ახალი ამბების სააგენტომ - MediaCity.ge, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „30 კონგრესმენის წერილი დონალდ ტრამპს საქართველოს „ავედრებს”. სტატიაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დადებითი შეფასება კონგრესმენების წერილის მიმართ, ასევე პრემიერის სიტყვით გამოსვლის ნაწილი

მთავრობის სხდომაზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ სააგენტოს დასკვნას და  შეფასებას, სტატიის ბოლოს ვკითხულობთ: „ყველაფერი კარგი და მშვენიერი, აშშ-ის საპარტნიორო მხარდაჭერა კი - პირველ რიგში, მაგრამ აზრი?!“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს, საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის

თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი - ტექსასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი - ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კონგრესმენების აშკარა თანადგომას. წერილში აღწერილია ყველა ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი, რომელიც საქართველომ 25 წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიარა. წერილში, ასევე, მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ხაზგასმითაა აღნიშნული რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია: „რუსეთის ჯარი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. რუსეთის ჯარი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას. ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევე, იტაცებს ადამიანებს“.

მნიშვნელოვანია წერილის ის ნაწილი, რომელშიც კონგრესმენები პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავებას და თავისუფალი ვაჭრობის გაფართოებას ლობირებენ: „საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონით დაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენს. შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა თუ ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“.

როგორც მხარდამჭერი მიმართვიდან მოყვანილი ფრაგმენტები აჩვენებს, კონგრესმენებმა ადვოკატირება გაუწიეს საქართველოსთვის ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს - ტერიტორიულ მთლიანობას და სავაჭრო კავშირ-ურთიერთობების გაძლიერებას.

აშშ-თან პარტნიორობის 25 წლის განმავლობაში საქართველომ ამ ქვეყნისგან მხარდაჭერა არაერთხელ მიიღო. ასევე, წელს საკანონმდებლო დონეზე ავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აშშ-ის ფედერალური ასიგნებების აქტში

აისახა რუსული „რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს, იგი წლების განმავლობაში პროგრესირებად ხასიათს ატარებს:

ცხრილი 1: ქართული საქონლის ექსპორტი

აშშ-ში, 2000-2014 წლები (მლნ აშშ დოლარი)

წელი ექსპორტი  
2000 7.1
2001 8.8
2002 13.5
2003 15.4
2004 21.2
2005 26.7
2006 58.5
2007 149
2008 102.2
2009 36.9
2010 187.2
2011 143.5
2012 226.2
2013  136.4
2014 207.4 

ორივე საკითხი (ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება ყველა მიმართულებით) საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. რუსული ოკუპაციის და ქართველების ეთნოწმენდის დასამტკიცებლად საქართველო იბრძვის ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოში, აშშ-ის მხრიდან ოკუპაციის საკანონმდებლო დონეზე აღიარება კი კიდევ ერთი დიდი ინსტრუმენტია ჩვენთვის ამ პროცესების მოგებისთვის. რაც შეეხება ვაჭრობას, მისგან მოტანილი შემოსავლები და სარგებელი რიცხვებშია ასახული. გარდა ამისა, აშშ საქართველოს ხშირად ფინანსურადაც ეხმარება (აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე უფრო ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაში).

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, MediaCity.ge-ს დასკვნა - "ყველაფერი კარგი და მშვენიერი, აშშ-ს საპარტნიორი მხარდაჭერა კი - პირველ რიგში, მაგრამ აზრი?!", - ემსახურება მკითხველის დაბნევას და საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობის გავრცელებას, რაც საქართველოს პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს.

რაც შეეხება სათაურს და გამოყენებულ სარკასტულ სიტყვას - "ავედრებს", საერთაშორისო პოლიტიკაში ამას ლობირება ჰქვია. იგი აქტიური და დამკვიდრებული ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფოებმა საკუთარი ეროვნული ინტერესები გაატარონ. აგრეთვე, დამკვიდრებული პრაქტიკაა კონგრესმენების მხრიდან ახალ ადმინისტრაციასთან სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტის არჩევიდან პირველივე წელს აყალიბებს პრიორიტეტებს და მიმართულებებს. სრულიად ლოგიკური იყო, რომ საქართველოს მხარდამჭერ ძალებს ქვეყანაში გატარებული რეფორმების პოპულარიზაცია გაეწიათ და ადმინისტრაციისთვის პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება ეთხოვათ.