მუქარას გულისხმობს) 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნებას წინ ოთარ ფარცხალაძის 14 მაისის განცხადება უსწრებდა, სადაც მან თორდიას მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
„თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თორდიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი, რომ ხშირად სიმთვრალეში მის მიერ დაკავებული, მაღალი თანამდებობისთვის შეუფერებლად იქცევა და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად, გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგომლობ და ვითხოვ, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, აღნიშნული განცხადება საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეომასალის არსებობის შესახებ, რომლის გავრცელებაც შესაძლოა მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობას ემსახურებოდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც შესაძლოა აუდიტის სამსახურის საქმიანობის განხორციელებას უკავშირდებოდეს, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
15 მაისს, საპარლამენტო უმცირესობაში შემავლმა ფრაქციებმა საქართველოს პარლამენტს „საქართველოს მთავარი აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ დადგენილების პროექტი წარუდგინეს. პარტია „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას საქმის საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობით ხსნის. ამ ეტაპზე უცნობია დაკმაყოფილდება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნა. მართალია, პლენარულ სხდომებზე დადგენილების პროექტი განიხილეს, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ დამდგარა.
უმრავლესობაში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავენ, თუმცა ამ ეტაპზე მის საჭიროებას ვერ ხედავენ, გამოძიებას ნდობას უცხადებენ და „გონივრული დროის“ გასვლას ელოდებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კი, გამოძიების პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო კომისიის მოქმედება პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება. „პარალელურ რეჟიმში გამოძიება მიმდინარეობდეს და პარლამენტი ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებებს, ასეთი რამ პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტს. თუ ჩაითვლება რომ გამოძიება არ ტარდება, ან არაეფექტურია, ან არსებობს რეგლამენტით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ იქნება სამართლებრივად სწორი მოთხოვნა კომისიის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს, რომლის კონსტიტუციური საფუძველი კონსტიტუციის 56-ე მუხლია. ამ მუხლის მიხედვით, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის (30 დეპუტატის) მოთხოვნით, საგამოძიებო ან სხვა სახის დროებითი კომისიები იქმნება. საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი კონსტიტუციითა და საქართველოს „პარლამენტის რეგლამენტის“ მე-6 თავით არის რეგულირებული.
პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:
- სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ინტერესებს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;
- რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დასკვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება. მართალია, რეგლამენტი კომისიის შექმნის საფუძვლებს ცალკე ნორმად გამოყოფს, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი ზოგადია და არ ამოწურავს საკითხთა წრეს, რომელზეც შესაძლებელია კომისიის შექმნა. პარლამენტს, რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარდა, ასევე შეუძლია დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას იმ შემთხვევაში, თუკი მიიჩნევს, რომ კონკრეტული საკითხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნის პირდაპირ აკრძალვას არ ითვალისწინებს. აღნიშნული გარემოება შესაძლოა მხოლოდ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის ეტაპზე დეპუტატთა მსჯელობის საგანი გახდეს და გარკვეული როლიც კი ითამაშოს გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის მცდარი.