ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს ქვეყანაში 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 507 ერთეულით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან დღემდე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კლება მხოლოდ 2011 წელს დაფიქსირდა, დანარჩენ წლებში კი ეს მაჩვენებელი მზარდი იყო.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობას, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 10 000-ს მიუახლოვდა. ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, დაზარალებულთა რიცხვიც ყოველწლიურად მზარდია. 2016 წელს დაზარალებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 764 ერთეულით გაიზარდა.
თუ გადავხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას წლების მიხედვით, ვნახავთ, რომ ყოვეწლიურად საშუალოდ 575 ადამიანი იღუპება.
ცხრილი 1: ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, 2010-2016 წლები
წელი |
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა |
დაზარალებულთა რაოდენობა |
დაღუპულთა რაოდენობა |
მათ შორის სიმთვრალით გამოწვეული |
ავტოპარკის ზრდა % |
|
2010 | 5 099 | - | 7 560 | 685 | 264 | - |
2011 | 4 486 | -12% | 6 638 | 526 | 278 | 7.2% |
2012 | 5 359 | 19% | 7 734 | 605 | 256 | 7.9% |
2013 | 5 510 | 3% | 8 045 | 514 | 228 | 8.5% |
2014 | 5 992 | 9% | 8 536 | 511 | 262 | 9.6% |
2015 | 6 432 | 7% | 9 187 | 602 | 229 | 8% |
2016 | 6 939 | 8% | 9 951 | 581 | 260 | 8% |
ცხრილში მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში საშუალოდ 19 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რის შედეგადაც საშუალოდ 27 ადამიანი ზარალდება, ერთზე მეტი კი იღუპება. საერთაშორისო ინსტიტუტი - "ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD)" სხვადასხვა ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების ყოველწლიურ სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით, 2015 წლის მონაცემებით, საქართველო ჩამოთვლილ 40 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს.
ცხრილი 2: ერთ მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 2013-2015 წლები (OECD)
ქვეყნები | 2013 | 2014 | 2015 |
საქართველო | 136 | 137 | 163 |
რუსეთი | 188 | 187 | 160 |
სომხეთი | 105 | 98 | 114 |
ინდოეთი | 107 | 107 | 111 |
აშშ | 103 | 102 | 109 |
ბულგარეთი | 82 | 91 | 98 |
თურქეთი | 48 | 45 | 95 |
ლატვია | 88 | 106 | 94 |
ალბანეთი | 101 | 91 | 93 |
კორეა | 101 | 94 | 91 |
სერბეთი | 90 | 75 | 84 |
მოლდოვა | 82 | 91 | 84 |
ლიტვა | 86 | 91 | 82 |
ხორვატია | 86 | 72 | 82 |
პოლონეთი | 88 | 84 | 77 |
საბერძნეთი | 80 | 72 | 74 |
ჩეხეთი | 62 | 65 | 69 |
ზელანდია | 56 | 64 | 69 |
უნგრეთი | 59 | 63 | 65 |
ბელგია | 64 | 64 | 64 |
ლუქსემბურგი | 82 | 62 | 63 |
სლოვენია | 60 | 52 | 58 |
პორტუგალია | 60 | 61 | 57 |
სლოვაკეთი | 46 | 54 | 57 |
ავსტრია | 53 | 50 | 55 |
ავსტრალია | 51 | 49 | 50 |
ფინეთი | 47 | 41 | 48 |
ისლანდია | 46 | 12 | 48 |
გერმანია | 40 | 41 | 42 |
ისრაელი | 34 | 33 | 38 |
იაპონია | 40 | 38 | 38 |
ნიდერლანდები | 33 | 33 | 36 |
ესპანეთი | 36 | 36 | 36 |
ირლანდია | 40 | 41 | 35 |
შვეიცარია | 33 | 29 | 30 |
დიდი ბრიტანეთი | 27 | 28 | 27 |
შვედეთი | 27 | 27 | 26 |
მალტა | 42 | 23 | 25 |
ნორვეგია | 36 | 28 | 22 |
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველ ერთ მილიონ მცხოვრებზე 163 ადამინი დაიღუპა. მოცემულ სტატისტიკაში საქართველოს შემდეგ მოდის რუსეთი, სომხეთი და ინდოეთი. ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბულგარეთში ფიქსირდება, 98 ადამიანი ყოველ ერთ მილიონ მცხოვრებზე. საშუალო მაჩვენებელი კი 57 ადამიანია. როგორც ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში არსებული ვითარება მართლაც საგანგაშოა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში დაახლოებით სამჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ეს საშუალო ევროპული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. მიმდინარე წლის 22 აპრილს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები გულისხმობს მართვის მოწმობის აღებას რეალურ გარემოში, მართვის მოწმობის ქულათა სისტემას, უკონტაქტო პატრულირებას და ა.შ. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამ სფეროში ცვლილებები მართლაც აუცილებელი იყო. მაგრამ, მთავარია, რომ გამკაცრებულმა რეგულაციებმა რეალობაში ჰპოვოს ასახვა და მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.