„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა აქამდე არაწევრ სახელმწიფოში სულ ოთხჯერ ჩატარდა და ოთხივე ეს ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრია“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მიმდინარე წლის 26-29 მაისს საქართველო NATO-ს საპარლამენტო ასამბელეის საგაზაფხულო სესიას პირველად უმასპინძლებს, რომელსაც დაესწრებაNATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი. ქართული მხრიდან კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას ქართული მხარე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ NATO-ს ურყევ მხარდაჭერად მიიჩნევს.
NATO-ს საპარლამენტო ასამბელეის სესიები სხვადასხვა ქვეყნებში წელიწადში ორჯერ იმართება, გაზაფხულზე (საგაზაფხულო სესია) და შემოდგომაზე (წლიური სესია). საპარლამენტო სესიებში მონაწილეობას იღებს NATO-ს 28 წევრი ქვეყნის 257 დელეგატი, ასევე 13 ასოცირებული ქვეყნის, 4 ხმელთაშუა ზღვის ასოცირებული ქვეყნისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენელები.
საქართველო მეხუთე არაწევრი ქვეყანაა, სადაც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება. მანამდე იყო ბულგარეთში საგაზაფხულო სესია 2002წელს (ბულგარეთი NATO-ში გაწევრიანდა 2004 წელს); ლიტვაში საგაზაფხულო სესია 2001 წელს (NATO-ში გაწევრიანდა 2004 წელს); რუმინეთში ყოველწლიური სესია 1997 წელს (NATO-ში გაწევრიანდა 2004 წელს); უნგრეთში საგაზაფხულო სესია 1995 წელს (NATO-ში გაწევრიანდა 1999 წელს).
დასკვნა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ერთგვარი პოლიტიკური გზავნილის მატარებელია, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო ხუთი არაწევრი ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება. მანამდე იყო ბულგარეთი (2002), ლიტვა (2001), რუმინეთი (1997) და უნგრეთი (1995). რამდენიმე წლის შემდეგ აღნიშნული ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ.
ამდენად, ირაკლი სესიაშვილის განცხადება არის სიმართლე.