გამოაქვეყნა: „მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ირანიდან ტურისტების რაოდენობამ 227%-ით მოიმატა. რამდენად უგუნურად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ორწელიწადნახევრის განმავლობაში გაუქმებული ჰქონდა ირანთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რითაც ფაქტობრივად დაანგრია ყველაზე მზარდი ტურისტული კავშირები. ერთ წელიწადზე ცოტა მეტია, რაც გამოასწორეს ეს შეცდომა და კვლავ აგრძელებს ირანი რეკორდების მოხსნას“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2013 წლის 1 ივლისიდან საქართველომ უვიზო რეჟიმი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ცალმხრივად შეაჩერა. საქართველოსა და ირანს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, 2011 წლის იანვარში ძალაში შევიდა და 45 დღიან უვიზო შეღავათს ითვალისწინებდა - საქართველოსა და ირანის მოქალაქეებისათვის, ირანსა და საქართველოში მოგზაურობის დროს. ირანთან უვიზო რეჟიმის „დროებით შეჩერებას“ ექსპერტთა ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ზეწოლას მიაწერდა, ხოლო ნაწილი მიზეზს მთავრობის იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკაში ხედავდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველომ 24 ქვეყანასთან გააუქმაუვიზო რეჟიმი. აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა, ქვეყანაში დარჩენის ვადა 360 დღის ნაცვლად 90 დღემდე შემცირდა.
ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2016 წლის 15 თებერვლიდან აღდგა,რითაც კვლავ მიენიჭათ უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე პირველი შესვლის დღიდან 45 დღემდე დარჩნენ.
სავიზო რეგულაციების შესახებ და ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო შემოსვლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2017 წლის იანვარ-აპრილში, 2016 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, ირანიდან 227%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2016 წლის პირველ ოთხ თვეში ირანიდან 20 125 ვიზიტორი შემოვიდა, 2017 წლის იმავე პერიოდში კი 65 861.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა სპეციფიკით ხასიათდებოდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2011 წლიდან 2017 წლის პირველი ოთხი თვის ჩათვლით.
გრაფიკი 1:
ირანიდან შემოსული ვიზიტორების საერთო რაოდენობა და ზრდის ტემპი
როგორც ვხედავთ, ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრად შემცირება დროის მიხედვით უვიზო რეჟიმის გაუქმებას ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ უნდა განვასხვავოთ ვიზიტორისა და ტურისტის ცნება. ჩვენ მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ზოგადად ვიზიტორების შესახებ, ვიზიტორებში შედიან ვიზიტის სამივე ტიპის წარმომადგენლები: 24 საათზე მეტი დროით ქვეყნის ფარგლებში დარჩენილები - ტურისტები; ტრანზიტის მიზნით ჩამოსულები; ერთდღიანი ვიზიტით ჩამოსულები.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ცვლილებები უვიზო რეჟიმის გაუქმება-აღდგენის გარდა, შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ფაქტორებთანაც. მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ირანის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2011 წლიდან დღემდე, რადგან ირანის მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მოგზაურობის მზაობასთან.
2016წლის იანვარში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ირანს 2005 წელს დაკისრებული სანქციები მოუხსნეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის გაყინვისთვის საჭირო ყველა პროგრამა შეასრულა, რაც სანქციების გაუქმების საფუძველი გახდა. შედეგად, ირანისთვის ხელმისაწვდომი გახდა დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი, რომელიც მანამდე გაყინული იყო. ცხადია, სანქციების მოხსნა დადებითად აისახა ირანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
გრაფიკი 2:ირანის მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული ცვლილება
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ამას გარდა, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ წლების განმავლობაში ირანის მოქალაქეებმა თანდათანობით მეტი გაიგეს საქართველოზე და საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობაზე. ამდენად, ირანიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაზე ეს მზარდი ინტერესიც აისახა.
დასკვნა 2017
წლის იანვარ-აპრილში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 227%-ით აღემატება 2016 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს. საქართველოს მიერ ირანისთვის უვიზო რეჟიმი 2.5 წლით იყო შეჩერებული (უფრო ზუსტად, 2 წელი და 8 თვე - 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წელის 15 თებერვლამდე). ვიზიტორების რაოდენობის შემცირება ემთხვევა უვიზო რეჟიმის გაუქმების პერიოდს, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიზიტორების რაოდენობის ცვლილება შეიძლება კავშირში იყოს სხვა ფაქტორებთანაც (ირანის ეკონომიკური მდგომარეობა და ინფორმაციის გავრცელება საქართველოს შესახებ).
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.