12 მაისს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიასა და ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შემდგომ ლაშა თორდია ტვინის შერყევის დიაგნოზით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას ფარცხალაძე თავს დაესხა. ის ეჭვობს, რომ ამის მიზეზი აუდიტის სამსახურის მასალებია, რომელშიც ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს.
ფარცხალაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ადვოკატების საშუალებით გამოიყენებს ყველა სამართლებრივ გზას, რათა დარღვეული უფლებები აღიდგინოს და საჯარო ცილისწამებისთვის გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს.
კომპანია „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმეტი“, რომლის შესახებაც აუდიტის მასალებშია საუბარი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2006 წლის 17 ივლისსაა რეგისტრირებული. მაშინ კომპანიის მფლობელები შპს „გიბორ ბსრ იუროპ ბი-ვი (50%-იანი წილის მფლობელი) და სს „კონსთრაქშენ ენდ დეველოპმენთ გრუპ“ (50%-იანი წილის მფლობელი) იყვნენ.
2016 წლის თებერვლიდან „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელი (100%-იანი წილი) შპს „როიალ დეველოპმენტი“ გახდა (რომლის 40%-იან წილს ოთარ ფარცხალაძე ფლობდა), ხოლო 2016 წლის 29 ივლისიდან „ბი ეს არ-სი დი ჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი უკვე ოთარ ფარცხალაძეა.
შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“ თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2012 წელს, ახალი გზის მშენებლობისას, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი გზამ დაფარა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ მერიისგან ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება მოითხოვა. კომპანია წლების განმავლობაში ითხოვდა კომპენსაციას, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მფლობელი შეიცვალა.
აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მთავრობის 2016 წლის 30 მარტის და თბილისის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ კომპანიას დელისის ქუჩის მიმდებარედ ორი მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 6 708 კვ.მ) გადასცა.
გასაცვლელი მიწის ნაკვეთები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა. კომპანიის მფლობელობაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ, 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით, 2 615 100 ლარი შეადგინა. მერიის მიერ კომპენსაციის სახით გაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ კი - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა (365 500 ლარი) შპს „ბი სი არ-ეს დი ჯი დეველოპმენტმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გადაუხადა.
აუდიტის სამსახური შუალედურ კვლევაში რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
კომპანიას ახალი გზის გაყვანის გამო ზარალი 2012 წელს მიადგა. მერიის მიერ ზარალის შეფასება და ანაზღაურება 2016 წლის მდგომარეობით განხორციელდა. კომპანია ზარალის კომპენსაციას ფულადი ანაზღაურების სახით 2012 წლიდან ითხოვდა, მაგრამ მასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 2012 წელს კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე 2 მიწის ნაკვეთი (1 კვ.მ - 223 ლარად) გაასხვისა. შესაბამისად, თუ კომპანიის ზარალის დაანგარიშება იმავე წელს, იგივე ღირებულებით მოხდებოდა, ზარალის რაოდენობა 513 346 ლარი იქნებოდა. კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება ოთხი წლის დაგვიანებით განხორციელდა და მერიამ შპს-ს გაცილებით მეტი ღირებულების ქონება გადასცა (2 615 100 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი), ვიდრე იყო ის ზარალი, რომელიც კომპანიას 2012 წელს მიადგა (2012 წლის ღირებულებით ).
2016 წლის 29 თებერვალს შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელმა კომპანიის 100%-იანი წილი შპს „როიალ დეველოპმენტს“ (რომლის 40%-ს ოთარ ფარცხალაძე ფლობდა) 232 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. მიყიდვის მომენტისთვის კომპანია ახლი გზის გაყვანის გამო მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას კვლავ ითხოვდა. დოკუმენტურად ვერ დგინდება, კომპანია ინფორმირებული იყო თუ არა, რომ მერია მისთვის ზარალის ანაზღაურებას მიწის ნაკვეთების გადაცემის გზით განიხილავდა.
2016 წლის 29 ივნისს შპს „ბი ეს არ-ის დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი შპს „როიალ დეველოპმენტმა“ 235 000 აშშ დოლარად ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. კომპანიას ამ დროისთვის უკვე საკუთრებაში ჰქონდა ზარალის ანაზღაურების შედეგად მიღებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, 2 980 000 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, თუ ამ მონაცემს დავეყრდნობით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელები თანახმა იყვნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია, მათ შორის მზიურის ტერიტორიაზე მდებარე 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 232 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი) გაესხვისებინათ.
შესაბამისად, შესწავლის საგანია, რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიასთან ზარალის ანაზღაურებაზე და რატომ გახდა აუცილებელი ზარალი ანაზღაურებულიყო გაცილებით მეტი ღირებულებით.
ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის კომპენსაციის სახით გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კანონმდებლობის და წესების სრული დაცვით არის მიღებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურამ აუდიტის სამსახურისგან მიმდინარე შემოწმების მასალების გადაგზავნა მოითხოვა. „საქართველოს აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო სამსახური აჭიანურებს. საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
*** ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროში, საგამოძიებო სამსახურში, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი იყო. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძემ სულ 47 დღე იმუშავა და ამ მცირე პერიოდის განმავლობაში რამდენიმე სკანდალში გახვევაც მოასწრო. ერთ-ერთი სკანდალი მის დიპლომს ეხებოდა, რომლის მიღება პროკურორმა 19 წლის ასაკში შეძლო. მთავარი სკანდალი, რომლის შედეგადაც ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, წარსულში მის ნასამართლეობას უკავშირდებოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურორი 2000-იანი წლების დასაწყისში, გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული. ნასამართლეობის ფაქტი არც ფარცხალაძემ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ იგი არა ქურდობის არამედ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო იყო გასამართლებული. ოთარ ფარცხალაძეს, როგორც საჯარო მოხელეს, ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ აქვს შევსებული. 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 76.28 კვ.მ ფართობის ბინას ფლობდა. ფარცხალაძის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 6 180 ლარი იყო. 2014 წელს შევსებული დეკლარაციით, ფარცხალაძის სახელზე რეგისტრირებულია 150 კვ.მ ფართობის ბინა ჯანაშიას ქუჩაზე, რომელიც მან 140 000 აშშ დოლარად შეიძინა. ხოლო, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი უკვე მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. ფარცხალაძის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი კი 10 402 ლარს შეადგენს. 2015 წლიდან ოთარ ფარცხალაძემ საქმიანობა ბიზნესის სფეროში გააგრძელა. 2016 წლის 3 მაისს ოთარ ფარცხალაძე შპს „როილად დეველოპმენტის“ შვილობილი კომპანიის შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ დირექტორი გახდა, იმავე წლის 29 ივნისს მან 235 000 აშშ დოლარად შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი. 2017 წლის იანვარში „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ ყოფილი პროკურორის და მისი მეუღლის მიერ 2015-2016 წლებში შეძენილი ქონების შესახებ ინფორმაცია მოიძია. ამ ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფარცხალაძეებმა თბილისში სამი ბინა და ოთხი კომერციული ფართი შეიძინეს, ასევე ბინა ქალაქ ბათუმში, 2 ბინა დაბა ბაკურიანში და ოთხი მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში.
თეგები: